თამთა ჩაჩანიძე
19.05.2026

პრემიერი ირაკლი კობახიძე ევროსტრუქტურების ხელმძღვანელებს ღია წერილით მიმართავს, სადაც საქართველოს ევროპულ იდენტობასა და ევროინტეგრაციის მისწრაფებას უსვამს ხაზს, თუმცა, ამავდროულად მწვავედ აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას ჩვენი ქვეყნის მიმართ და კითხვას სვამს - რა გეგმა აქვს ევრობლოკს საქართველოს მომავალთან დაკავშირებით.

წერილის მთავარი აქცენტი კეთდება კოპენჰაგენში პოლიციის მიერ დემონსტრანტების დაშლაზე, რაც, კობახიძის შეფასებით, ეწინააღმდეგება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების ევროპულ პრინციპებს.

ოპოზიციაში წერილს მწვავედ აკრიტიკებენ, „ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა, რომ კობახიძის მიერ ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელების მიმართ ღია წერილის გაგზავნა საბჭოთა პროპაგანდის კლასიკური სტილია, რომელიც მიზნად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი თემებიდან ყურადღების გადატანას ისახავს.

"დანიაში პოლიციის ძალადობაზე წუხს ადამიანი, რომლის მოძალადე სპეცრაზმელებმა და მოთარეშე ჯგუფებმა ასობით ადამიანი სისტემურად აწამეს სპეციალურ სამარშრუტო ტაქსებში, ჟურნალისტებზე იძალადეს, დემონსტრაციები დაშალეს სხვადასხვა ტიპის ტოქსიკური საშუალებით და დღემდე 4 თუ 5 ადამიანის გარდა, არავინ არ არის დასჯილი ამ ფაქტების გამო.

"კობახიძე გატყუებთ, როგორც ყოველთვის, ცდილობს, რომ თქვენი ყურადღება გადაიტანოს აბსურდზე და ამით საინფორმაციო ბადიდან გააქროს ის მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. ჩვენ მას ამის საშუალება არ უნდა მივცეთ", - განაცხადა დათუნაშვილმა.

რატომ გახდა საჭირო ღია წერილით მიმართვა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ეს განცხადება უფრო "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისთვისაა და აშკარად ჩანს, რომ "ოცნება" ევროკავშირისკენ მოძრაობას არ აპირებს.

  • პაატა ზაქარეიშვილი: "კოპენჰაგენი შემთხვევით არ ახსენა, იქ აქცია დაარბიეს და ამან საშუალება მისცა ხელახლა გაიხსენონ უარყოფით კონტექსტში ევროკავშირი, რომ თითქოს ერთის მხრივ ჩვენც "გვეპატიოს" აქციებზე მომხდარი. თუმცა, მათ კარგად იციან, რომ იქ აქცია თავიდანვე აგრესიული იყო"

"აშკარად ჩანს, რომ "ქართული ოცნება" ევროკავშირში მოძრაობას არ აპირებს, თვითონ კობახიძემ უარი თქვა განაგრძონ მოლაპარაკებების პროცესი ევროკავშირთან, არადა ევრობლოკმა პირობები დაუყენა, რომ ამის შესრულების შემდგომ შეიძლება ეს ურთიერთობები გაგრძელდეს.

"ეს განცხადება პირველ რიგში "ოცნების" ამომრჩევლებისთვისაა, რადგან კობახიძეს მათ გარდა არავინ არ უსმენს, რაც ქმნის ისტერიულ განწყობას, რომ ყველაფერში ევროკავშირია დამნაშავე. როგორც ჩანს, ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მიმართ სიმპატიები გაიზარდა.

"კოპენჰაგენი შემთხვევით არ ახსენა, იქ აქცია დაარბიეს და ამან საშუალება მისცა ხელახლა გაიხსენონ უარყოფით კონტექსტში ევროკავშირი, რომ თითქოს ერთის მხრივ ჩვენც "გვეპატიოს" აქციებზე მომხდარი. თუმცა, მათ კარგად იციან, რომ იქ აქცია თავიდანვე აგრესიული იყო.  

"ესენი აქაურ აქციებს შუიდან ჰყვებიან, როცა აქციის მონაწილეებმა საპასუხოდ ფეიერვერკების გახსნა და სხვა მოქმედებები დაიწყეს, მაგრამ მათ ავიწყდებათ აქციები როგორ დაიწყო, ის იყო მშვიდობიანი, დაწყების დღეს იქ ვიყავი და ხალხი პარლამენტის წინ აბსოლუტურად მშვიდად იყო და უცებ წყლის ჭავლის მანქანიდან კეთდება განცხადება ქალის ხმით, რომ დაიშალეთ თორემ ძალა იქნება გამოყენებული.  

"ისტორიას ჰყვებიან სხვანაირად, ვიდრე კოპენჰაგენში მოხდა, იქ აქცია თავიდანვე აგრესიული იყო და პოლიციას სხვა გზა არ დაუტოვა. აქ პირიქით, აქცია მშვიდობიანი იყო.

"მათ სჭირდებათ უარყოფითი მაგალითები ევროკავშირზე, რათა ქართულ საზოგადოებას რეგულარულად შეახსენონ რა ცუდია ევროკავშირი და რატომ არ ღირს იქ წასვლა, თან ამას აკეთებენ საჯაროდ, ღია წერილი გაუგზავნა.

"დახურული წერილი კი არ გაუგზავნა და მას მართლა კი არ აინტერესებს ევროკავშირთან რა ხდება, არამედ ღიად მიმართა, რათა საზოგადოებას ვითომ დაანახოს რა მაგრები არიან. ესაა მორიგი მცდელობაა, რათა საქართველო ევროკავშირის მიმართულებით არ მოძრაობდეს და ყველაფერი ევროკავშირს დაბრალდეს",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.   

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ევროკავშირი საქართველოს დემოკრატიის ნაკლებობაზე მიუთითებს და ევროპის ცენტრში ადამიანის უფლებები ირღვევა.

"ამ განცხადების გაკეთება ბატონ კობახიძისგან იმიტომ გახდა საჭირო, რომ ევროკავშირმა უკვე თავად არ იცის რას აკეთებს. სხვას ვითომდა დემოკრატიის ნაკლებობაზე მიუთითებს, მიზანში განსაკუთრებით საქართველო ჰყავთ ამოღებული, რომ აქ ადამიანის უფლებები ირღვევა და თავად რატომ ვერ ხედავენ იქ, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა? ფაქტობრივად ევროპის შუაგულში.

"დანიაში ადამიანებს ძაღლები მიუსიეს, თუმცა, ასეთ რაღაცეებზე თვალს ხუჭავენ, როცა მათ ინტერესებშია. ძალიან კარგად მახსოვს, რომ 1992 წლის 26 მაისს თვალი დახუჭეს, როდესაც თბილისში, ფილარმონიასთან გარკვეულმა ძალებმა განსხვავებულად მოაზროვნეებს, ე.წ. ზვიადისტებს გერმანული ნაგაზები მიუსიეს, მაშინ ხმა არ ამოუღიათ.

  • ედიშერ გვენეტაძე: "ევროკავშირი ვითომდა დემოკრატიის ნაკლებობაზე მიუთითებს, მიზანში განსაკუთრებით საქართველო ჰყავთ ამოღებული... თავად რატომ ვერ ხედავენ იქ, სადაც ადამიანის უფლებები ირღვევა? ფაქტობრივად ევროპის შუაგულში.... ევროტრსუქტურების ხელმძღვანელობისგან როგორც ყოველთვის წაყრუება იქნება"

"ეტყობა ახლაც ასევე არ სჭირდებათ ხმის ამოღება ევროპის ცენტრში, რადგან ისინი მათია. ანუ ჩემს მეგობრებს ყველაფერი ეპატიება, სხვებს - არაფერი. ევროტრსუქტურების ხელმძღვანელობისგან ახლა არავითარ პასუხს არ ველოდები, როგორც ყოველთვის წაყრუება იქნება, მეტი არაფერი",- განაცხადა გვენეტაძემ.

პრემიერის წერილი

კობახიძის განცხადებით, საქართველო, ევროპული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა მკაფიო პასუხს ელის - „რა გეგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლოო შედეგი".

„როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველო ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყანაა, ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება, ჰუმანიზმი, თავისუფლება და ეროვნული თვითმყოფადობა არა დეკლარირებული პრინციპები, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებული, სისხლხორცეული ღირებულებებია.

"ისტორიულად, კულტურულად და ღირებულებითად, საქართველო ევროპული სივრცის ნაწილია, ამავდროულად კი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რომელიც ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ მიისწრაფვის. სამწუხაროდ, ევროპული ბიუროკრატიის მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, ცალმხრივად, თქვენი ინიციატივით, შეწყდა პოლიტიკური დიალოგი ჩვენს ქვეყანასთან, რის შემდეგაც არაერთხელ იქნა უარყოფილი ჩვენს მიერ შეთავაზებული დისკუსიისა და თანამშრომლობის ფორმატები. ამგვარი ვითარების გათვალისწინებით, იძულებულნი ვართ, ღია წერილით, საჯაროდ მოგმართოთ.

"არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს სწრაფვა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ფორმალური ინტეგრაციის სურვილით არ არის განპირობებული. ჩვენი ხალხისთვის ევროპა, პირველ რიგში, ღირებულებითი სივრცე, ჩვენი წინაპრების ცივილიზაციური არჩევანია, რომელიც ქრისტიანულ მორალს, თავისუფლებას, თანასწორობას, ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დემოკრატიულ პრინციპებს ეფუძნება.

"ჩვენთვის ევროკავშირი საერთო, ევროპული ცივილიზაციური სივრცეა, გაერთიანება, რომელიც არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ფიგურას, ევროპელ ლიდერს თუ ევრობიუროკრატს, არამედ ევროპელ, მათ შორის, ქართველ ხალხს ეკუთვნის.

"ამ ფონზე, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილს და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას, გვაქვს კითხვები იმ შემაშფოთებელ მოვლენებთან დაკავშირებით, რომლებიც შუაგულ ევროპაში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა და რომლებსაც, ვფიქრობთ, არაფერი აქვს საერთო არც ევროპასთან და არც ევროპულ ღირებულებებთან",- განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას მიმართავს.

"ქალბატონო ურსულა, ბატონო ანტონიო, ქალბატონო რობერტა, მოგმართავთ კითხვით თქვენ, როგორც ევროკავშირის უმაღლესი ინსტიტუტების წარმომადგენლებს - როგორ აფასებთ იმ ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, როდესაც მშვიდობიანი დემონსტრაციის მონაწილეებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ ძაღლები გამოიყენეს?

"იმ უმძიმესმა კადრებმა, სადაც ვიხილეთ, თუ როგორ საშინლად არბევს პოლიცია მშვიდობიან დემონსტრანტებს, საერთაშორისო საზოგადოებას ნათლად დაანახა შემაშფოთებელი რეალობა - თუკი წლების განმავლობაში ევროპა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, აგრეთვე სხვა ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის ეტალონად მიიჩნეოდა, დღეს სულ უფრო მკაფიოდ იკვეთება საპირისპირო ტენდენცია. არსებული ვითარება აჩენს საფრთხეს, რომ ევროპა შესაძლოა იქცეს არა ამ ღირებულებების დაცვის, არამედ მათი უგულებელყოფისა და უხეში დარღვევის ეტალონად.

"საქართველოსთვის, ისევე, როგორც ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია, კატეგორიულად მიუღებელია როგორც ის ძალადობა, რომელიც კოპენჰაგენში ვიხილეთ, ისე ის ფაქტი, რომ ევროკავშირი აღარ იცავს ფუნდამენტურ პრინციპებს, რომლებსაც დაეფუძნა.

"ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ბუნებრივია, თქვენ მიმართ ჩნდება კითხვები, მათ შორის კითხვები იმის შესახებ, შეესაბამება თუ არა ასეთი ძალადობრივი ქმედებები იმ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების იმ სტანდარტებს, რომელთა ერთგულებასაც ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს და რომლისკენაც მსოფლიოს ქვეყნები მიისწრაფოდნენ?

"როგორც ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები, როგორ ფიქრობთ, სად მიჰყავს ევროპა იმ პროცესებს, რომლებიც დემოკრატიულ უკუსვლას, ეკონომიკურ სტაგნაციას, მიგრაციულ კრიზისს, ისტორიული მეხსიერების დაკნინებას, ეროვნული და სქესობრივი იდენტობების შესუსტებას და საზოგადოებრივი თვითმყოფადობის რღვევას უკავშირდება? როგორ აღმოჩნდა ევროპა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის განვითარების, თავისუფლებისა და დემოკრატიის მაგალითად მიიჩნეოდა, ასეთ ღრმა ღირებულებით კრიზისში და ზოგადად, საით მიჰყავს ევროკავშირი ამ გზას?

"სამწუხარო და შემაშფოთებელი ფაქტია, რომ დღეს ევროკავშირი ხშირად უგულებელყოფს საზოგადოების ბუნებრივ, კულტურულ და ისტორიულ საფუძვლებს. ჩნდება განცდა, რომ ევროპული სივრცე თანდათან შორდება იმ პრინციპებს, რომლებმაც ის მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სიმბოლოდ აქცია.

"საქართველო, ევროპული, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა თქვენგან მკაფიო პასუხს ელის - რა გეგმა აქვს ევროკავშირს, რა მიმართულებით ვითარდება მოვლენები გაერთიანების შიგნით და რა იქნება ამ შემაშფოთებელი პროცესების საბოლოო შედეგი, პროცესებისა, რომლებზეც არა მხოლოდ ჩვენ ვსაუბრობთ, არამედ სხვა ევროპული ქვეყნების მოსახლეობა თუ პოლიტიკური ლიდერებიც საჯაროდ საუბრობენ?" - ნათქვამია ღია წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×