
ევროსტატის მონაცემების თანახმად, 2025 წელს ევროკავშირის ტერიტორიიდან გაძევებულთა და მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა რაოდენობის მიხედვით საქართველო მეორე ადგილზეა. გასული წლის განმავლობაში ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან საქართველოში 10 475 პირი დაბრუნდა. მესამე ქვეყანაში დაბრუნებულთა შორის ყველაზე მეტი თურქეთის მოქალაქეა 13 405 პირი, მესამე ადგილს იკავებს სირია -8 370 პირი და მას მოჰყვება ალბანეთი - 8020 პირი.
ევროსტატის მონაცემებით, მესამე ქვეყნის ყველაზე მეტი მოქალაქე - 29 295 პირი ქვეყნიდან გერმანიამ გააძევა. გაძევებულთა რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა საფრანგეთი - 14 940 პირი, მესამე ადგილს კი შვედეთი იკავებს, რომელმაც ქვეყნიდან 11 250 პირი გააძევა.
2025 წლის განმავლობაში ევროკავშირში შესვლაზე უარი 132 600 მესამე ქვეყნის მოქალაქეს ეთქვა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (123 835 ადამიანი) 7,1%-ით აჭარბებს. აქედან ევროკავშირში შესვლაზე უარი ჯამში საქართველოს 4 785 მოქალაქეს ეთქვა.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი ადამიანის რაოდენობამ 21,7%-ით დაიკლო, რაც იმას ნიშნავს, რომ არალეგალთა რაოდენობა 918 525 პირიდან 719 395 პირამდე შემცირდა. 2025 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქე 16 230 არალეგალი ცხოვრობდა.
ევროსტატის მონაცემების თანახმად, შესაბამის ბრძანების გამოცემის შემდეგ, მესამე ქვეყანაში 135 460 ათასი მესამე ქვეყნის მოქალაქე დაბრუნდა. აღნიშნული მონაცემი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, თითქმის 21%-ით არის გაზრდილი.