
სპარსეთის ყურის ქვეყნების წინააღმდეგ განახლებული თავდასხმები მიუღებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა ირანის საგარეო მინისტრს, აბას არაღჩის სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
კალასის თქმით, რეგიონში სამხედრო მოქმედებების განახლება სერიოზულ საფრთხეს უქმნის სტაბილურობას.
„სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და მათი კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განახლებული თავდასხმები მიუღებელია. სრულმასშტაბიან ომში დაბრუნება მთელ რეგიონს უზარმაზარი ფასი დაუჯდება. ამ ომიდან გამოსვლის საუკეთესო გზა კვლავ დიპლომატიური პროცესია", - აღნიშნა კალასმა.
თავის მხრივ, არაღჩიმ განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრის დროს დაგმო აშშ-ის მიერ განხორციელებული ქმედებები.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კალასს განუცხადა, რომ აშშ-ის ბოლო იერიშები „საერთაშორისო სამართლის დარღვევაა" და მათ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება „არაეფექტური" გახადეს.