ნატალია ჯვარიძე
19.05.2026

ჩვენ კმაყოფილები ვიქნებით, თუ ბირთვული იარაღი ირანის ხელში არ აღმოჩნდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საუდის არაბეთმა, კატარმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი სამხედრო თავდასხმის გადადება 2 ან 3 დღით სთხოვეს.

„მათ მოკლე ვადით გადადება გვთხოვეს, რადგან ფიქრობენ, რომ შეთანხმების მიღწევასთან ახლოს არიან. თუ შევძლებთ, რომ ირანის ხელში ბირთვული იარაღი არ აღმოჩნდება და ისინი კმაყოფილები იქნებიან, მაშინ ალბათ, ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით.

ჩვენ მასშტაბური თავდასხმისთვის ხვალისთვის ვემზადებოდით. ცოტა ხნით გადავდე, იმედია სამუდამოდ, მაგრამ ალბათ ცოტა ხნით, რადგან ირანთან სერიოზული მოლაპარაკებები გვაქვს და ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს", - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, „ბედნიერი იქნება, თუ შეთანხმებას დაბომბვის გარეშე მიაღწევს". შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა გუშინ გამოაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაგეგმილი იერიშები საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერების თხოვნით გადადო.

თუმცა, ტრამპის თქმით, აშშ-ის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის მზად იყვნენ.

ამასთან, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაშინგტონისთვის გადაცემული ახალი სამშვიდობო წინადადების პირობები დაასახელა. ქაზემ ღარიბაბადის ცნობით, ირანის წინადადება აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების მოხსნას, გაყინული აქტივების განბლოკვას, საზღვაო ბლოკადის დასრულებას, ომის ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში დასრულებას, ირანის ახლოს განლაგებული აშშ-ის ძალების გაყვანას და ომით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას მოიცავს.

გამოცემა „აქსიოს" ინფორმაციით, ირანმა აშშ-ს ომის დასრულების შესახებ განახლებული წინადადება პაკისტანის მეშვეობით გადასცა, თუმცა თეთრ სახლში თვლიან, რომ წინადადება არადამაკმაყოფილებელია და ომის განახლების რისკს ქმნის.

ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, შეერთებულ შტატებთან დიალოგი დანებებას არ ნიშნავს.

„დიალოგი დანებებას არ ნიშნავს. ირანის ისლამური რესპუბლიკა დიალოგში ღირსეულად, ავტორიტეტულად და ერის უფლებების დაცვით შედის და არავითარ შემთხვევაში არ დათმობს ხალხისა და ქვეყნის კანონიერ უფლებებს", - დაწერა პეზეშკიანმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

მისი მტკიცებით, ბოლომდე ლოგიკურად და მთელი ძალით ემსახურებიან ხალხს და დაიცავენ ირანის ინტერესებსა და პატივს. დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, დონალდ ტრამპმა ირანზე ფართომასშტაბიანი დარტყმა, სავარაუდოდ, რამდენიმე მიზეზის გამო გადადო - მთავარი ფაქტორი კი დიპლომატიური მოლაპარაკებების ბოლო მცდელობა და რეგიონული მოკავშირეების ზეწოლაა.

სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ტრამპი იყენებს „მაქსიმალური ზეწოლის" ტაქტიკას - ჯერ მკვეთრი მუქარა, შემდეგ დროებითი გადადება, რათა ირანი დათმობებზე წავიდეს მოლაპარაკებების გზით.

ამასთან, ამერიკის შიგნითაც არის პოლიტიკური და სამართლებრივი რისკები. ზოგი ანალიტიკოსი ამბობს, რომ სრულმასშტაბიან ოპერაციას შეიძლება კონგრესის თანხმობა დასჭირდეს და საზოგადოებრივი მხარდაჭერაც არ იყოს საკმარისი.

ზოგი ექსპერტი ფიქრობს, რომ ტრამპი რეალურად ცდილობს ირანის იძულებას ისეთ შეთანხმებაზე, რომელიც მის ბირთვულ პროგრამას მკაცრად შეზღუდავს. ხოლო სხვები ამბობენ, რომ სამხედრო მზადყოფნის საჯარო დემონსტრირება უფრო ფსიქოლოგიური და პოლიტიკური ზეწოლის ნაწილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×