ნატალია ჯვარიძე
13.05.2026

ვულოცავ რუსეთის ყველა დასავლელ „მეგობარს" „სარმატის" სტრატეგიული სარაკეტო სისტემის წარმატებით გამოცდას, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა ჩვენ ყველანი ბევრად უფრო ახლოს ვართ!" - აცხადებს მედვედევი.

ცნობისთვის, რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალების მეთაურმა სერგეი კარაკაევმა განაცხადა, რომ რუსეთმა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა „სარმატი" წარმატებით გამოსცადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სარმატის" სისტემას მსოფლიოში ყველაზე მძლავრი უწოდა და სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს უახლესი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის წარმატებით გაშვება მიულოცა.

მისი თქმით, რაკეტის მოქმედების რადიუსი 35 000 კილომეტრია. „RS-28 სარმატი" არის რუსეთის მძიმე კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც დასავლეთში ხშირად „Satan 2"-საც ეძახიან. ის შექმნილია ძველი საბჭოთა R-36M ტიპის რაკეტების ჩასანაცვლებლად.

ბირთვული იარაღის მატარებელი რაკეტაა, რომელსაც შეუძლია ათასობით კილომეტრის დაფარვა; გათვლილია რამდენიმე ბირთვული ქობინის გადასატანად და შექმნილია ანტისარაკეტო სისტემების გვერდის ავლისთვის.

დასავლელი უსაფრთხოების ანალიტიკოსების თქმით, პუტინმა გაზვიადებული განცხადებები გააკეთა რუსეთის ახალი თაობის ბირთვული იარაღის ზოგიერთი შესაძლებლობის შესახებ. დასავლელი ექსპერტების თქმით, „სარმატს" წარსულშიც ჰქონდა წარუმატებლობები. მაგალითად 2024 წლის სექტემბერში ჩატარებულმა ერთ-ერთმა ცდამ გაშვებისას ღრმა კრატერი დატოვა.

ასევე, ექსპერტების თქმოთ, რუსეთი ცდილობს აჩვენოს, რომ მისი ბირთვული შეკავების ძალა კვლავ ძლიერია და ასეთი განცხადებები მიმართულია როგორც დასავლეთის, ისე შიდა რუსული აუდიტორიისკენ.

პრეზიდენტ პუტინის განცხადებას, რომ „სარმატის" რაკეტას 35 000 კილომეტრზე მეტი დიაპაზონი შეუძლია, ექპსერტები სკეპტიკურად შეხვდნენ. არაერთი დამოუკიდებელი შეფასების თანახმად, „სარმატის" მოქმედების დიაპაზონი, დატვირთვის კონფიგურაციიდან გამომდინარე, 11 000-დან 18 000 კილომეტრამდეა შეფასებული. „ არ არსებობს სანდო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს 35 000 კმ-ის დიაპაზონს, რაც დაახლოებით დედამიწის გარშემოწერილობის 1,5-ჯერ მეტია და ტექნიკურად დაუჯერებელია სილოსზე დაფუძნებული რაკეტისთვის.

„ასეთი რიცხვი თითქმის დანამდვილებით გაზვიადებული ან არასწორი ინტერპრეტაციაა", - განაცხადა დასავლელმა თავდაცვის ანალიტიკოსმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×