
ნატო-ს ანკარის ორდღიანი სამიტი წევრი ქვეყნების ლიდერების მიერ ერთობლივი დეკლარაციის მიღებით დასრულდა. დასკვნით დღეს ალიანსმა კოლექტიური თავდაცვისადმი ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების პირობა დადო და თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით ახალი ვალდებულებები აიღო.
დოკუმენტი ხაზს უსვამს წევრი სახელმწიფოების ერთიანობას, თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობასა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე საერთო პოზიციას.
დეკლარაციის მიხედვით:
1.ნატო-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა კოლექტიური თავდაცვის შესახებ ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-5 მუხლისადმი ურყევი ერთგულება და აღნიშნა, რომ ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად მიიჩნევა.
2. მოკავშირეები ახალი სამხედრო მარაგების შესაძენად 50 მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფას და თავდაცვითი წარმოების გაფართოებას გეგმავენ.
3. ალიანსი გააგრძელებს მუშაობას წევრ ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული სავაჭრო ბარიერების შემცირებისა და ევროპული თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით.
5. რუსეთი ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საფრთხედ რჩება, ხოლო ტერორიზმი კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება.
ნატო-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და თეირანს ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლების პატივისცემისკენ მოუწოდა. ამასთან, წევრმა ქვეყნებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ უკრაინა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.დეკლარაციის თანახმად, 2026 წლისთვის მოკავშირეები უკრაინას 70 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობით, დახმარებითა და წვრთნით უზრუნველყოფენ, ხოლო 2027 წელს მხარდაჭერის არანაკლებ იმავე დონის შენარჩუნებას გეგმავენ.
ლიდერებმა საბოლოოდ შეთანხმეს თავდაცვის ხარჯების გეგმა. სამიტზე გამოცხადდა ახალი პროექტის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ევროპის დასაცავად შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების წარმოებას მომდევნო 10 წლისთვის. პროექტის ღირებულება არის 50 მილიარდი დოლარი, რომელსაც 12 ქვეყანა, მათ შორის დიდი ბრიტანეთი გაიღებს. ალიანსი ინვესტიციების ჩადებას აპირებს დრონების საწინააღმდეგო სისტემების განვითარებაშიც, რომლის შესახებაც თავდაცვის ინდუსტრიის ფორუმზე გამოცხადდა. გაფორმდა კონტრაქტები, რომლებიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და დრონების შეძენას და საბრძოლო შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
ანკარის სამიტის ფარგლებში საერთო სხდომებთან ერთად, ლიდერებმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართეს. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრამ, სადაც მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, სანქციების შესაძლო მოხსნა და ეფ-35-ის პროგრამა განიხილეს. სამიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეხვდნენ მოკავშირეებს, სადაც უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებასა და ალიანსის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე გაკეთდა აქცენტი.
სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მთავარი თემა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება იყო, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება და "პატრიოტ"-ის სისტემები. მედიის ინფორმაციით, ტრამპმა უკრაინაში "პატრიოტების" ან მათი კომპონენტების ლიცენზირებული წარმოების შესაძლებლობაზეც ისაუბრა, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოცხადებულა.
რა წერია დეკლარაციაში
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "ერთზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ჩვენი ერთიანობა, სოლიდარობა და კოლექტიური სიძლიერე ჩვენი ალიანსის ერთი მილიარდი მოქალაქისთვის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის საფუძვლად რჩება".
დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ მოკავშირეები ახალი სამხედრო მარაგების შესაძენად 50 მილიარდ დოლარზე მეტს გამოყოფენ და კოლექტიური წარმოების გაფართოების ვალდებულებას იღებენ.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მოკავშირეებს შორის თავდაცვის სფეროში სავაჭრო ბარიერების აღმოსაფხვრელად. ჩვენ მომავალს ვაშენებთ: უფრო ძლიერ ევროპას უფრო ძლიერ ნატო-ში - მოდერნიზებულ ალიანსს. ევროპელი მოკავშირეები და კანადა, აშშ-სთან მჭიდრო თანამშრომლობით, ალიანსის თავდაცვაზე მეტ პასუხისმგებლობას იღებენ", - წერია დეკლარაციაში.
მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ირანს ბირთვული იარაღი არასდროს უნდა ჰქონდეს.
„მოკავშირეები ირანს მოუწოდებენ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის თავისუფლებას პატივი სრულად სცეს", - აღნიშნულია დეკლარაციაში.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ უკრაინა ხელს უწყობს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას და მოკავშირეები ერთიანად უჭერენ მხარს უკრაინას.დეკლარაციის თანახმად, ევროპელი მოკავშირეები და კანადა ამჟამად უკრაინისთვის უსაფრთხოების დახმარების დიდ ნაწილს ორმხრივი და მრავალმხრივი საშუალებებით აფინანსებენ.
„მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ ეს მხარდაჭერა გრძელვადიან პერსპექტივაში სამართლიანი, პროგნოზირებადი და მდგრადი უნდა იყოს. 2026 წლისთვის მოკავშირეები უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო აღჭურვილობის, დახმარებისა და წვრთნის უზრუნველყოფის პირობას დებენ და ადასტურებენ თავიანთ სუვერენულ ვალდებულებებს, რომ 2027 წელსაც შეინარჩუნებენ სულ მცირე იმავე დონის მხარდაჭერას. ამ მიზნით, მივესალმებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას „უკრაინის მხარდაჭერის სესხის" მეშვეობით, უკრაინისთვის მრავალწლიანი დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია დეკლარაციაში.
სამიტის მასპინძელი
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერების ოფიციალური შეხვედრა გახსნა. ერდოღანმა მოკავშირეებს მოუწოდა, რომ თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის მიზნით შეზღუდვები მოხსნან
„ნატო-ს მოკავშირეები თავდაცვის ხარჯების გასაზრდელად აუცილებელ ნაბიჯებს დგამენ. მოკავშირეებმა 2030 წლისთვის თავდაცვის ხარჯების 5%-იანი მიზნის მისაღწევად საჭირო ზომები მიიღეს.
„მოკავშირეებმა თავი უნდა შეიკავონ ისეთი გადაწყვეტილებებისა და ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება ალიანსის მთლიანობა და ტრანსატლანტიკური ურთიერთობები დაასუსტონ", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.