ელზა პაპოშვილი
13.03.2024

საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ტერიტორიაზე. პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი რუსული ლეგიონი კვლავ გააქტიურდა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ ლეგიონის ქვეითმა მებრძოლებმა და ჯავშანტექნიკამ რუსეთის საზღვარი გადაკვეთა და რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა. შეტევა ძირითადად კურსკის ოლქში განხორციელდა და ამბოხებულებმა რამდენიმე სოფელიც დაიკავეს. რუსეთზე განხორციელდა შეტევები უპილოტო საფრენი აპარატებითაც. ერთ-ერთი დრონი ქალაქ ბელგოროდის ადმინისტრაციის შენობას მოხვდა.  

Ukrayinska Pravda-ს წყარო უსაფრთხოების სამსახურიდან ეუბნება, რომ 13 მარტის ღამეს უკრაინის უშიშროების სამსახურმა დრონებით შეუტიეს რუსეთში სამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას: რიაზანში, კსტოვში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში და კირიში, ლენინგრადის ოლქი.

იგივეს BBC-ის უკრაინულ ბიუროსაც უდასტურებს წყარო სამართალდამცავ უწყებებში.

UP-ის წყაროს თქმით, ეს თავდასხმები არის მტრის გადამამუშავებელი ქარხნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერიის გაგრძელება, რომელიც მანამდე დაზვერვის სამსახურმა დაიწყო.

"ჩვენი ამოცანაა მტერს რესურსების ჩამორთმევა და ნავთობის ფულის და საწვავის ნაკადის შემცირება, რასაც აგრესორი პირდაპირ მიმართავს ომისკენ, უკრაინის მოქალაქეების მკვლელობისკენ", - ამბობს წყარო.

წყარო ამბობს, რომ ამის გარდა, უსაფრთხოების სამსახურმა თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, დრონებით შეუტია რუსეთის საჰაერო ძალების საჰაერო ბაზას ბუტურლინოვკაში და სამხედრო აეროდრომზე ვორონეჟში.

მანამდე რიაზანის რეგიონის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოთხშაბათს, დაახლოებით დილის 7 საათზე, რიაზანში ქარხანას თავს დაესხა უპილოტო საფრენი აპარატი და ცეცხლი გაჩნდა. ოთხი საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხანძარი ლიკვიდირებული იყო.

არ ყოფილა ოფიციალური ინფორმაცია კსტოვოს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ახალი თავდასხმის შესახებ, მას შემდეგ რაც იქ დრონები წინა დღეს ჩამოვიდა.    

შესაძლოა ეს იყოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის დაპირება , რომლიც მან რუსეთს მიერ კრივი რიჰზე თავდასხმისას განაცხადა. მან თქვაა, რომ საპასუხო დარტყმებს განახორციელებდნენ. 

"რუსეთის სახელმწიფოს საპასუხო ზარალს მივაყენებთ - სრულიად სამართლიანად. მათ კრემლში უნდა ისწავლონ, რომ ტერორი მათთვის დაუსჯელი არ რჩება. ამ პაციენტებს ბოროტებისგან ვერაფერი განკურნავს, მაგრამ ისინი განიცდიან დანაკარგს. რუსული სახელმწიფო წააგებს და მხოლოდ ამით შეიძლება ის უსაფრთხო გახდეს მეზობლებისთვის. არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ სხვადასხვა ერებისთვის, ჩვენი ქმედებები ახლა სიცოცხლის გადამრჩენია", - თქვა ზელენსკიმ. 

ამის პარალელურად კი უკრაინა დაპირებული 800 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს, რომელიც ჩეხეთმა ევროკავშირის გარეთ მოიძია. ის კიევს  უახლოეს კვირებში გადაეცემა. Bild-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა განაცხადა.   

ჩეხეთის ლიდერის თქმით, მიწოდების ამ ვადაში განხორციელება შესაძლებელია, თუ „ფუნდამენტური პრობლემები" არ იქნება. ამასთან, პეტრ პაველი არ აკონკრეტებს, რომელ ქვეყნებს შეუძლიათ ასეთი რაოდენობის საბრძოლო მასალის მიწოდება.

მანამდე, უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეხეთის მთავრობა რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა უკრაინისთვის მისაწოდებელი საბრძოლო მასალის ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოძიებას. შედეგად, შესაძლებელი გახდა 155 მმ კალიბრის დაახლოებით 500 ათასი ჭურვის და 122 მმ კალიბრის 300 ათასი ჭურვის მოძიება. მიწოდების წყაროები უცნობია, ანალიტიკოსები სხვადასხვა ქვეყნებს ასახელებენ, დაწყებული სამხრეთ კორეიდან დამთავრებული აფრიკის ქვეყნებამდე.  

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის, უილიამ ბერნსის განცხადებით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევაზე უარის თქმამ, შესაძლოა, ქვეყანაში მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგი გამოიწვიოს.

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე გამართულ მოსმენაზე უილიამ ბერნსმა აღნიშნა, რომ ის ცოტა ხნის წინ უკრაინას მეათე ვიზიტით ეწვია. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორის შეფასებით, დამატებითი დახმარებით, უკრაინა შეძლება ფრონტის ხაზზე პოზიციის შენარჩუნებას 2024 წლის ბოლომდე და მომავალი წლის დასაწყისში, რაც მას უფრო ძლიერი პოზიციიდან მოლაპარაკების საშუალებას მისცემს.

"ვფიქრობ, რომ 2024 წელს დამატებითი დახმარების გარეშე, ვიხილავთ კიდევ უფრო მეტ ავდიივკას უკრაინაში და ეს, ჩემი აზრით, შეერთებული შტატებისთვის უდიდესი ისტორიული შეცდომა იქნება", - განაცხადა უილიამ ბერნსმა.    

კონფლიქტოლოგი მამაუკა არეშიძე კი ამბობს, რომ ეს ომი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე რომელიმე მათგანი ისე არ დასუსტდება, რომ ბრძოლის გაგრძელების თავი აღარ ექნება. არეშიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ უკრაინაში რაიმე მოლაპარაკების დაწყებაზე საუბარი ზედმეტია, რადგან ეს ჯერ ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მოსკოვში არ სურთ. 

„ყველამ კარგად ვიცით, რომ დასავლეთს სხვისი ხელით ნარის გლეჯვის პოლიტიკა აქვს. ამ შემთხვევაში ნარის მგლეჯველი უკრაინელები არიან. ყველამ იცოდა, რომ 2014 წელს რუსეთი მხოლოდ ყირიმზე არ გაჩერდებოდა. საბოლოო ჯამში ასეთი სურათია, რომ ომი გაგრძელდება მანამდე, ვიდრე  ეს  ბრიუსელში, ვაშინგტონში და მოსკოვში უნდათ. 

„ახლა უკრაინა უმძიმეს სიტუაციაშია, ერთის მხრივ ტერიტორიები წართმეულია, მეორეს მხრივ კი დანგრეულია მთელი აღმოსავლეთ უკრაინა. უკრაინის პრობლემები უკვე სხვა ქვეყნების მოსახლეობის გაღიზიანებას იწვევს. ამიტომ უკრაინა არ არის ახლა იმ მდგომარეობაში, რომ ბრძოლა შეწყვიტოს. 

„საბოლოო ჯამში პროცესი იქით მიდის, რომ უკრაინის მაგიდასთან დაჯდომა აბსოლუტურად წამგებიანი იქნება. ამოცანა, რომელიც დასახული აქვს დასავლეთს უკრაინის მეშვეობით რუსეთის დასუსტებისა, ეს ამოცანა ჯერ მიღწეული არ არის. ამიტომ იქნება ეს ომი მანამ, სანამ უკრაინა ან რუსეთი ისე არ დასუსტდება, რომ მოლაპარაკების გარდა სხვა გზა აღარ ექნებათ“,-ამბობს კონფლიქტოლოგი. 

კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ რუსეთმა ყველა ის ომი მოიგო, როდესაც მოწინააღმდეგის ძალა თავის ტერიტორიაზე შეიტყუა და ფრონტი გაშალა. ასე იყო ნაპოლეონის და ჰიტლერის შემთხვევაში. 

„ეს ტაქტიკა, რომელიც მეტოქის რესურსულ შიმშილზეა ორიენტირებული, ახლაც მუშაობს. პუტინს სწორედ ამის იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს დასავლეთი ამ გამოწვევას ვეღარ გაუძლებს. ეს იმიტომ კი არა, რომ დასავლეთს რესურსი მოაკლდება, არამედ კრემლში კარგად იციან, დასავლურ დემოკრატიაზე როგორ უნდა იმოქმედონ.

„ეს არის ამომრჩევლის განწყობების შექმნა და პუტინი ამაზე მუშაობს. ფაქტია ეს ამართლებს და ვხედავთ ევროპულ რიგ ქვეყნებში როგორი პროტესტია. პოლონელმა ფერმერებმა ის ავტომობილები დააზიანეს, რომლითაც უკრაინული მარცვლეულის გატანა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში პოლონეთის გავლით ხდებოდა. სწორედ ამას ელის პუტინი და მას დასავლეთისგან განსხვავებით არც ადამიანური რესურსი და არც სხვა საბრძოლო მასალა ამისთვის არ ენანება“,-ამბობს არეშიძე.         

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×