
ანაკლიის პორტის „ლენდლორდის" მოდელით მშენებლობა პოლიტიკური დაპირისპირების ახალ კერად იქცა. სანამ ხელისუფლება 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაზე დაფუძნებულ პროექტს ეროვნულ ინტერესებს უკავშირებს, ოპოზიცია ტრადიციულად, „ოცნების" ნებისმიერ ნაბიჯს აკრიტიკებს. მას რუსული დღის წესრიგის ნაწილად მიიჩნევს და პროექტის განხორციელებას გამორიცხავს. ანალიტიკოსები პროექტის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის მუდმივი კრიტიკა, მათ ნდობაზე აისახება.
რას გულისხმობს „ლენდლორდის" მოდელი?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ეს არის ყველაზე ეროვნული მოდელი, რომელიც უზრუნველყოფს ანაკლიის პორტის უპირობო წარმატებას. მისი 100%-იანი მფლობელი სახელმწიფო იქნება.
„ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, განსაკუთრებით შუა დერეფნის კონტექსტში. მინდა, გამოვყო, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, ყაზახეთი, ჩინეთი, ეს არიან ქვეყნები, რომლებიც წლების განმავლობაში ხელშესახებად ზრდიან ტვირთებს და უზრუნველყოფენ ტვირთნაკადების მობილობას შუა დერეფანში და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ მათი ინტერესები იყოს წარმოდგენილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში, რადგან ამ ქვეყნებიდან გენერირდება ტვირთები, რომლებიც შემოედინება ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით.
რა თქმა უნდა, ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ განვაგრძოთ კოორდინირებული მუშაობა. იცით, რომ საქართველოს მთავრობა 2032 წლამდე უზრუნველყოფს ჩვენი სატრანსპორტო სექტორის ძალიან სიღრმისეულ განვითარებას. 7 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოხდება დამატებით სატრანსპორტო სექტორში, რის ფარგლებშიც მოხდება, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა, ისევე როგორც დასრულდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა და ამავდროულად მოხდება ისტორიული პროექტის - საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია"- განაცხადა მინისტრმა.
ოპოზიციის რეაქცია
როგორც ყოველთვის, ოპოზიციამ „ოცნების" ეს ნაბიჯიც უარყოფითად შეაფასა. „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ „ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტის აშენება შეუძლებელია".
„არანაირი მოწოდება ივანიშვილის მიმართ არ გვაქვს - ეს არის შეხსენება, რომ რასაც ჩვენ ვამბობდით იყო დროული და სწორი გაფრთხილება საზოგადოებისთვის. დადგა დრო, რომ გვესმოდეს ანაკლიის პორტის აშენება შეუძლებელია ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში.
ჩვენ გვაქვს ერთადერთი შანსი, შევცვალოთ ხელისუფლება, გადავიყვანოთ ეს ქვეყანა ეროვნულ-პატრიოტული განვითარების გზებზე და ავაშენოთ ყველა ის მნიშვნელოვანი ეროვნულ-სტრატეგიული მეგა პროექტი, რომელიც საქართველოს მოუტანს ეკონომიკის ზრდას და უსაფრთხოების განვითარებას", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ „ოცნება" რუსეთის დღის წესრიგით მოქმედებს.
- თაზო დათუნაშვილი: „მარტივი ამბავია, სანამ საქართველოს მართავს „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი, ანაკლიის პორტი არ აშენდება. მე მგონი, გუშინდელმა ბრიფინგმა, ყველაზე უკანასკნელი, გამოუსწორებელი ოპტიმისტიც კი, დაარწმუნა იმაში, რომ არ იქნება ანაკლიის პორტი".
„რეალობა არის მარტივი, ეს არ არის „ქართული ოცნების" დღის წესრიგი, რუსეთის დღის წესრიგია, რომელიც საქართველოს თავზე მოახვია. სამწუხაროდ, ჩვენი თაობა ისევ ცხოვრობს ოკუპანტის დღის წესრიგით, რომელმაც ტერიტორიები წაგვართვა, რომელმაც 1801 წლიდან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველო არ ყოფილიყო მსოფლიო რუკის ნაწილი, დღესაც იმავეს აკეთებს.
თუ შენ გაკმაყოფილებს გეოგრაფიული ფაქტორი, მაშინ ავტომატურად, შენს სამშობლოს მეორე ხარისხოვან ფუნქციას ანიჭებ",- განაცხადა ფოფხაძემ.
ოპტიმიზმი არც „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს, თაზო დათუნაშვილს აქვს:
„მარტივი ამბავია, სანამ საქართველოს მართავს „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი, ანაკლიის პორტი არ აშენდება. მე მგონი, გუშინდელმა ბრიფინგმა, ყველაზე უკანასკნელი, გამოუსწორებელი ოპტიმისტიც კი, რომელსაც ათწლიანი ტყუილის ეპოპეა ყელში არ ამოუვიდა, დაარწმუნა იმაში, რომ არ იქნება ანაკლიის პორტი იმიტომ, რომ მისი მშენებლობა პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსების ინტერესებს ამ რეგიონში, ჩვენი მტრის ინტერესებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ემსახურება რუსეთის ინტერესებს", - აღნიშნა მან.
ექსპერტი გია ხუხაშვილი კი ამბობს, რომ ანაკლიის პორტის სხვა დიდ მოთამაშეებისთვის გადაცემას, ეს ვარიანტი უკეთესია.
„პროექტი იმის მიხედვით განვითარდება, თუ რას მიიღებს ამის სანაცვლოდ ხელისუფლება. გულწრფელად ვიტყვი, ჩვენთან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მთავრობა რომ იყოს, რომელსაც ვენდობით, ვურჩევდი ისე მოქცეულიყვნენ, როგორც ესენი. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ჩემი რჩევის მიცემის მოტივი და მათი, სხვადასსხვაა.
დასავლელი ინვენსტორები არ შემოვლენ, რადგან ყველამ კარგად იცის, თუ როგორ მოექცნენ ამერიკელებს. ამ პორტის სხვა ნებისმიერი მოთამაშისთვის მიცემა, თუნდაც თურქეთ-აზერბაიჯანისთვის, ჩინეთსა, რუსეთისთვის, სასურველი არ იქნებოდა. ამიტომ მოდელი, როცა სახელმწიფო კონტროლს ინარჩუნებს სხვადასხვა დივერსიფიცირებული რისკებით, ამ მოცემულობაში სწორი მოდელია. სხვა საკითხია, განახორციელებს თუ არა", - აღნიშნა ხუხაშვილმა.
ხელისუფლების პასუხი
„ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის „ლანდ ლორდის" მოდელით განხორციელება ყველა პარტნიორს იმის საშუალებას მისცემს, რომ პროექტში საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შევიდნენ.
მისივე თქმით, მოდელი, რომლითაც ანაკლიის პორტი განვითარდება, ბევრი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.
"მაშინ, როდესაც ჩვენ და არა მხოლოდ ჩვენ - მთელი მსოფლიო - „შუა დერეფნის" როლზე ვსაუბრობთ, მსგავსი ინფრასტრუქტურა უმნიშვნელოვანესია. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია გამტარობის და ისტორიული გეგმის კუთხით. აქ ჩვენ გეოგრაფიულად მთავარ როლს ვასრულებთ, რაც ჩვენი ქვეყნისთვის დიდი პრივილეგიაა", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
„ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განაცხადებით, „მხოლოდ „ლელოს" ტოპტვინებმა შეიძლება მოიფიქრონ, რომ თურმე საქართველოში ინტელექტუალური პრობლემაა და ქვეყანას არ შეუძლია, სტრატეგიული ობიექტი თავად მართოს, ან 100 პროცენტით მესაკუთრე იყოს და ამით საკუთარი სუვერენიტეტის ხარისხი გაზარდოს".
- ვახტანგ ძაბირაძე „იცით რაშია საქმე? ოპოზიციისადმი ნდობა ისედაც არ არის ძალიან მაღალი. ასე რომ, ამ შემთხვევაში, პორტთან მიმართებაში რა პოზიციას დაიჭერენ, არ არის გადამწყვეტი.
„თუ იდეა ისაა, რომ სამხრეთ კავკასიაში ძლიერი სუვერენიტეტი იყოს და უცხოელებმა სამხრეთ კავკასია გაითვალისწინონ, შე დალოცვილო, ჯერ საკუთარ ქვეყანაზე იზრუნე. სადმე რომელიმე ქვეყანამ სტრატეგიული ობიექტის წილში შეგვიყვანა? „ლელო" საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს და შეიძლება, ამას ვერც ხვდებიან. ეს არის მოცემულობა, როცა საკუთარი ქვეყნის ინტერესები მეორეხარისხოვანია და პირველი სხვა ქვეყნის ინტერესებია", - განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამასთან, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ „თუ ანაკლიაში ჩინურ მხარეს შემოვიყვანდით, გამორიცხული იყო, რომ იქ ევროპული ბანკები შემოსულიყვნენ, ეს ორი სისტემა ვერ ითანამშრომლებდა, ახალი მოდელით კი ჩინეთი აღარ იქნება - სახელმწიფო სწორ კალაპოტში შემოტრიალდა".
პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, თუ ყველა რისკი გათვლილია, ამგვარი პროექტი მხოლოდ მისასალმებელია.
„რეალურად, რა თქმა უნდა, ეს ცუდი არ არის, მაგრამ არის თუ არა ყველა რისკი გათვლილი, ესაა მნიშვნელოვანი. ის, თუ რამდენად იმუშავებს და როგორ იმუშავებს პორტი. ხომ არ იქნება, არის დღეს ტვირთების ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ პორტის გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას? თუ ეს ასე გათვლილი აქვთ და იციან, მაშინ მე მხოლოდ მივესალმებოდი ასეთ ინიციატივას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პორტი, როგორიც ანაკლიის პორტია იყოს სახელმწიფოს საკუთრება და არა რომელიმე კერძო პირის ან ინვესტორის.
თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ მნიშვნელოვანი ის კი არაა, სახელმწიფო დებს თუ ვინმე სხვა ფულს. მნიშვნელოვანია ის, რომ, გვექნება ტვირთი, რომელიც პორტის გამართულ და მომგებიან მუშაობას შეუწყობს ხელს? და არ იქნება დოტაციაზე, როგორც ბევრი სხვა სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ მყოფი, არსებული საწარმო?", - თქვა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსის რამაზ საყვარელიძის აზრით, ყველაფერზე ხელისუფლება პასუხისმგებელი, რაც ბევრად უკეთესია.
„მე მახსოვს ხაზარაძის დროსაც იყო ეგ თემა, როცა საქართველოს მოსთხოვეს, რომ ხელისუფლება ყოფილიყო გარანტი პორტის მშენებლობის დაფინანსების - ინვესტიციის ჩადებისას. ეს იმიტომ, რომ ინვესტორს სჭირდება ხოლმე ძლიერი გარანტი. ახლა აქ პრობლემა იმაშია, რომ შეიძლება არაპატიოსანი ინვესტიციის დროს სპეციალურად გაფუჭდეს ინვესტირება, რომ სახელმწიფოს მერე მოსთხოვონ დაფინანსება. ამაზეც არის ლაპარაკი, რომ შეიძლებოდა სახელმწიფოდან აღებული ყოფილიყო ფული და ის წასულიყო ვიღაცის ჯიბეებში. ამიტომ სახელმწიფომ აიღო და თვითონ ჩადგა წილში. ნუ, პრინციპში, თუ სირთულე შეიქმნა, თვითონ იქნება ამ სირთულის გადაწყვეტაზე პასუხისმგებელი და ასე შემდეგ", - აღნიშნა საყვარელიძემ.
რამდენად ლოგიკურია ოპოზიციის მუდმივი კრიტიკა
ძაბირაძის თქმით, არ შეიძლება ხელისუფლებას ოპოზიცია იმ შემთხვევაშიც აკრიტიკებდეს, როცა გასაკრიტიკებელი არაა.
„იცით რაშია საქმე? ოპოზიციისადმი ნდობა ისედაც არ არის ძალიან მაღალი. ასე რომ, ამ შემთხვევაში, პორტთან მიმართებაში რა პოზიციას დაიჭერენ, არ არის გადამწყვეტი. თუმცა აქ კიდევ ერთი მომენტია, რაზეც ოპოზიცია ლაპარაკობს - რა ვიცით ამ პორტის მშენებლობაზე? ხომ არ არის მოგონებული იმიტომ, რომ მშენებლობა გაჭიანურდეს და როგორც აქამდე რამდენჯერმე გადაიდო, ისევ გადაიდოს. ანუ ხელისუფლებამ დაიწყოს ეს საქმე და გაწელოს დროში ისე, რომ როცა აშენდება, უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდეს, ანუ ის ფუნქციები აღარ ჰქონდეს, რაც დღეს აქვს.
ოპოზიციამ უნდა გააკრიტიკოს ხელისუფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ პრობლემებთან მიმართებაში, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს. თუ ოპოზიცია ნებისმიერ გადაწყვეტილებას, თუნდაც სახელმწიფოსათვის მნიშვნელოვანს აკრიტიკებს, ნუ მაშინ ჩასაფრებული კაცის პოზიციიდან არის და ეს სიკეთეს, რა თქმა უნდა, ოპოზიციას საბოლოო ჯამში არ მოუტანს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".
რამაზ საყვარელიძის შეფასებით, ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლოა და ის უფრო მუშაობს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, ვიდრე ხელისუფლება.
- რამაზ საყვარელიძე: „რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომ აი, ეს რუსეთისთვის დათმობაა, ვერ ვხედავ ამ განლაგებაში რუსეთი რა სახით შედის".
„რაც შეეხება იმ ბრალდებებს, რომ აი, ეს რუსეთისთვის დათმობაა, ვერ ვხედავ ამ განლაგებაში რუსეთი რა სახით შედის. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ თუ ვინმეს არ აწყობს ანაკლიის პორტის წელში გამართვა, ეს რუსეთია. იმ პერიოდშიც, როცა ინვესტირება სირთულეებს აწყდებოდა, შეიძლება რუსეთის ხელი ერია, იმდენად არ აწყობს. ჩახედეთ რუკას - ევროპასთან აზიის ურთიერთობის მოკლე გზა არის რუსეთი. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ევროპასთან აზიის ურთიერთობის ხიდი ვიქნებით, ანუ იმავე ფუნქციას შევასრულებთ, რაც რუსეთის გეოგრაფიიდან გამომდინარეობს. რა თქმა უნდა, შენ კონკურენტი გამოდიხარ რუსეთისათვის. თან იმ პირობებში, როდესაც რუსეთთან ურთიერთობაში ბევრ ქვეყნებსა და ღონისძიებებს სანქციები აქვთ დადებული.
ასე რომ, პრაქტიკულად რუსეთი საქართველოს ამ გზას მაშინაც ებრძოდა, როცა ბაქო-ჯეიჰანი გაკეთდა და აფეთქება მოუწყვეს - შევარდნაძეს ესროლეს და ახლაც ებრძვის, ოღონდ უკვე ანაკლიის პორტი არის წინა პლანზე წამოსული, როგორც ხიდის. აქედან გამომდინარე, რუსეთის ფიგურის გარშემო ტრიალი სავარაუდოა, რომ უფრო ოპოზიციას აწყობს.
ამ შემთხვევაში უფრო ოპოზიცია მუშაობს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ (თავისდაუნებლიედ თუ გამიზნულად, ამას ჩემთვის არა აქვს მნიშვნელობა), ვიდრე ხელისუფლება. ტყუილის თქმას აქვს თავისი ტექნოლოგია. იმისთვის, რომ ერთი ტყუილი დაგიჯერონ, ცხრა სიმართლე უნდა თქვა", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".