რეზონანსი
20.05.2026

ყოფილი პოლიტიკოსი გია ყრუაშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ განცხადებას ავრცელებს, სადაც მისი 22 წლის შვილიშვილის, დათო ბლიაძის გარდაცვალების შესახებ წერს. გია ყრუაშვილის თქმით, ახალგაზრდა მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. როგორც იგი აღნიშნავს, დათო ბლიაძეს დედა ემიგრაციაში ჰყავდა და წლების განმავლობაში ვერ ნახულობდა.

„მე დასაკარგი არაფერი არ მაქვს. ჩემს დათუჩას ვერაფერს ვეღარ ვუშველი, მაგრამ უნდა გადავარჩინო ის ბავშვები, რომლებიც ცეცხლს ეთამაშებიან. ძირითადად მუშაობა მიდის ისეთ ბავშვებზე, რომლებსაც დედა ემიგრაციაში ჰყავთ. მსხვერპლი მარტივად ხდება. ჩემი დათო იყო უწესიერესი ბავშვი. დედაჩემთან იზრდებოდა სოფელში. ყველამ იცის ეს. ის იყო ალალ-მართალი ბავშვი, რომელსაც სულ დედა ენატრებოდა. ჩვენმა შემართებამ მაინც ვერაფერი არგო. დატოვებული შვილი დედამისს, რომელიც გადაიხვეწა უცხო ქვეყანაში, რომ ფული მოეგროვებინა და აქ ბინა ეყიდა, დავახვედრე გაყინული, გარდაცვლილი ბავშვი...

ახლა გავარკვიე, ჩემს შვილიშვილს, პატარა ბავშვს 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული. ეტყობა თავისი ფულიც არ იყო. ალბათ აგროვებდნენ. გამომძიებელი საქმის კურსში მყავს მიხედავს ის და გაარკვევს ამ გადახდებს, სად ირიცხებოდა და ვინ არის... მივმართავ საზოგადოებას, მე არ გავჩერდები. არც თავის მოკვლას ვაპირებ. თუ ვიქნებით ბევრნი, ჩვენ გადავარჩენთ ბავშვებს. ღმერთმა ქნას, ყველა ჟურნალისტი, ყველა ეპისკოპოსი წინ აღუდგეს ამ უბედურებას“,- ამბობს გია ყრუაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×