ნატალია ჯვარიძე
07.06.2026

ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სომხეთის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საკუთარ სცენარებს ხატავს და ამბობს, რომ მოქმედი პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის გამარჯვების შემთხვევაში კრემლი სომხეთში სამხედრო ინტერვენციას დაიწყებს, რისთვისაც ჯერ საქართველოს ტერიტორიის დაკავება დასჭრდება. ასეთი საფრთხის შემთხვევაში კი ოპოზიციამ „ქართული ოცნება" „გვერდზე უნდა გაწიოს" და დროებითი მთავრობა შექმნას.

ანალიტოკოსთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის მხრიდან სომხეთში ინტერვენცია ნაკლებად მოსალოდნელია და თუ კრემლში მაინც მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება, ძალისმიერ სცენარს სომხეთში მოქმედი პრორუსული ძალებისა და იქ დისლოცირებული რუსული სამხედრო კონტიგენტის გამოყენებით შეეცდებიან. სააკაშვილის მოწოდება კი მხოლოდ იმ მიზანს ემსახურება, რომ ის ქვეყანაში კვლავ მთავარ პოლიტიკურ ლიდერად წარმოჩინდეს.

სააკაშვილის თქმით, დღევანდელი ოპოზიცია და ქართული საზოგადოება სწორედ ამ სცენარისთვის უნდა ემზადებოდეს და არა „მითიური არჩევნებისთვის".

„სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დამთავრების და რუსული სატრანზიტო დერეფნის სანქცირების შემდეგ, მოსკოვს ისტერიულად უნდა კავკასიის გზის ჩაკეტვა დასავლეთისთვის, რათა აიძულოს გახსნას რუსული გზა, ასევე დასაჯოს ურჩი აზერბაიჯანი და სომხეთი ქართული გზის ჩაკეტვით. ამას ემატება სომხეთში 2012 წლის ქართული ოპერაციის მსგავსი ოპერაციის, დიდი ალბათობით, ჩავარდნა ორ დღეში და პუტინი ფიქრობს სომხეთში სამხედრო ინტერვენციაზე. ამისთვის მას დიდი ძალები არ დასჭირდება. სომხეთის არმია აზერბაიჯანთან მარცხის შედეგად დემორალიზებულია და სომხეთში არსებობს კარგად ჩამოყალიბებული მეხუთე კოლონა, ადგილობრივი ივანიშვილის ასლის, ოლიგარქ კარაპეტიანის მეთაურობით.

  • მიხეილ სააკაშვილი: „როგორც კი დავინახავთ რუსების აქტივიზაციას ჩვენს საზღვრებთან, სასწრაფოდ გავწიოთ გვერდზე „ქოცები", გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები, შევქმნათ დროებითი მთავრობა და მოვუწოდოთ მეზობლებს და ევროპას დახმარებისკენ."

„რა თქმა უნდა, ამ ოპერაციის ფარგლებში, თუ ის განხორციელდა, პუტინი აუცილებლად დაიკავებს საქართველოსაც და თან დაიკავებს საერთოდ ბრძოლის გარეშე, რისი საფუძველიც „ქოცებს", დიდი ხანია, მომზადებული აქვთ.

„ამ პირობებში ევროკავშირთან სწრაფი დაახლოება ჩვენთვის გადარჩენის შანსი იყო. ევროკავშირი სწრაფად ყალიბდება სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად, რაც დადასტურდა ამასწინათ, როცა ირანმა კვიპროსს დაუშინა რაკეტები და ევროკავშირის წევრებმა გემები გააგზავნეს, რითაც შეაჩერეს ირანის აგრესია.

„დარწმუნებული ვარ, რუსეთი რომ მოლდოვას თავს დაესხას, იქ ევროპა იმოქმედებს, რასაც არ გააკეთებს საქართველოში. სომხეთში რუსული შეჭრის საფრთხე ჩემს შემდეგ დაადასტურა კირილ ბუდანოვმაც.

„საქართველოს მეორე შანსი ახლა თურქეთსა და აზერბაიჯანთან თავდაცვის პაქტის სასწრაფოდ გაფორმებაა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეზობლები ამას დათანხმდებიან, მაგრამ არ დათანხმდება ივანიშვილი. ჰოდა, აბა, დავრჩით მხოლოდ ჩვენი ჯარის იმედზე, რომელსაც 26 მაისს კიდევ ერთხელ ფაქტობრივად უბრძანეს, რომ ხელი არ უნდა გაანძრიოს.

„რჩება ერთადერთი გზა. როგორც კი დავინახავთ რუსების აქტივიზაციას ჩვენს საზღვრებთან, სასწრაფოდ გავწიოთ გვერდზე „ქოცები", გავათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები, შევქმნათ დროებითი მთავრობა და მოვუწოდოთ მეზობლებს და ევროპას დახმარებისკენ. ამ სცენარისთვის უნდა ვემზადებოდეთ ახლა ყველა სათითაოდ და ერთად და არა მითიური არჩევნებისთვის, არსებულ პარლამენტში შესვლისთვის და სხვა მსგავსი მავნებლობისთვის", - წერს სააკაშვილი.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ვარაუდობს, რომ ამ ეტაპზე სომხეთში რუსეთის სამხედრო ინტერვენცია გამორიცხულია.

„ამ ეტაპზე სამხედრო ინტერვენცია გამორიცხულად მიმაჩნია. ახლა რუსეთი ამის გამკეთებელი არაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამას არასდროს გააკეთებს. ფაშინიანის პარტია ალბათ გაიმარჯვებს. მოსკოვი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ასე არ მოხდეს და რაც მთავარია, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოიპოვოს. რუსეთის მიზანია, მასზე ორიენტირებული ორი პარტია მაინც შეიყვანოს პარლამენტში და მეორეც - გიუმრის ბაზის გაყვანაზე არ დაიწყოს ლაპარაკი. ეს ამ ეტაპზე. შემდეგში კი სხვა რაღაცებიც არაა გამორიცხული.

„მე მაინც ვვარაუდობ, რომ უფრო შიდა დაძაბულობა იქნება, რომელიც ამბოხში გადაიზრდება, ვიდრე სამხედრო ინტერვენცია, თუნდაც შემოდგომით", - განაცხადა არეშიძემ.

რაც შეეხება რუსეთის მხრიდან სამხედრო აგრესიის რეალური საფრთხის შემთხვევაში გადატრიალების მოწყობას, არეშიძის შეფასები, ამგვარი განცხადებებით სააკაშვილი უბრალოდ ცდილობს დარჩეს „პოლიტიკური დინების სათავეში".

„დღეს სააკაშვილი ცდილობს პოლიტიკური ბურუსის ფუნქცია შეასრულოს. ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციის ალიანსსა და ენმ-ში ყველაფერი დალაგებული არ არის. სააკაშვილი უფლებას არავის აძლევს, რომ პოლიტიკურ ლიდერს წარმოადგენდეს. მას უნდა, რომ ეს მდგომარეობა მაქსიმალურად შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ აკეთებს ამ ტიპის პროგნოზებს. არ ვამბობ, რომ (ეს სცენარი) არასდროს განიხილება რუსულ პოლიტიკურ წრეებში, რასაკვირველია, ამაზე ნაფიქრი უკვე აქვთ, თუმცა არჩევანშია საქმე - რომელი ჯობია.

  • მამუკა არეშიძე: „მე მაინც ვვარაუდობ, რომ უფრო შიდა დაძაბულობა იქნება, რომელიც ამბოხში გადაიზრდება, ვიდრე სამხედრო ინტერვენცია, თუნდაც შემოდგომით".

„რაც შეეხება სახელმწიფო გადატრიალების შეთავაზებას, ამით არწმუნებს ხელისუფლების ოპონენტებს, ან ვინც მთავრობის მიმართ შედარებით ორჭოფულად არის განწყობილი, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია. მოკლედ, ის მუდმივად ცდილობს პოლიტიკური დინების სათავეში იყოს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ თუ რუსეთს სომხეთის წინააღმდეგ სამხედრო ინტერვენციის დაწყება უნდა, ამისთვის საქართველოს ტერიტორიის გამოყენება არც დასჭირდება.

„რუსებს სომხეთში დაახლოებით 8-ათასიანი სამხედრო დაჯგუფება ჰყავს, ასევე ერევანში სამხედრო-საჰაერო ძალებისა და შეზღუდული შტაბის ჯგუფი. სამწუხაროდ, სომხეთში დიდი პრორუსული ძალებია, რომელსაც თავიანთი ქსელები გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, პირდაპირი სამხედრო ინტერვეცია საჭირო არაა. თუ ამის საჭიროება ექნებათ, ჰიბრიდულ ინტერვენციას დაიწყებენ და ჩემს მიერ ბოლოს ნახსენებ ჯგუფებს გამოიყენებენ.

„ამის გარდა, რუსებმა ამ შემთხვევაში შესაძლოა აერომობილური ძალები გამოიყენონ, რადგან, ფაქტობრივად, ისინი ერევნის აეროპორტს აკონტროლებენ. მაინცდამაინც საქართველოს ტერიტორიის გამოყენება არ მგონია დასჭირდეთ, რადგან ჩვენ მაინც გაფუჭებული გვაქვს ურთიერთობები მათთან. შესაბამისად, თუ სამხედრო ინტერვენცია დასჭირდათ, იმ ადგილობრივ პრორუსულ დაჯგუფებს გამოიყენებენ, ფარულ ინტერვენციაზე მაქვს ლაპარაკი. გამორიცხული არ არის სომხეთში საჰაერო გზით კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენელების გაგზავნაც. ასე რომ, საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ნაკლებად რეალისტურად მიმაჩნია.

  • ვახტანგ მაისაია: „გამორიცხული არ არის სომხეთში საჰაერო გზით კერძო სამხედრო კომპანიის წარმომადგენელების გაგზავნაც. ასე რომ, საქართველოს ტერიტორიის გამოყენება ნაკლებად რეალისტურად მიმაჩნია."

„შეიძლება სააკაშვილს გარკვეული ინფორმაციები აქვს მიუხედავად იმისა, რომ ციხეშია. არ ვიცი საიდან გამომდინარე საუბრობს. ყოველ შემთხვევაში, რუსეთს არ მგონია ერთდროულად უკრაინასა და სომხეთში სამხედრო ინტერვანციის განხორციელება შეეძლოს.

„მეორე ვარიანტია - ფაშინიანმა გაიმარჯვოს და მერე დაუმორჩილებლობა დაიწყოს, ანუ იმ პრორუსულმა ძალებმა წინააღმდეგობა გაუწიონ ხელისუფლებას და შეიარაღებული ცენტრები შექმნან. ეს სცენარი უფრო რეალისტურად მიმაჩნია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×