თამთა ჩაჩანიძე
07.06.2026

„ნაცმოძრაობა" სამოქალაქო ჯგუფების მიერ დაანოსსებულ 20 ივნისის აქციას უერთდება. როგორც ჩანს, ეს პარტიის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა და არა ოპოზიციის ალიანსთან შეთანხმებული აქტივობა. უშალოდ აქციაში მონაწილეობის გარდა, ენმ ორგანიზების კუთხით სხვადასხვა კამპანიურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და „უფრო მეტ ადამიანს მოუწოდებს, რომ ანტისაოკუპაციო აქციაში ჩართოს".

ანალიტიკოსთა ნაწილის აზრით, ენმ-მ, რომელიც ალიანსის ზოგიერთ სხვა წევრ პარტიასთან უკვე რამდენიმე თვეა კონფროტნტაციულ რეჟიმშია, დამოუკიდებელ თამაშს იწყებს. ნაწილს კი მიაჩნია, რომ ამ კონკრეტული ალიანსის განსხვავებული ფორმატიდან გამომდინარე, პარტიას უფლება აქვს ინდივიდუალურად მიიღოს გადაწყვეტილება.

სამოქალაქო კამპანიამ „ერთი ხალხი, ერთი საქართველო" 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის მე-7 წლისთავზე, აქცია დააანონსა. ისინი 20 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.

7 ივნისს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ოფიციალურად გამოაცხადა, რომ უერთდება ამ აქციას და მის საორგანიზაციო კამპანიაშიც ერთვება.

„ყველას მოგიწოდებთ, 20 ივნისს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ ფილარმონიასთან და ამ საპროტესტო მარშს შევუერთდეთ", - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა კვირას გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" 20 ივნისამდე სხვადასხვა კამპანიური ხასიათის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და უფრო მეტ ადამიანს მოუწოდებს, რომ დაანონსებულ აქციაში ჩართოს.

დაიწყო თუ არა ენმ-მ დამოუკიდებელი თამაში

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" დამოუკიდებელი თამაში წამოიწყო, რადგან პარტიაში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრი დომინირებს, მან კი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დაიწყო ალიანსის კრიტიკა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ" დამოუკიდებელი თამაში უკვე ღიად დაიწყო. ზოგადად ალიანსებში დასაშვებია, რომ თავ-თავიანთი ღონისძიებები ჰქონდეთ, ან ვინმეს შეუერთდნენ, მაგრამ ძირითადად ალიანსს ერთიანი პოლიტიკა და სტრატეგია უნდა ჰქონდეთ, მათთან ესეც არაა.

  • პეტრე მამრაძე: „ზოგადად ალიანსებში დასაშვებია, რომ თავ-თავიანთი ღონისძიებები ჰქონდეთ, ან ვინმეს შეუერთდნენ, მაგრამ ძირითადად ალიანსს ერთიანი პოლიტიკა და სტრატეგია უნდა ჰქონდეთ, მათთან ესეც არაა."

„დამოუკიდებლად თამაში ნიშნავს, რომ პარტიაში სააკაშვილის აზრი დომინირებს. ბარამიძის განცხადება გვახსოვს, რომ ნურავის ნუ ჰგონია სააკაშვილის გარეშე რამეს მოახერხებსო. ბოკუჩავაც და სხვებიც მსგავსი შინაარსის განცხადებებით არიან ცნობილი. როცა სააკაშვილმა გადაწყვიტა და სიის პირველ ნომრად ბუბა კიკაბიძე დაუსვა, „ნაცმოძრაობა" ყურმოჭრილ მონასავით დასთანხმდა და მაშინაც ხმა არ ამოუღიათ.

„ვინც დღეს ენმ-ში დარჩნენ, ისინი სააკაშვილის ყურმოჭრილი მონები არიან. ზოგზე ისეთი კომპრომატია, რომ ვერსად წავლენ; ზოგმა უბრალოდ იცის, რომ არსად არ მიიღებენ და სააკაშვილი რასაც ეტყვის, იმას გააკეთებენ და მისი განცხადებები ყველამ კარგად ვიცით", - განაცხადა მამრაძემ.

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი არჩილ გამზარდია კი არ ფიქრობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" დამოუკიდებელი თამაში დაიწყო, რადგან, მისი თქმით, ოპოზიციური ალიანსი განსხვავებული ფორმატია, სადაც პარტიას ის უფლებები აქვს, რომ ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა ამა თუ იმ ღონისძიებაში.

„მათ ავტონომიური უფლებები ალიანსის ფორმატშიც გააჩნიათ. ანუ რაღაც ინდივიდუალურად რომ გააკეთონ, მაგრამ რაღაცეებში ერთობლივადაც გამოვიდნენ. ეს ალიანსი ცოტა განსხვავებული ფორმატისაა, ვიდრე ზოგადად ალიანსები არსებობს, ამიტომ, ამ კუთხით ეს არაფერს არ ნიშნავს.

„ალიანსში ყოფნაც არ ნიშნავს, რომ ისინი ერთიან პლატფორმას ქმნიან და ცალკ-ცალკე ღონისძიებებიც თავისთავად არ ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთთან პაექრობის რეჟიმში გადადიან. ახლა რასაც თვალს ვადევნებთ, უფრო პერსონების რიტორიკული პაექრობაა. ოპოზიციური ძალები მუდმივად მუშაობენ იმაზე, რომ იპოვონ ფორმა, რომლის ფარგლებშიც მათი საქმიანობა იქნება უფრო ეფექტური, ამიტომ ხან ერთობლიობის პრინციპებს სინჯავენ, ხან ინდივიდუალურად, რაც აჩვენებს, თუ რომელი გზა იქნება მათთვის ხელსაყრელი. მე ამას ამ კონტექსტში განვიხილავ და ბუნებრივად ვიღებ იმას, რომ რაღაც შეკრება შეიძლება ერთობლივად ჰქონდეთ, რაღაცეებში თანხმდებოდნენ - რაღაცეებში ვერა", - განაცხადა გამზარდიამ.  

დასუსტდება თუ არა ალიანსი ენმ-ის დამოუკიდებელი თამაშით

პეტრე მამრაძე გვეუბნება, რომ ალიანსი ისედაც სუსტია.

„ისედაც იმდენად სუსტია, რომ ახლა პროცენტულად ამაზე მსჯელობა რთულია, დაასუსტებს თუ არა ენმ-ის დამოუკიდებელი თამაში. მაგრამ საზოგადოება ხედავს, რომ მათ შორის არანაირი კონსენსუსი არაა, თუნდაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან იდეაზე. ისინი არიან ბანდები, რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ, რადგან ყველა ერთმანეთში მეტოქეს ხედავს. სააკაშვილისთვის ხომ საერთოდ დაუშვებელია, რომ რაღაც ალიანსი იყოს, სადაც იქნებიან ლიდერები თუ წევრები, რომლებიც მის პირდაპირ ბრძანებას არ დაექვემდებარებიან და მოგეხსენებათ, გვარამია და მელიას პოზიცია ესაა, რომ რა დროს სააკაშვილიაო", - განაცხადა მამრაძემ.

  • არჩილ გამზარდია: „შეიძლება პარტიები ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ, მაგრამ მათი ძირითადი საქმიანობა უნდა იყოს არა სხვების სისუსტეების, არამედ საკუთარი უპირატესობის ჩვენება".

არჩილ გამზარდია კი გვეუბნება, რომ ალიანსში არც პარტიების დაახლოება ზრდის განსაკუთრებულად რამეს და არც მათი დაშორება დააზიანებს განსაკუთრებულად.

„არ მგონია, რომ ალიანსში დაახლოება რაღაცას განსაკუთრებულად ზრდიდეს, ან დაშორება რაღაცას განსაკუთრებულად აზიანებდეს. თუკი ალიანსის ფორმატიდან „ნაციონალური მოძრაობა", ან რომელიმე სხვა პოლიტიკური სუბიექტი ცალკე გამოვა, არ მგონია ამით ერთმანეთი განსაკუთრებით დააზიანონ.

„უფრო ერთმანეთის წინააღმდეგ რიტორიკა აზიანებს, რადგან, ბუნებრივია, შეიძლება პარტიები ერთმანეთთან კონკურენციაში იყვნენ, მაგრამ მათი ძირითადი საქმიანობა უნდა იყოს არა სხვების სისუსტეების, არამედ საკუთარი უპირატესობის ჩვენება", - განაცხადა გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×