რეზონანსი
13.05.2026

ქართველი კომპოზიტორი და მომღერალი ნუნუ გაბუნია დაიბადა 1941 წლის 18 ივლისს ქალაქ თბილისში. 1966 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიტორო ფაკულტეტი, 1970 წელს - თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი. სწორედ ამ პერიოდიდან გახდა ის საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი სახე.

ნუნუ გაბუნიას ცხოვრება, წარმატებასა და აღიარებასთან ერთად, სირთულეებითაც იყო სავსე, რომელიც მეტწილად, მის პირად ცხოვრებას უკავშირდება. ნუნუ გაბუნიას მეუღლე ცნობილი მსახიობი, გოჩა აბაშიძე იყო. მათ ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს.  მაშინ გოჩა აბაშიძეს რთული პერიოდი ჰქონდა. მამამისი გადასახლებიდან ჩამოვიდა და გარდაიცვალა. დედამისს სხვა ქმარი ჰყავდა, რის გამოც ძალიან ნერვიულობდა.

"ჩემი და ჩემი მეუღლის, მსახიობ გოჩა აბაშიძის ამბავი ყველამ იცის. 24 წლის იყო, რომ გარდაიცვალა. ჩვენ ოფიციალურად გაყრილები არ ვიყავით, უბრალოდ, დავშორდი. მარტომ გავწიე ამ ცხოვრების ჭაპანი.

დედასთან წამოვედი და შვილიც წამოვიყვანე. ჩემი დედამთილი საშინელი ქალი იყო. მე და გოჩა რომ შევუღლდით, კინოსტუდიამ საქორწინო მოგზაურობა გაგვიკეთა. მოსკოვში ფესტივალი იყო დანიშნული, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ ხელოვნების წარმომადგენლები. კინოსტუდიამ ფესტივალზე გაგვიშვა, თან საქორწინო მოგზაურობა გამოგვივიდოდა. გოჩა გახარებული იყო, მაგრამ ერთ დღესაც მოვიდა და მითხრა, შენ ვერ წამოხვალ მოსკოვში, ფესტივალზე დედაჩემი მოდისო. საქორწინო მოგზაურობაში ჩემი დედამთილი წავიდა…

ჩემმა დედამთილმა რომ გაიგო, ფეხმძიმედ ვიყავი, სასწრაფოდ წამიყვანა აბორტის გასაკეთებლად. პატარა გოგო ვიყავი და არ ვიცოდი, სად მივყავდი. ექიმმა უთხრა, თუ აბორტს გავიკეთებდი, შვილი აღარ მეყოლებოდა. მე შევეწინააღმდეგე, მაგრამ ჩემი დედამთილი მაინც მოითხოვდა აბორტის გაკეთებას. არ უნდოდა, გოჩას ცოლი მოეყვანა, ოჯახი ჰყოლოდა. ჩემმა დედამთილმა თავისი ქმარი, გოჩას მამა მიატოვა და ქმრის მეგობარს გაჰყვა ცოლად. სხვათა შორის, გოჩას გარდაცვალების შემდეგ მოაწერა ხელი მეორე ქმართან," - განუცხადა ჟურნალ "სარკეს" კომპოზიტორმა.

"სარკე"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×