რეზონანსი
19.05.2026

არსებობს საფრთხე, რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა თანდათან გადაიქცეს საზოგადოებრივი დისკურსისა და ცნობიერების კონტროლის მექანიზმად, რაც საბოლოოდ დააზიანებს როგორც თავისუფლებას, ისე დემოკრატიული თანაცხოვრებისა და სულიერი კულტურის საფუძვლებს , - ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი, ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ეპისკოპოსი აღნიშნავს, ეკლესიისთვის მიუღებელია, როგორც ადამიანის დამცირებისა და სიძულვილის ყოველგვარი ფორმა, ისე თავისუფლების შეზღუდვა.

„სიძულვილის ენის“ წინააღმდეგ მიმართული სახელმწიფოებრივი მექანიზმების შექმნა თანამედროვე დემოკრატიულ სისტემებში ერთ-ერთ ყველაზე სენსიტიურ პოლიტიკურ-სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს, რადგან იგი ერთდროულად ეხება, როგორც ადამიანის ღირსების დაცვას, ისე გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს.

აღნიშნული საკითხის შეფასება შეუძლებელია მხოლოდ სამართლებრივი ან მორალური პერსპექტივიდან; აუცილებელია მისი გააზრება პოლიტიკური, ინსტიტუციური და კულტურულ-რელიგიური ძალაუფლების კონტექსტშიც.

ერთი მხრივ, დემოკრატიულ საზოგადოებას ნამდვილად ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას ადამიანი დეჰუმანიზაციის,ძალადობრივი რიტორიკისა და დისკრიმინაციული მოწოდებებისგან. თანამედროვე გამოცდილება აჩვენებს, რომ აგრესიული და სიძულვილზე დაფუძნებული დისკურსი ხშირად იქცევა სოციალური პოლარიზაციისა და ფიზიკური ძალადობის საფუძვლად. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების არსებობა შეიძლება აღქმულ იქნეს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თანაცხოვრების დაცვის მცდელობა.

თუმცა, განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს თავად „სიძულვილის ენის“ცნების ინტერპრეტაციული ბუნება. თუ იგი მკაფიო სამართლებრივი კრიტერიუმების გარეშე გამოიყენება, არსებობს საფრთხე, რომ ეს კატეგორია გადაიქცეს პოლიტიკური და იდეოლოგიური კონტროლის ინსტრუმენტად, რომლის ფარგლებშიც კრიტიკული, განსხვავებული ან ხელისუფლებისთვის მიუღებელი დისკურსიც მოექცევა.

განსაკუთრებით სენსიტიურია ეს საკითხი კულტურული და რელიგიური სივრცის კონტექსტში, რადგან ბუნდოვანი განსაზღვრებების პირობებში არსებობს საფრთხე, რომ კრიტიკული ან განსხვავებული აზრი „სიძულვილის ენად“ იქნეს ინტერპრეტირებული, რაც საბოლოოდ დაასუსტებს, როგორც აკადემიურ თავისუფლებას, ისე საზოგადოებრივი დებატის კულტურას. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ბალანსი, რომელიც ერთდროულად დაიცავს ადამიანის ღირსებასაც და თავისუფლებასაც.

ამავე დროს, ქრისტიანული ეთიკა უარყოფს ადამიანის დამცირებას, სიძულვილსა და ძალადობას, რადგან ადამიანი ღვთის ხატებად მოიაზრება და მისი ღირსება ხელშეუვალია. თუმცა ქრისტიანული ტრადიცია ასევე ეფუძნება სინდისის თავისუფლებას, პიროვნულ პასუხისმგებლობასა და ჭეშმარიტების თავისუფალი გამოთქმის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ ეკლესიისთვის მიუღებელია როგორც ადამიანის დამცირებისა და სიძულვილის ყოველგვარი ფორმა, ისე თავისუფლების შეზღუდვა.

აქედან გამომდინარე, ნებისმიერი მსგავსი ინსტიტუციის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია სამართლებრივი განსაზღვრებების სიზუსტეზე, ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასა და იმ ბალანსზე, რომელიც თანაბრად დაიცავს ადამიანის ღირსებასაც და სიტყვის თავისუფლებასაც.

წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე, რომ სიძულვილის ენასთან ბრძოლის იდეა თანდათან გადაიქცეს საზოგადოებრივი დისკურსისა და ცნობიერების კონტროლის მექანიზმად, რაც საბოლოოდ დააზიანებს როგორც თავისუფლებას, ისე დემოკრატიული თანაცხოვრებისა და სულიერი კულტურის საფუძვლებს“ , - წერს ეპისკოპოსი „ფეისბუქზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×