თამთა ჩაჩანიძე
08.07.2026

პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ენმ-ს ფუნდამენტურ რეფორმას სთავაზობს. მისი ინიციატივით, პარტიისგან დამოუკიდებლად იქმნება რეფორმატორთა საბჭო, რომელიც ახალ სტრუქტურასა და მართვის მოდელს ჩამოაყალიბებს, ხოლო განახლების მთავარი აქცენტები ახალი სახეების, ახალგაზრდების ჩართულობისა და დეცენტრალიზებული სისტემის შექმნა იქნება.

ახლა მთავარი კითხვაა - რამდენად გაიზიარებს ამ ფორმულას ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი და აქტივისტების საპროტესტო მოძრაობა. ასევე, საინტერესო იქნება, შეძლებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთავაზებული ინიციატივა ოპოზიციური სპექტრის კონსოლიდაციას და იქცევა თუ არა ის გამარჯვების ფორმულად ხელისუფლების ოპონენტებისთვის? ანალიტიკოსთა ნაწილს არ სჯერა, რომ ეს ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა იქნება და იგი "ოცნების" წისქვილზე უფრო დაასხამს წყალს.

პარტიის ყრილობა ივლისის ბოლოს უნდა გაიმართოს, რომელიც აირჩევს დროებითი მართვის ორგანოს, სააკაშვილის ინიციატივაა, რომ შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც, მისი თქმით, პრაქტიკულად "ააშენებს ახალ პარტიას და „ნაციონალურ მოძრაობას" ახალ ორგანიზაციულ და პოლიტიკურ ფორმატში გადაიყვანს".

მესამე პრეზიდენტის შეთავაზების თანახმად, ამ საბჭოს თავად უხელმძღვანელებს, აღმასრულებელ მდივნად ასახელებს ჟურნალის ნანუკა ჟორჟოლიანს, "გარდამავალ პერიოდში, კი სოლიდარობის ნიშნად", პარტიის ერთადერთი ფორმალური ლიდერის სტატუსი უნდა შეუნარჩუნდეს ლევან ხაბეიშვილს, ვიდრე ის პატიმრობაში იმყოფება.

ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ რეფორმების საბჭო შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. 

 "რეფორმების საბჭო შეიქმნა პარტიისგან დამოუკიდებლად რამდენიმე მიზეზის გამო, ერთი იმიტომ, რომ გვინდა იყოს საქმიანი კოალიცია. ენმ არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ოპოზიციურ პარტიებში და მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრძოლაში მყოფ ნებისმიერ ადამიანს უთხრას - ესაა ჩემი ბრძოლის იარაღი, მე თქვენ ამას გაძლევთ, ჩემთან ერთად იმუშაოთ ამის გაძლიერებაზე, რეფორმები თქვენი შეხედულებების მიხედვით განვახორციელოთ.

ისეთი შევქმნათ როგორსაც თქვენ ხედავთ უფრო მომხიბვლელად და მიმზიდველად და შემდეგ უკვე ეს პარტია ბრძოლაში გამოიყენოთ, როგორც ერთ-ერთი ძლიერი იარაღი",- განაცხადა ჟორჟოლიანმა.  

მანამდე ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ "ამ ხალხის პოლიტიკური ლიდერი უნდა იყოს მიშა, პრემიერობის კანდიდატი უნდა იყოს მიშა, ამ რეფორმების ხელმძღვანელი უნდა იყოს მიშა".

რას ამბობს სააკაშვილი

სააკაშვილის თქმით, პარტია 8 ივლისის შემდეგ, მას შემდეგ, რაც თინა ბოკუჩავას და მმართველ ჯგუფს ამოეწურა ვადა, გარდამავალ პერიოდს აცხადებს და დაკავდება "ფუნდამეტური გარდაქმნით".

"ვთავაზობ, შეიქმნას რეფორმატორთა საბჭო, რომელიც, პრაქტიკულად, ააშენებს ახალ პარტიას და დაკავდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფუნდამენტური გარდაქმნითა და ახალ საბრძოლო ფორმაში მოყვანით. ეს იქნება საზოგადოებრივი პლატფორმა და, პარტიის წევრების გარდა, კარს ფართოდ გავუხსნით სხვებსაც.

  • მიხეილ სააკაშვილი: "საბჭოს მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ თქვას ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში (რასაც ჩვენი მოძრაობა ყოველთვის აკეთებდა) და შექმნას თანამედროვე, ახალგაზრდული, სახალხო მოძრაობა. პარტიამ აუცილებლად უნდა შექმნას ახალი სახეები"

"ეს რეფორმატორთა საბჭო, რომლის თავმჯდომარე მე ვიქნები, უნდა იქცეს მიზიდულობის ცენტრად და საზოგადოებრივ პლატფორმად, არა მხოლოდ პარტიული ადამიანებისთვის, არამედ იმ პროფესიონალებისა და პატრიოტებისთვის, რომლებიც აქამდე გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებდნენ. ამ საბჭოს მთავარი მიზანია, კიდევ ერთხელ თქვას ახალი სიტყვა ქართულ პოლიტიკაში (რასაც ჩვენი მოძრაობა ყოველთვის აკეთებდა) და შექმნას თანამედროვე, ახალგაზრდული, სახალხო მოძრაობა. პარტიამ აუცილებლად უნდა შექმნას ახალი სახეები. განახლებულ მოძრაობაში ერთგვარი პრიორიტეტი სწორედ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ, რათა მათ შემოიტანონ ახალი ენერგია. რეფორმატორთა საბჭო იქნება მთლიანად ჰორიზონტალური საბჭო, სადაც ყველა იქნება თანასწორი და დამოუკიდებელი", - წერს სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, გადაწყვეტილება მიიღო, რომ რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იყოს ნანუკა ჟორჟოლიანი.

არის თუ არა ოპოზიციის გაარჯვების ფორმულა ენმ-ს ინიციატივა

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ენმ-ს ფორმულა და "მიშა პრემიერად" იქნება ოპოზიციის დამარცხების ფორმულა. 

"ეს იქნება ოპოზიციის მორიგი დამარცხების ფორმულა". რაც ენმ-დან მოდის - პარლამენტის და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი და ა.შ. ყველაფერი უფრო და უფრო აძლიერებს "ქართულ ოცნებას" . ნამდვილად არ მიყვარს კონსპიროლოგიებზე და შეთქმულების თეორიებზე ლაპარაკი, მაგრამ უკვე მართლა აშკარად რაღაც გამოკვეთილი პოზიციაა, რომ ენმ-დან წამოსული ნებისმიერი წინადადება "ქართულ ოცნებას" აძლიერებს, რაც ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმის მთავარი ოცნებაა.

"ნებისმიერი ავტორიტარული რეჟიმისთვის ძალაუფლების შენარჩუნება ცენტრალური ამოცანაა, "ოცნებას" სუნთქვა აღარ შეუძლია ისე კარგად არიან, თავიანთ ქონში ისე თუხთუხებენ, რომ მეტი აღარ იციან რაღა ქნან. ანუ ყველაფერი აქვთ და ენმ ახლა მორიგ გაძლიერებას სთავაზობს, რომ ეცადონ და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის მიუღებელი სააკაშვილი ხელახლა თავზე წამოასვან.  არაფერი არ გამოუვა იმიტომ, რომ ბოლო, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ენმ-მ მხოლოდ 10% აიღო, ესე იგი, მოსახლეობის 90% მათ წინააღმდეგაა. ამის თქმა შეიძლება "ახლებზე", გახარიაზე, "ლელოზე", ყველამ საშუალოდ 10-10% აიღო, მაგრამ ამ ოთხი ძალიდან მხოლოდ ენმ ახვევს მთელს საქართველოს თავის იდეებს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა 

ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ ის, რასაც სააკაშვილი სთავაზობს საზოგადოებას, ივანიშვილის გამარჯვების მოდელია.

  • ირაკლი მელაშვილი: "რაც არ უნდა ილაპარაკოს ნანუკა ჟორჟოლიანმა, ყველა ხვდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთი ერთზე ვერ უგებს ივანიშვილს და ის მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული, ეს არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი"

"რაც არ უნდა ილაპარაკოს ნანუკა ჟორჟოლიანმა, ყველა ხვდება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ერთი ერთზე ვერ უგებს ივანიშვილს და ის მოდელი, რომელიც არის შემოთავაზებული, ეს არის ივანიშვილის გამარჯვების მოდელი. რადგან ივანიშვილის გამარჯვების მოდელია, ამიტომაც არის გახსნილი ყველა საინფორმაციო საშუალება სააკაშვილისთვის, მათ შორის, კანონის დარღვევით იმიტომ, რომ ნებისმიერი ადვოკატი დაკარგავდა ლიცენზიას, ის რომ გაეკეთებინა, რასაც სააკაშვილის ადვოკატი აკეთებს", - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა "პალიტრანიუსთან".

ენმ-ს ფორმულა და პროტესტის მონაწილეები 

პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ პროტესტში სხვადასხვა ხალხია და ნაწილი შეიძლება მიემხროს, ნაწილი არა.

"პროტესტში სხვადასხვა ხალხია, სხვადასხვა მონაკვეთებში ნაწილი აპირებდა მიხეილ სააკაშვილის ბანერი გაეშალათ, სხვები წინააღმდეგები იყვნენ. პროტესტის შიგნითაც არის სხვადასხვა მოსაზრებები, როგორც სააკაშვილის სასარგებლოდ, ისე მის წინააღმდეგ. მეორეც, პროტესტი აშკარად რაღაცნაირად დაიფერთხა, ადრე დავდიოდი და ახლა აღარ დავდივარ. იმის ნაცვლად რომ ზეიმის განწყობა ყოფილიყო, მხვდებოდა ბოღმა, ღვარძლი, ირონია - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ადგილობრივ არჩევნებს დავუჭირე მხარი.

"ძალიან ბევრი ადამიანი აღარ ენდობა პროტესტის ასეთ ფორმას, სადაც ვიღაცეები თვლიან, რომ უკეთესები არიან და სხვებზე მორალური უპირატესობა აქვთ, მაგალითად ჩემზე, არავითარი უპირატესობა არ გააჩნიათ. ამ ფონზე, შესაძლოა პროტესტის მონაწილეების რაღაც ნაწილისთვის ეს მისაღები იყოს, რაღაც ნაწილისთვის მიუღებელი - ვინც სააკაშვილის ბანერების აფრიალებას არ ეთანხმება. პროტესტის მონაწილეების მოსაზრება აუცილებელია, მაგრამ საკმარისი არაა, აუცილებელია ასევე სხვა ნებისმიერი ჯგუფების მოსაზრებები",-განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ინიციატივა და ოპოზიციური პარტიები

კითხვაზე, რამდენად მისაღები იქნება ეს ფორმულა ახალი და ძველი ოპოზიციური პარტიებისთვის, ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ გარდა "ოპოზიციური ალიანსში" შემავალი პარტიებისა, არავისთვის არ იქნება მისაღები სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად. თუმცა, ალიანსშიც იქნება წინააღმდეგობა  ამ საკითხზე.

  • პაატა ზაქარეიშვილი: "ეს იქნება ოპოზიციის მორიგი დამარცხების ფორმულა". რაც ენმ-დან მოდის - პარლამენტის და ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი და ა.შ. ყველაფერი უფრო და უფრო აძლიერებს "ქართულ ოცნებას"

"ენმ-ში შიგნით რაღაც პროცესები მიდის, ერთმანეთის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ. პარტია შვიდ მარტივ მამრავლად დანაწილდა - ოპოზიციურ ალიანსს რასაც ეძახიან, ეს ყველა "ნაცმოძრაობაა" ამ ფონზე, ამ პარტიების გარდა, ვინმე ამ წინადადებას მიემხროს, თუმცა,  ამ შვიდ პარტიაშიც არ მგონია, რომ ერთობა იმაზე უნდა იყოს თუ არა სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატი, ეს კიდევ უფრო დააქცევს და დაანგრევს ერთობის ნიშნებს და "ოცნებას" მეტად გააძლიერებს.

"ოცნება" ბედნიერია, რომც არ ერეოდეს, ყველაფერი მათ სასარგებლოდ მიდის და არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაცეებს ჯიბეში რაღაცას უდებენ - ეს ჩემი მოსაზრებაა და არავითარი მტკიცებულება არ გამაჩნია",- განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×