
სოციალურ ქსელში ყოფილი პოლიტიკოსის, გია ყრუაშვილის უმძიმესი მიმართვა გავრცელდა, რომელშიც მისი 22 წლის შვილიშვილის დათო ბლიაძის გარდაცვალების მიზეზებზე წერს. როგორც გაირკვა, საქმე ნარკოტიკებს უკავშირდება:
"ამბები" დაუკავშირდა გია ყრუაშვილს და მომხდარ ტრაგედიაზე ესაუბრა:
"დათუჩა ჩემი ქალიშვილის შვილია, დედამისი ნატო 5 წელია გერმანიაშია. დათო უწესიერესი ბავშვი იყო, ჩემთან, რკინიგზაში მუშაობდა. ნატოს ოჯახი დაენგრა და მას შემდეგ ჩემთან ცხოვრობდნენ. მამა რომ მომიკვდა, დათომ მითხრა, ბაბუ, ცხენი მიყიდე და სოფელში გადავალ ბებოსთან და იქ ვისწავლი სკოლაშიო. მართლაც, გადავიდა ხარაგაულში და დედაც რომ მომიკვდა, ბავშვს იქ ხომ არ დავტოვებდი მარტოს, ჩემთან წამოვიყვანე თბილისში, მერე რკინიგზაში დავაწყებინე მუშაობა...
ნატოს მალე ბინა უნდა ეყიდა შვილისთვის და კუბოს ყიდვა მოუწია, დავიღუპეთ...
ვიცით, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ძალიან მეშინოდა, დათო ცუდ წრეში არ მოხვედრილიყო, გზას არ ასცდენოდა, ამიტომ გვერდიდან არ ვიშორებდი. ერთ დღეს მეუბნება, პროგრამისტობა მინდა, წერეთელზეა ოფისი და მეორე ადგილზე უნდა დავიწყო მუშაობაო. ვუთხარი, რა ძალა გადგას, მუშაობ, 1500 ლარს იღებ, თუ რამე დაგჭირდა, დედა არ მოგაკლებს, აქ არაფრის ფულს შენ არ იხდი და არ გინდა-მეთქი. არაო, დაიჟინა. დათო და მარიამი (ჩემი შვილი), ფაქტობრივად, ერთად არიან გაზრდილები. გუშინ ტირილით მიყვებოდა, მე და ჩემმა სადაქალომ იმდენი ვიწვალეთ, ვერაფერი მოვუხერხეთ დათოსო. მარიამს ყველაფერი სცოდნია, ნეტა ჩემთვისაც ეთქვათ...
6-8 თვის წინ დათო წავიდა პროგრამისტის კურსებზე და მას მერე აურია და აურია. მერე დედისთვის მიუწერია, ბაბუსთან ვეღარ ვჩერდები, ვიწროდ ვართ და დეიდასთან (კერძო სახლში) გადავალ აფრიკის დასახლებაშიო. დედამისს ვუთხარი, 5-6 წელი არ იყო სივიწროვე და ახლა შევიწროვდა ოთახები, ეგ თავისუფლებას ეძებს-მეთქი და თუ დაგირეკა, უთხარი, ბაბუას დაუჯერე-თქო. მოვედი და წასული დამხვდა სახლიდან...
როცა დათო დაიღუპა, იმ ღამით ნარკოტიკით კიდევ 5 ბიჭი დაღუპულა თბილისში, პროზექტურაში 6 ადამიანი ვიდექით რიგში. მერე კახა კახიშვილი და კახა კუკავა (დათოს ნათლიაა) მოვიდნენ... პოლიციელებმა გვითხრა, ვიღუპებით, სტატისტიკა გამოითხოვეთ, ბავშვი აღარ დარჩა, ყოველ ღამით სულ მცირე 4 ახალგაზრდა კვდება, გუშინწინ 15 მოკვდა კახეთშიო. ახლა თუ რამეზე ხმა ამოიღე, გაკივიან, "ნაცი" ხარ, "ქოცი" ხარ, ამის ძახილს გადააყოლეს ქვეყანა, არადა, მომავალი გვეღუპება, მინდა, პატრიარქიც ჩავაყენო საქმის კურსში... გამოვიდეს ყველა, ხმა ამოიღონ, იღუპება გენოფონდი, ახალგაზრდობა.
ექსპერტიზის პასუხს ველოდებით... როგორც გავარკვიე, დათოს ანგარიშიდან გადარიცხულია 80 ათას ლარზე მეტი. ფულს სადღაც რიცხავ თურმე და გიგზავნიან ამ საწამლავს, ეტყობა იწერენ. ნარკობარიგები სპეციალურად ეძებენ ისეთ ბავშვებს, ვინც მუშაობს და შემოსავალი აქვს, ვისი დედაც ემიგრაციაშია, ასეთ ობიექტებს ირჩევენ და ითრევენ ამ ჭაობში.
დათომ "მეფედრონი“ თუ რაღაც რომ შეიყნოსა, ცუდად გამხდარა, "ბირჟაზე“ გასულა და ბიჭებს უთქვამს, სასწრაფოში დავრეკოთო. ამას უთქვამს, სასწრაფოს პოლიცია მოჰყვება და დამიჭერენო, სახლში წასულა, დაწოლილა... გული გაუსკდა. რომ არ დაწოლილიყო იქნებ რაღაც შველებოდა. ზოგმა მითხრა, მეტროსთან ვიღაცას ელოდაო. ეტყობა იქ მისცეს ნარკოტიკი. დეტალები ზუსტად ჯერ არ ვიცი...
დათუჩა ყოვლად უბოროტო, უეშმაკო იყო. ესენიც ხომ ასეთებს არჩევენ, თორემ ვისაც ძლიერი ნებისყოფა აქვს, ისინი საწამლავს არ ეკარებიან. როგორც ჩემს ახალგაზრდობაში იცოდნენ ამ გახრწნილმა ნარკომანებმა, ფულიან კაცს რომ შესვამდნენ ნარკოტიკზე, ასეა ახლაც, მაგრამ ახლა ღიად ხდება და პოლიციაც საქმის კურსშია. მე ჩამსვან კომისიაში, მომცენ უფლება და დღეში მინიმუმ 100 ბარიგას გამოვავლენ, საქართველოში ცხოვრების უფლება არ უნდა მისცენ ამ ადამიანის მკვლელებს.
ჯერ შვილიშვილის საფლავს მივხედო და მერე ამ პრობლემასთან ბრძოლას დავიწყებ, ერთ დღესაც არ გავჩერდები, პარლამენტსაც მივმართავ, საპატრიარქოსაც, შსს-საც, რომ რაღაც ზომები მიიღონ, სანამ სულ დაღუპულა ჩვენი ახალგაზრდობა, ჩაერიონ ამ საქმეში.
5 ცელოფნით გამოვასვენეთ 19-20-21 და 22 წლის ბავშვები მარტო თბილისში. დიდი ხნის სიცოცხლე მაინც არ დამრჩენია და ამ პრობლემას შევაკლავ თავს..." - განაცხადა გია ყრუაშვილმა.
წყარო: ambebi.ge
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე