
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ ქვეყნის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის იმ კომუნიკაციის შედეგები აცნობა, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ჰქონდა. ზელენსკის თქმით, კიევი მზადაა ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ნაბიჯები გადადგას.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ უკრაინასთან დიალოგში ქართული მხრიდან წამოყენებული ყოფილიყო ელჩის დანიშვნის საკითხი და ასევე ის, რომ კიევმა შუამავლის როლი იკისროს ევროკავშირთან ურთიერთობაში. კიევის მხრიდან კი რუსეთისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის მხარდაჭერა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხები.
- ნიკა ჩიტაძე: "საუბრისას დღის წესრიგში შეიძლება დამდგარიყო უკრაინის ახალი ელჩის, ტრიბუნალისა და სააკაშვილის გათავისუფლების საკითხები"
"არ გამოვრიცხავ საუბრისას დღის წესრიგში დამდგარიყო უკრაინის ახალი ელჩის, ტრიბუნალისა და სააკაშვილის გათავისუფლების საკითხები. ნაკლებად მოსალოდნელია, რომ "ოცნება" სააკაშვილის გათავისუფლებაზე წავიდეს, ან საკითხავია ისიც უკრაინა ელჩს დანიშნავს თუ არა, მაგრამ გამორიცხული არაფერია.
"რაც შეეხება ტრიბუნალს, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ საუბარი შეეხო იმას, რომ საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთისთვის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რომელიც პუტინის და მისი დაახლოებული წრის გასამართლებას ითვალისწინებს. თუმცაღა, "ქართულმა ოცნებამ" შეიძლება ეს მოთხოვნაც არ გაითვალისწინოს.
"ახლა "ოცნება" მაქსიმალურად დაინტერესებულია, რომ ხელისუფლების ლეგიტიმაცია მოხდეს, მათ შორის უკრაინის მხრიდან. ეს შეიძლება გამოიხატოს იმაში, რომ უკრაინამ ან ელჩი დანიშნოს, ან კიევმა ოფიციალური ვიზიტით პირველი მიიღოს, მაგრამ ქართული მხარე ამ ვიზიტს რამდენად გაბედავს, ესეც საკითხავია, რომ თუ კობახიძე ჩავა, რუსეთი არ გააღიზიანოს.
"შეიძლება კულუარებში განიხილებოდეს საკითხი, რომ უკრაინამ მნიშვნელოვანი შუამავლის როლი ითამაშოს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობები დაალაგოს. "ოცნება" მათ შორის სომხეთის ხელისუფლების მეშვეობით ევროპასთან, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლების მეშვეობით აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენას ცდილობს. ვფიქრობ ახლა უკრაინა სჭირდება, როგორც შუამავალი.
"კი აცხადებს, რომ სუვერენიტეტსა და ღირსებას იცავს, მაგრამ მისი მიზანი ხელისუფლების ლეგიტიმაციაა ისე, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე პასუხისმგებლობა არ აიღოს",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ნაბიჯები უკრაინას აქვს გადასადგმელი და არა საქართველოს.
"თუ უკრაინას საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა უნდა, ნაბიჯები ნამდვილად აქვს გადასადგმელი. თუნდაც ის, რომ საქართველოს მიერ გასამართლებული და ძებნილად გამოცხადებული ადამიანები დღესაც უკრაინაში იმყოფებიან და თანამდებობებზეც კი არიან. ეს ჩვენს შორის არსებული ხელშეკრულების აბუჩად აგდებაა, რომელიც საქართველოს მხრიდან შესრულდა და უკრაინამ არა მარტო არ შეასრულა, არამედ თანამდებობაზეც კი დანიშნეს სააკაშვილიც და სხვებიც და ზოგი ახლაც იქაა.
"გარდა ამისა, ოფიციალური პირების შეურაცხმყოფელი განცხადებები კეთდებოდა, რომ ლაჩარი ქართველები, მეორე ფრონტის გახსნა და მშვიდობისთვის, დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის ბრძოლა არ უნდათ და ა.შ. ამ ყველაფრის დეზავუირება, განცხადებების გაკეთება და იმ ადამიანების გადმოცემაა საჭირო.
"ეს იმ ფონზე ხდებოდა, როცა საქართველო ყველა ასამბლეასა, თუ ფორუმზე უკრაინის სასარგებლოდ აძლევდა ხმას იმ ფონზე, როცა ზოგიერთი მეზობელი ქვეყანა ხმას არ აძლევდა, საქართველო კი ბოლომდე მიდიოდა, ჰუმანიტარული დახმარებით ხომ საერთოდ პირველ ადგილზე ვიყავით.
"თუ უკრაინის ეს ნაბიჯები არ იქნება, საქართველომ უნდა შეახსენოს, რომ თუ ნორმალური ურთიერთობა გინდათ, რა არის რეაგირება იმაზე, რასაც ახლა მოლაპარაკებების კუთხით აკეთებთ? თუ პირიქით ამისთვის კიდევ რაღაცას ითხოვენ, ეს ყოვლად მიუღებელია, ეს საქართველოს კარგს არაფერს არ მოუტანს.
- პეტრე მამრაძე: "თუ უკრაინას საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა უნდა, ნაბიჯები ნამდვილად აქვს გადასადგმელი. საქართველოს მიერ ძებნილად გამოცხადებული ადამიანები დღესაც უკრაინაში იმყოფებიან, რაც ჩვენს შორის არსებული ხელშეკრულების აბუჩად აგდებაა"
"უკრაინაში ახლა ისეთი განწყობებია, რომ ომს იგებენ და ამ პოზიციებიდან, რომ აი ხომ ხედავთ, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, კიევს შეიძლება სჭირდებოდეს იგივე საქართველოს ტრანზიტის ფუნქცია და სხვა ბევრი რამ. რაც მთავარია, დარწმუნდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება არანაირ შანტაჟზე არ წამოეგო რაც საქართველოს შიგნით ომს გამოიწვევდა, ამას შეეგუვნენ კიდეც. ახლაც დიდი სიფრთხილეა საჭირო",- განაცხადა მამრაძემ.
რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან კომუნიკაციის შესახებ მოახსენა.
ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ანდრეი სიბიგასთან მაისისა და ივნისის ევროპული საგარეო პოლიტიკის ამოცანები განსაზღვრა.
„ანდრეი სიბიგამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან კომუნიკაციის შესახებ მაცნობა. ჩვენ ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაძლიერების საფუძველზე ურთიერთობების ნორმალიზებისა და თანამშრომლობისკენ ვისწრაფვით და მზად ვართ ამ მიმართულებით ნაბიჯები გადავდგათ", - წერს ზელენსკი X-ზე.
ასევე, მისი თქმით, ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში კლასტერების გახსნისა და უნგრეთის ახალ ხელისუფლებასთან კონტაქტების საკითხიც განიხილა.
„ცალკეული ამოცანები განისაზღვრა რუსეთის ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკებების პროცესთან და ამ პროცესში ევროპის შესაძლო წარმომადგენლობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს ამოცანები საჯარო არ არის", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.