
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის მიმართ ჯო ბაიდენის პოლიტიკას აგრძელებს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა RT India-სთან ინტერვიუში განაცხადა. „ბევრის თქმა შეიძლება იმის შესახებ, რომ რუსეთსა და აშშ-ს ურთიერთსასარგებლო, თანამედროვე, ტექნოლოგიური, ენერგეტიკული და სხვა სახის პროექტების განხორციელების უზარმაზარი პერსპექტივები აქვთ.
მაგრამ, რეალურად არაფერი ხდება. იმ რეგულარული დიალოგის გარდა, რაც ადამიანებსა და სახელმწიფოებს შორის ნორმალურია, ყველაფერი იმავე ხაზზე რჩება, რაც ჯო ბაიდენმა წამოიწყო. მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქცია ძალაში რჩება. მეტიც, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე საკუთარ ინიციატივებსაც ახორციელებს რუსეთის ეკონომიკური „დასჯის" მიზნით", - განაცხადა ლავროვმა.
ამასთან, მისი თქმით, რუსეთი აფასებს, რომ დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან დიალოგი წამოიწყო.
„ჩვენ კომუნიკაცია სხვადასხვა დონეებზეც გვქონდა, მაგალითად სახელმწიფო მდივანსა და თქვენს მონა-მორჩილს შორის. ასევე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელს შეხვდა", - აღნიშნა ლავროვმა.
ლავროვის განცხადებით, აშშ სხვადასხვა ქვეყნებზე ზეწოლას ახორციელებს, რომ ნავთობი რუსეთიდან არ შეიძინონ.
„საქმე იმაშია, რომ ისინი ცდილობენ ყველას აიძულონ, რუსეთიდან იაფი ნავთობი კი არ შეიძინონ, არამედ ძვირადღირებული ნავთობი და თხევადი ბუნებრივი აირი აშშ-დან იყიდონ. ამ გზით ისინი მსოფლიოს მართვას გლობალური ენერგეტიკის კონტროლის გზით ცდილობენ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
- ვახტანგ მაისაია: "ასეთი განცხადება ალბათ, განპირობებულია იმით, რომ ამერიკელები აპირებენ სამხრეთ კავკასიაში შემოსვლას. როგორც ჩანს, საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დიდი ვიზიტი კრემლის წარმომადგენლებს აშფოთებს"
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ კრემლს ამერიკის ბოლოდროინდელი მოქმედებები აშფოთებს.
„საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელი განცხადებაა. თითქოს ადრე კრემლის ხელმძღვანელობა ტრამპის ადმინისტრაციის დამოკიდებულებას აკმაყოფილებდა. მითუმეტეს, ბოლო განცხადბების ფონზე. რა თქმა უნდა, ლავროვი პუტინთან შეთანხმების გარეშე არაფერს იტყოდა.
ასეთი განცხადება ალბათ, განპირობებულია იმით, რომ ამერიკელები აპირებენ სამხრეთ კავკასიაში შემოსვლას. როგორც ჩანს, საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დიდი ვიზიტი კრემლის წარმომადგენლებს აშფოთებს. ასევე, ამერიკა-სომხეთის ურთიერთობების დაახლოება.
ამასთან, ტრამპის განცხადების მიუხედავად უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარება გრძელდება. პრინციპში, არც შეწყვეტილა.
მესამე, ტრამპის ჩინეთში ჩასვლა. ალბათ, რუსეთისთვის ესეც შეშფოთებას იწვევს, რადგან შესაძლოა სი ძინპინმა და ტრამპმა ურთუერთობა მოაგვარონ, მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური. ეს კრემლისთვის საშიში ფაქტია. მითუმეტეს, რომ რუსეთში სერიოზული პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემებია",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".