
"ოპოზიციურ ალიანსში" დარწმუნებულები არიან, რომ "ეროვნული მობილიზაციის" ფარგლებში დაანონსებული 26 მაისის აქცია მასშტაბური იქნება, მმართველ პარტიაში კი, ოპოზიციური მხარდამჭერების სიმცირეზე მიუთითებენ. აქვე უნდა ითქვას, რომ ალიანსმა ორი დღის წინ "კარდაკარის" კამპანია უკვე დაიწყო თბილისში.
"ოპოზიციური ალიანსის" ლიდერები "კარდაკარის" ფარგლებში 11 მაისიდან თბილისის სხვადასხვა უბნის მოსახლეობას ხვდებიან და როგორც თვითონ ამბობენ, დაგეგმილი აქციის შესახებ ინფორმაციას აწვდიან.
"დარწმუნებული ვარ, რომ 26 მაისს ბევრნი ვიქნებით. ბევრი ადამიანი აპირებს მოსვლას და ჩვენ პირადად გადავცემთ მოსაწვევს. ეს არის ერთიანობის დღე. ჩვენ არა თუ უკან არ ვიხევთ, არამედ ერთად ვდგავართ და ერთ მუშტად შეკრულ ქართველ ერს წინ ვერაფერი დაუდგება.
"ვაგრძელებთ კამპანიას, დღეს „დიდუბეში" ვართ და კამპანიას ვაგრძელებთ. განწყობა პოზიტიურია. ხვალ გლდანში გადავინაცვლებთ და მთელ თბილისს მოვივლით", - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.
"ქართული ოცნების" დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები არანაირი სიკეთის მომტანები არ არიან და მათ არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვთ.
"სახელი მოიფიქრეს და „ალიანსი" დაარქვეს, სინამდვილეში რაის ალიანსი უნდა იყოს, შიგნით ვინც არიან, წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ქვეყანა, სამშობლო და ა.შ. ვხედავთ ერთმანეთში როგორი დაპირისპირება აქვთ. არც ჩვენი ქვეყნისთვის და არც ქართველი ხალხისთვის არანაირ ნიშნულს არ წარმოადგენენ. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. ისინი არანაირი სიკეთის მომტანები არ არიან, თანმიმდევრულები არ არიან
და ძალიან ლოგიკურად, არც ქართველი ხალხის მხარდაჭერა აქვთ.
"თქვენ ხედავდით, რომ თავიდან, შედარებით მოზრდილ საკონფერენციო დარბაზს ქირაობდნენ, შემდეგ უკვე ვნახეთ, როგორ დავიწროვდნენ. მალე, ალბათ, თავიანთი სახლის ოთახებში ჩაატარებენ ხოლმე ასეთ შეხვედრებს და თავყრილობებს," - განაცხადა ღუდუშაურმა.
რას ეფუძნება ოპოზიციის ოპტიმიზმი
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რადგან ხალხს კრებენ, ბუნებრივია ოპტიმიზმიც იქნება, თუმცა, მთავარია მომდევნო დღეებში რა იქნება.
"რაკი ხალხს კრებენ, ბუნებრივია, ოპტიმიზმიც უნდა ჰქონდეთ, სხვანაირად მათი მოტივაცია არადამაჯერებელი იქნება. ოპტიმიზმი და 26 მაისი გასაგებია, ეს ყველასთვის წმინდა დღეა და ნებისმიერ შემთხვევაში ბევრი ხალხი გამოვა. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია 27-28-ში რა იქნება, თორემ იმ დღით რომ ხალხი გამოვა, ამაში არავის ეჭვი არ ეპარება.
- პაატა ზაქარეიშვილი: "ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია 27-28-ში რა იქნება, თორემ იმ დღით რომ ხალხი გამოვა, ამაში არავის ეჭვი არ ეპარება"
"კარგი იქნება, თუ ოპოზიცია ხალხის გამოყვანას არამნიშვნელოვან დღეებში მოახერხებს. თუმცა, არც ხალხის გამოყვანაა მთავარი - ამ ოპოზიციამ ხალხი ადგილობრივ არჩევნებზე არ მიიყვანა ბოიკოტის გამო, ხალხის ხმებს უარი უთხრა და პარლამენტში არ შევიდა, აქციები და მსგავსი ღონისძიებები კარგი და ეფექტისმომტანია, მაგრამ რას იძლევა და რაზეა გათვლილი?"--განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ რთულია თქმა, რას ეფუძნება ოპოზიციის ოპტიმიზმი.
"რთულია იმის თქმა, ეს ოპტიმიზმი რას ეფუძნება. თუ ისინი მათი ტრადიციული მომხრეებს რაოდენობას გულისხმობენ, მაშინ რაღაც გარკვეული რაოდენობა მოგროვდება - ვიღაცას პარტიული აქტივის ვალდებულებით მოიყვანენ, ვიღაცას ფულს გადაუხდიან, მაგრამ მათ წარმოდგენაში რამდენია ეს "ძალიან ბევრი", ეს ცოტა არ იყოს რთული განსასაზღვრია, რას გულისხმობენ - 50 ათასს, 100 ათასს, 2 ათასს, თუ რამდენს?
"მათი წინა მიტინგებიდან გამომდინარე, მოლოდინი მაქვს, რომ დაახლოებით ის რაოდენობა შეიკრიბება, რაც აქამდე იკრიბებოდა, საიუბილეო თარიღებისადმი მიძღვნილ მათ აქციებზე, გვახსოვს ხალხი 31 მარტსაც შეკრიბეს და კიდევ სხვა ღირსშესანიშნავი თარიღების დროს და ალბათ დაახლოებით იმდენივე რაოდენობა იქნება, რაც ადრე იყო და რაც ხელისუფლებისთვის დიდ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მით უმეტეს, ბოლო წლების მანძილზე მიტინგების მართვა ისწავლეს, წინა გაკვეთილების გათვალისწინებითაც",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
აქციის მიზანი
პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ მისთვის გაურკვეველია აქციის მიზანი რა არის და კარგი იქნება თუ დააკონკრეტებენ.
"დღემდე არ ვიცი რა მიზნებზე იყო გათვლილი პარლამენტში არშესვლა და ადგილობრივ არჩევნებზე ბოიკოტიც - ამაზე ანგარიში არავის არ გაუკეთებია. ახლა უნდა თქვან რა მიზნებს ემსახურება 26 მაისის აქცია. თუ რაიმე გეგმა აქვთ, კი ბატონო, გამოაცხადონ - რაღაცით უნდა ახსნან, რომ ეს ხალხი ბოიკოტს ტყუილად არ აცხადებს.
"ლაპარაკი უნდა იყოს, რისთვის სჭირდებათ 26 მაისს ხალხის გამოყვანა, რა მიზნებს ემსახურება, რატომ და რისთვის მოუწოდებენ, თორემ ხალხი ამ დღით ისედაც გამოვა. მეც კი გავალ, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მერე სახლში დავბრუნდები და დავფიქრდები ამ ხალხმა რატომ გამომიყვანა?
"მემგონი, აქცია ერთჯერადი იქნება და მხოლოდ იმის ჩვენება - ჩვენც ვარსებობთ. მე გრძელვადიან პროექტებს ველოდები, რომ მომავალში წამოგყვე, ანუ რატომ მთავაზობ, გამოსვლას, ბოიკოტს, არშესვლას, ამას რისთვის აკეთებ და რა მიზანი აქვს? "ქართული ოცნება" თავს მშვენივრად გრძნობს და არ ჩამოშლილა, ყველგან და ყველაფერში უმრავლესობა აქვთ. ამიტომ რა პრობლემას ვუქმნით "ქართულ ოცნებას"?
"რაც უფრო მეტი ხალხი გამოვა და ხშირად, ეს კარგია, მაგრამ ამ დროს არჩევნებს რას უშვრებიან? კარგი იქნება, თუ 26 მაისს იტყვიან, რომ ჩვენ ბოიკოტით ვერაფერს ვერ მივაღწიეთ, დიდი შეცდომა დავუშვით, რითიც "ოცნება" მეტად გაძლიერდა, რაც სამწუხარო ფაქტია და იტყვიან, რომ ნებისმიერ არჩევნებში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას, როგორც არ უნდა გააყალბონ, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრიო",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
- ზაალ ანჯაფარიძე: "მათი წინა მიტინგებიდან გამომდინარე, მოლოდინი მაქვს, რომ დაახლოებით ის რაოდენობა შეიკრიბება, რაც აქამდე იკრიბებოდა"
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ ჯერჯერობით ოპოზიციის მხრიდან არანაირი რეალური გეგმა არ გაჟღერებულა და უცნობია აქციის რეალური მიზანიც.
"აქცია ერთჯერადი იქნება, თუ არა, ეს ალბათ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ აქციის დინამიკა როგორ წარიმართება, ამ ეტაპზე ვერ გეტყვით მათ ეს ჩაფიქრებული აქვთ, როგორც ერთჯერადი აქცია, თუ როგორც განგრძობადი, მაგრამ ერთჯერადი აქციებით თავად ოპოზიციური ამომრჩეველიც უკვე გარკვეულწილად იმედგაცრუებულია და არ გამოვრიცხავ, რომ ეს რაღაც პერმანენტულ აქციად აქციონ. თუმცა, პერმანენტული გამოსვლები რუსთაველზე ისედაც მიდის და შეიძლება ეს მომიტინგეები მათ შეუერთდნენ.
"ჯერჯერობით მათი მხრიდან არანაირი ამის (რეალური გეგმის) მსგავსი არ მომისმენია და არ წამიკითხავს გარდა მყვირალა და გვარიანად მოყირჭებული ფრაზებისა, რომ სამშობლოს გვართმევენ, უნდა დავიბრუნოთ, რუსეთისკენ მივდივართ, ევროპასთან უნდა დავბრუნდეთ და ა.შ. ეს ფრაზები ხალხმა უკვე მოისმინა, მაგრამ ხალხი ამ ოპოზიციურ კონგლომერატისგან ვერ ხედავს და ვერ ისმენს, თუ დავუშვათ ისინი ხელისუფლებაში მოვლენ, უკეთესობისკენ რა შეიცვლება ქვეყნისთვის , რიგითი მოქალაქეებისთვის, არაფერი მსგავსი ბოლო პერიოდის მანძილზე მათგან არ მომისმენია",- განაცხადა ანჯაფარიძემ.
მოსალოდნელია თუ არა ინციდენტები
პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების ვალდებულებაა წესრიგის დამყარება.
"26 მაისი ყველასთვისაა, ოპოზიციას უფლება აქვს ხალხი გამოიყვანოს. "ქართულ ოცნებას" ამ შემთხვევაში რა უნდა არ ვიცი, არ გამოხვიდეთო? ის არის ხელისუფლება და წესრიგის დამყარება მისი ვალდებულებაა, ის უნდა ამბობდეს, რომ ყველას მივესალმებით, ყველას დღეა, ამიტომ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პროვოკაციები არ დავუშვათ და პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იქნება, რომ ყველამ თავისი გეგმის მიხედვით მშვიდობიანი ფორმით ჩაატაროს თავისი ღონისძიებები, გარანტიას ვიძლევით, რომ ყველაფერი წესრიგში იქნება და არანაირ ესკალაციას არ დავუშვებთ. მაგრამ წინასწარ ამბობდე, რომ დაძაბულობა იქნებაო, მაშინ აღიარებენ, რომ ისინი ხელისუფლება არ არიან და სიტუაციის გაკონტროლების უნარი არ შესწევთ",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს, რომ გარკვეული დაპირისპირებები მოსალოდნელია.
"არ ვიცი ხელისუფლება საზეიმო ღონისძიებებს გადაიტანს თუ არა რუსთაველიდან სხვა ადგილზე, თუ იქ დატოვებს. თუ იქ იქნება გამართული საზეიმო ღინისძიებებისადმი მიძღვნილი გამოფენები და ა.შ. ჩვეულებრივ ხალხთან, ვინც ოპოზიციის მომხრეები არ არიან შეიძლება შეხლა-შემოხლა მოხდეს. არ გამოვრიცხავ, რომ მათ შეიძლება სწორედ ხალხთან შეტაკების ინიცირება ჰქონდეთ ჩაფიქრებული.
"იქიდან გამომდინარე, რომ ისინი რადიკალურ განცხადებებს აკეთებენ, მათი მოქმედების სტილს და მათ პოლიტიკურ ფილოსოფიას ვინც იცნობს, არაფერი არაა გამორიცხული", - განაცხადა ანჯაფარიძემ.