ნატალია ჯვარიძე
19.05.2026

ნატო-სა და რუსეთს შორის პირდაპირი დაპირისპირების რისკი იზრდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. სერგეი რიაბკოვის განცხადებით, „ევროპული დედაქალაქები ესკალაციურ ნარატივს ავრცელებენ რუსეთთან მაღალი ინტენსივობის ომის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ".

მისი თქმით, „ევროპაში დაჩქარებული მილიტარიზაციის პროცესი რუსეთის წინააღმდეგ ღიად არის მიმართული". „დაძაბულობის მსგავსი ესკალაციის შედეგად, მათ შორის ბირთვულ სფეროში პროვოკაციული ქმედებებით, სტრატეგიული რისკები და ნატო-სა და ჩვენს ქვეყანას შორის დაპირისპირების რისკი იზრდება, ყველა პოტენციური კატასტროფული შედეგით", - განაცხადა რიაბკოვმა.

მსგავსი განცხადებები მოსკოვიდან ბოლო წლებში ხშირად კეთდება, მაგრამ ახლა დასავლელი ანალიტიკოსებიც თანხმდებიან, რომ დაძაბულობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა ცივი ომის შემდეგ.

ამავე დროს, ექსპერტების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ სრული მასშტაბის ნატო-რუსეთის ომი მაინც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ორივე მხარე აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება ბირთვულ ესკალაციამდე მივიდეს.

ევროპული უსაფრთხოების კვლევითი ცენტრები წერენ, რომ უფრო რეალისტურია "ჰიბრიდული დაპირისპირება" - კიბერშეტევები, დივერსიები, საზღვრის პროვოკაციები, დრონების ინციდენტები და ზეწოლა ბალტიის რეგიონზე.

ზოგი სამხედრო ანალიტიკოსი, მათ შორის რენდის კორპორაციასა და ბელფერის მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრთან დაკავშირებული ექსპერტები, ფიქრობენ, რომ რუსეთი ახლო მომავალში უფრო "ნაცრისფერ ზონაში" იმოქმედებს - ანუ პირდაპირ ომს მოერიდება და ნატოს ერთიანობის შესუსტებას ეცდება.

მეორე მხრივ, ნატოს ხელმძღვანელობა უკვე ღიად ამბობს, რომ რუსეთი "გრძელვადიან კონფრონტაციას" ეძებს დასავლეთთან, რის გამოც ევროპა სწრაფად ზრდის სამხედრო ბიუჯეტებსა და თავდაცვით მზადყოფნას.

გარდა ამისა, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა აცხადებს, რომ რუსეთი კიდევ ერთ დეზინფორმაციულ კამპანიას იწყებს და ავრცელებს ტყუილს, თითქოს უკრაინა ლატვიის ტერიტორიის რუსეთზე თავდასხმების ბაზად გამოყენებას გეგმავს.

„ლატვიას არასდროს მიუცია უკრაინისთვის ნებართვა, მისი ტერიტორია ან საჰაერო სივრცე რუსეთის ან სხვა რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმებისთვის გამოეყენებინა. ჩვენ ეს არაერთხელ ავხსენით საერთაშორისო ასპარეზზე", - წერს ლატვიის პრემიერი. ამასთან, ევიკა სილინა ხაზს უსვამს, რომ რუსეთი აგრესორია და უკრაინას ყველა უფლება აქვს, თავი დაიცვას. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ კიევი ლატვიის ტერიტორიიდან რუსეთის რეგიონებზე „ახალი ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად ემზადება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×