
მოსკოვი უკრაინაში ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცის შეჩერების წინაპირობას აყენებს. როგორც კრემლში ამბობენ, ამისთვის მზად არიან, თუ "კიევი საჭირო გადაწყვეტილებებს მიიღებს", რაშიც დიდი ალბათობით იგულისხმება ის პუნქტები, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მოლაპარაკებების პროცესში წარადგინა და რასაც ცალსახად უკრაინის ხელისუფლება არ ეთანხმება.
ანალიტიკოსთა შეფასებით, რუსეთს სამხედრო რესურსები ამოეწურა და ახლა აუცილებელ გადატვირთვას საჭიროებს, რასაც თავად პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც ხედავს და შეასძლოა 2014 წლის სცენარის განმეორება სურდეს, როცა დონბასში ფრონტი გაყინა მინსკის შეთანხმებით და რვა წლის შემდეგ ისევ განაახლა მოქმედებები.
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ფრონტის გაყინვა განსაკუთრებით ნეგატიურად აისახება იმ ქვეყნებისთვის, სადაც რუსეთი გავლენებს ფაქტიურად კარგავს.
რას აცხადებენ კრემლში
"რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს მოსკოვში ან სხვა ნებისმიერ ადგილას", - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა.
მისი მტკიცებით, სხვაგან მოლაპარაკებების გამართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ პროცესი სრულად დასრულდება.
"მის დასასრულებლად, წერტილის დასასმელად, ჯერ კიდევ ბევრი საშინაო დავალების შესრულებაა საჭირო", - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეწყდეს, თუ კიევი საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებს.
- დიმიტრი პესკოვი: "ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მზადაა უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს მოსკოვში ან სხვა ნებისმიერ ადგილას"
"სპეციალური სამხედრო ოპერაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეწყდეს, როგორც კი კიევის რეჟიმი და ზელენსკი პასუხისმგებლობას აიღებენ და საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებენ. კიევმა ზუსტად იცის, რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
რა ჩანაფიქრი აქვს პუტინს და რა მოჰყვება ამას
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" ამბობს, რომ პუტინს კარგად ესმის, რომ ჯარი გამოეფიტა და რესურსები ამოწურვისკენ მიდის, ამიტომ შესვენება რუსეთის ძალებისთვის მნიშვნელოვანია. მაისაია დასძენს, რომ მიულევადი რესურსი არც უკრაინას აქვს და მასაც სჭირდება ტაიმ-აუტი.
"რუსული სამხედრო მანქანის რესურსები ფაქტიურად ამოწურვისკენ მიდის, მათაც სჭირდებათ ისეთივე გადატვირთვა, როგორც ეს ამერიკის შეიარაღებულ ძალებსა და ირანს ჰქონდათ. მათ სჭირდებათ ფრონტის ერთგვარი შენელება-გაციება, შემდეგ რესურსების შევსება.
"პუტინს კარგად ესმის, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების ის ნაწილები, რომლებიც დღეს უკრაინის ომში არიან ჩართული, ფაქტიურად გამოიფიტნენ და ამოეწურათ რესურსი და მათ აუცილებლად ტაიმ-აუტის აღება სჭირდებათ.
"პუტინი ისეთი გაქნილი და ვერაგი ადამიანია, ფიქრობს, რომ სანამ საბოლოო მიზნებს არ მიაღწევს, ის უკრაინასთან ომს არ გააჩერებს, ახლა უბრალოდ ტაიმ-აუტი სჭირდება, დაახლოებით ისეთი, რაც 2014 წელს იყო დროებითი შეჩერება. მერე ძალების შევსება-ათვისება და ომის განახლება.
"ახლა რუსეთში შეიძლება მობილიზაცია გამოცხადდეს და მაქსიმალური, რაც ახლა პუტინმა შეიძლება გააკეთოს, ესაა დაახლოებით 500 ათასი ადამიანის მობილიზებაა, თუმცა მათ მომზადება სჭირდებათ. 2022 წლის შემოდგომით პირველი მობილიზაციის დროს, საკმაოდ ბრძოლისუნარიანი რეზერვები მიიღო, ამ მობილიზაციურ ძალას მომზადება არ სჭირდებოდა, მაგრამ დღეს იმ 500 ათას ადამიანს აუცილებელი მომზადება-გადამზადება სჭირდება.
"პუტინს პირველი ხარსიხის რეზერვისტები არ ჰყავს და ბუნებრივია ამ ყველაფერს დრო სჭირდება - საბრძოლო მოქმედებების დროებით დაკონსერვება, ზავი, რომ ისინი მოამზადონ.
"არც უკრაინის რესურსებია მიულეველი, ორივე მხარეს ერთგვარი გადაღლილობის ეფექტი შეიმნჩნევა. ორივე მხარეს შეინიშნება ის ტენდენცია, რომ ჯარიკაცებს ქუჩაში დასდევენ და ფრონტზე მიჰყავთ. ახლა მაგალითად ჩეჩნეთში გუშინ-გუშინწინ სამი ახალგაზრდა გაიტაცეს, ძალით მოაწერინეს კონტაქტზე და ფრონტის წინა ხაზზე გაუშვეს. ასეთმა გადაჭერებმა რუსეთში უფრო მასიური ხასიათი მიიღო.
"პუტინს შესაძლოა ჰქონდეს რეალური საშიშროება სხვადასხვა კლანებისაგან, მაგრამ დღეს პრიგოჟინის სცენარის განმეორება რეალურად არავის შეუძლია. პუტინმა უკვე დაიწყო ე.წ. თანამეინახის ოპერაცია, მან ფაქტიურად თავის მემკვიდრე დაასახელა და იწყება მისი კიდევ უფრო პოპულარიზება და გაქაჩვა",- განაცხადა მან.
მისი თქმით, თუ უკრაინაში ომი მხოლოდ შეაჩერა, აქცენტს გადაიტანს ისეთ ქვეყნებსა და რეგიონებზე, სადაც გავლენებს კარგავს.
"თუ მოქმედებები შეჩერდა, კრემლი შეეცდება თავისი აქცენტები სხვადასხვა მიმართულებით გადაანაწილოს. გააკეთოს აქცენტი მისთვის განსაკუთრებული გავლენის ზონებში, მათ შორის კავკასაიზე, აღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიის მიმართულებაზე. ეს მიმართულებები რუსეთისთვის ყველაზე სუსტი წერტილია.
- ვახტანგ მაისაია : "თუ უკრაინაში მოქმედებები შეჩერდა, კრემლი შეეცდება თავისი აქცენტები სხვადასხვა მიმართულებით გადაანაწილოს, სადაც გავლენებს კარგავს"
"რუსეთი სამხრეთ კავკასიაში ფაქტიურად გავლენას კარგავს, რაც მისთვის მომაკვდინებელი დარტყმაა. არ ვიცი რბილ ძალას გამოიყენებს, მარტივს თუ ხისტს, მაგრამ თუ უკრაინაში სამხედრო მოქმედებები შეჩერდა, ის აქცენტს აქეთ გადმოიტანს.
საქართველოში ამერიკული გავლენები რუსეთის გავლენების საპირწონედ იზრდება და ეს პუტინისთვის რეალურად მომაკვდინებელია სომხეთზე რომ არაფერი ვთქვათ.
"სომხეთმა საერთოდაც სილა გააწნა, ზელენსკი მაღალ დონეზე მიიღო, გაიმართა მოლაპარაკებები და კრემლის დაუძინებელი მტერი მაკრონი და ზელენსკი ამ სამიტის ყველაზე საპატიო სტუმრები იყვნენ, ეს პუტინისთვის საკმაოდ სერიზული გეოპოლიტიკური შეურაცხყოფა იყო. ამასთან, რუსეთს აზერბაიჯანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს, სომხეთის პრემიერმაც კრემლის მიმართულებით დამცინავი ეფექტი შექმნა და საქართველოშიც ფაქტიურად კარგავს პოზიციებს და აქ უკვე ამერიკული გავლენა აშკარად ძლიერდება",- განაცხადა მაისაიამ.