
"ნამდვილად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ხელშეკრულება გაფორმდა აპრილში და უკვე ოფიციალურად ტრამპის ორგანიზაციამ და ჩვენ დავიწყეთ საუბარი ამაზე ღიად და საჯაროდ," - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "არქის" გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა "ღამის კურიერის" ეთერში, თბილისში "ტრამპ თაუერის" აშენებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, ტრამპის ორგანიზაციას ქვეყანაში უძრავი ქონების ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით თავიდანვე პოზიტიური განწყობა ჰქონდა.
"მოლაპარაკებები რეალურად ტრამპის ორგანიზაციასთან დაიწყო 2025 წლის ნოემბერში. თავიდანვე აღსანიშნავია მათი კეთილგანწყობა ჩვენი ქვეყნისადმი, უძრავი ქონების ბაზრის განვითარებაზე, საქართველოზე. მათ თავიდანვე ძალიან კარგი დამოკიდებულება და შეხედულება ჰქონდათ ჩამოყალიბებული კვლევების საფუძველზე, ჩვენს ქვეყანაზე. ეს პოზიტიური დამოკიდებულება მალევე აისახა იმაში, რომ მოლაპარაკებების დაწყებიდან მალევე გამომდინდა მემორანდუმი. შემდეგ უკვე გადავიდა კონკრეტულ ხელშეკრულებებზე და ტექნიკურ პირობებზე საკითხი და აპრილში როგორც იცით, უკვე საჯარო გახდა და ჩვენ მოვაწერეთ ხელი ამ ხელშეკრულებას ტრამპის ორგანიზაციასთან. მოხარულები ვართ, რომ ასეთ უნიკალურ და გამორჩეულ პროექტს ერთად ვახორციელებთ," - აღნიშნა შიო ხეცურიანმა.
კითხვაზე, როდესაც 14 წლის წინ ტრამპის ორგანიზაციის პროექტი საქართველოში შეჩერდა, დღეს რა გახდა განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ აღნიშნული ორგანიზაცია კვლავ დაინტერესდა ქართული ბაზრით, შიო ხეცურიანმა აღნიშნა, რომ მთავარი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა.
"მნიშვნელოვანია ეკონომიკური ფაქტორები, ფაქტობრივად 10%-იანი ზრდა არის ბოლო წლები ეკონომიკაში და ეს მათაც აღნიშნეს მოლაპარაკებების დროს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილურად მზარდი უძრავი ქონების ბაზარი. აღსანიშნავია, რამდენჯერმე იყო ხსენებული, რომ თბილისი აღმოსავლეთ ევროპის დუბაი ხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი ხდება ნებისმიერი ინვესტორისთვის. აქედან გამომდინარე, ეს განწყობები და ბიზნესის სწორი ანალიზი იყო იმის საფუძველი, რომ ტრამპის ორგანიზაცია ასე აქტიურად საქართველოში შემოსვლით," - განაცხადა შიო ხეცურიანმა.