რეზონანსი
13.05.2026

თბილისის მუნიციპალიტეტის ინსპექციამ "იდეა პანორამა 2-ის" მშენებლობა შეაჩერა და მშენებელი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 30 000 ლარით დააჯარიმა.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის 13 მაისს ობიექტზე დაფიქსირდა ფერდის (კლდის) ნაწილის ჩამოშლა, რამაც გამოიწვია სამშენებლო მოედანზე მომუშავე მძიმე ტექნიკის დაზიანება.

სამშენებლო პროცესის შეჩერება ძალაშია მშენებლობის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფამდე.

"დანელიას ქუჩაზე მშენებლობა ნებართვის ფარგლებში ხორციელდება. ამ ეტაპზე თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მშენებლობის პროცესი შეაჩერა და მშენებელი უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის დააჯარიმა 30 000 ლარით.

ვაკის რაიონში, N01.14.05.009.142 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2026 წლის 6 მარტის N7832707 ბრძანებით შეთანხმდა მრავალბინიანი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.

მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2026 წლის 6 მარტიდან 2029 წლის 6 მარტის ჩათვლით (დამკვეთი: „იდეა პანორამა 2“ (ს/ნ 405606045)). მიმდინარე წლის 13 მაისს ობიექტზე დაფიქსირდა ფერდის (კლდის) ნაწილის ჩამოშლა, რამაც გამოიწვია სამშენებლო მოედანზე მომუშავე მძიმე ტექნიკის დაზიანება. გამომდინარე იქიდან, რომ დაირღვა საქართველოს მთავრობის 27.05.2014 წლის N361 დადგენილება „მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, სამსახურმა სამართალდამრღვევი პირის მიმართ 2026 წლის 13 მაისს მიიღო N003980 დადგენილება 30 000 ლარით დაჯარიმების შესახებ; ასევე, სამშენებლო პროცესის შეჩერების დადგენილება (N შ-150/26 13.05.2026 წ.), რომელიც ძალაშია მშენებლობის უსაფრთხოების წესების უზრუნველყოფამდე. კერძოდ, საჭიროა, შესაბამისად დამუშავებული კონსტრუქციული პროექტისა და საექსპერტო დასკვნის საფუძველზე განხორციელდეს გამაგრებითი სამუშაოები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ფერდის მდგრადობა და მომიჯნავე საკადასტრო კოდებზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება; ასევე, გამაგრების სამუშაოების დასრულების შემდგომ სავალდებულოა შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარმოდგენა, რომლითაც დადასტურებული იქნება განხორციელებული სამუშაოების შესაბამისობა ფერდის გამაგრების პროექტთან და მომიჯნავე საკადასტრო კოდებზე არსებული შენობა-ნაგებობებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება," - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ნაფეტვრების გზაზე კლდე ჩამოიშალა და მძიმე ტექნიკა მოიყოლა. მძღოლმა, რომელიც ტრაქტორს მართავდა, კაბინიდან გადახტომა მოასწრო.

საჭირო გახდა მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×