ნატალია ჯვარიძე
13.03.2024

პუტინის მუქარა ბირთვულ იარაღის გამოყენებაზე განპირობებულია იმით, რომ ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის სასარგებლოდ ჩარევა დაუშვა. თითქოს და პუტინი მზად არის მოლაპარაკებაზე წავიდეს, ესეც დიდი ტყუილია. ამით საკუთარ ხალხს უნდა დაანახოს, რომ მას უნდა მშვიდობა, თუმცა დასავლეთი არ თანხმდება" - ასე აფასებს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი კახა გოგოლაშვილი პუტინის განცხადებებს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინასთან კონფლიქტში გამოიყენოს ბირთვული იარაღი, თუკი საჭირო გახდება ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა.

იარაღი არსებობს იმისათვის, რომ გამოიყენონ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და მზად ვართ გამოვიყენოთ ნებისმიერი იარაღი, მათ შორის ბირთვული იარაღიც. თუ საუბარია რუსეთის სახელმწიფოს არსებობაზე, ჩენი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ზიანის მიყენებაზე. ყველაფერი გაწერილი გვაქვს ჩვენს სტრატეგიაში, ჩვენ ის არ შეგვიცვლია."- განაცხადა პუტინმა.

ასევე, პუტინმა რუსულ მედიასთან განაცხადა, რომ ისინი მზად არიან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ, ისინი დაფუძნებული უნდა იყოს რეალობაზე და არა ფსიქოტროპული საშუალებების გამოყენების შედეგად გაჩენილ სურვილებზე.

მისი მტკიცებით, მოლაპარაკებები კი არ არის პაუზა კიევის გადაიარაღებისთვის, არამედ სერიოზული საუბარი რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის ჩათვლით.

„მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, არა ფსიქტროპული საშუალებების მოხმარების შემდეგ წარმოქმნილი გარკვეული სურვილების საფუძველზე, არამედ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც განვითარდა.

„ჩვენ გვინდა ყველა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით გადავწყვიტოთ, მაგრამ ნათლად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის პაუზა, რომლის გაკეთებაც მტერს სურს გადაიარაღებისთვის და ეს არის სერიოზული საუბარი რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების გარანტიით"- განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა პუტინის განცხადებას, რომ ისინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ, არარეალური უწოდა, რადგან ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები ჩაერთვემა ომში და რუსეთს თავისთვად ომი წაგებული ექნება, რაც რუსეთს გააზრებული აქვს.

„პუტინის მუქარა გამომდინარეობს იქიდან, რომ ნატოს ზოგიერთმა ქვეყანამ რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის სასარგებლოდ ჩარევა დაუშვა. სწორედ, ამის შემდგომ დაიწყო მან მუქარა, რომ თუ საჭირო გახდება ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ. საერთოდ, მაგათი დოქტრინა მაგას გულისხმობს, რომ თუ მათ სახელმწიფოს და სუვერენიტეტს ვინმე შეეხება, ისინი უკიდურეს ფორმას მიმართავენ.

„რუსეთში თვლიან, რომ უკრაინის ტერიტორიები დონბასი და ყირიმი უკვე მათია და თუ ამ მიწებს რაიმე პრობლემა შეექმნება, ეს უკვე ნიშნავს, რომ რუსეთის ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხე ექმნება. ასეთი უცნაური არგუმენტაცია აქვს რუსეთს ამასთან დაკავშირებით.

„პუტინის მუქარა რა თქმა უნდა, არ არის რეალური, რადგან ამით თვითონ რუსეთს გაწირავს. ნატოს ქვეყნებს და შეერთებულ შტატებს ნათქვამი აქვს, რომ თუ ომში რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ნატო ჩაერევა და გაანადგურებს ყველა საომარ საშუალებას, პრაქტიკულად რუსეთს ჯარს გაუწყვეტს. ამ შემთხვევაში რუსეთს თავისთვად ომი წაგებული ექნება. აქედან გამომდინარე, ეს არის პუტინის მორიგი მუქარა, რომელიც არ შეესაბამება რეალობას" - განაცხადა გოგოლაშვილმა.

კახა გოგოლაშვილის თქმით, მოლაპარაკების შესახებ საუბარიც ტყუილია, რადგან რუსეთმა კარგად იცის იმ პირობებით, რაც მათ უნდათ, უკრაინა არ დათანხმდება. ამით კი მხოლოდ საკუთარ ხალხს ანახებენ, რომ მათ მოლაპარაკება და მშვიდობა სურთ, ხოლო დასავლეთი უარზეა.

„თუ შედგა მოლაპარაკება რუსეთსა და უკრაინას შორის, რა თქმა უნდა, რუსეთი არ დაჯერდება იმ მდგომარეობას, რაც ომამდე იყო. იგი მოითხოვს იმ სტატუსის შენარჩუნებას, რაც ახლა არის, ანუ, დაპყრობილი ტერიტორიების: ყირიმის და დონბასის რუსეთის მფლობელობაში გადასვლას. ამას კი უკრაინა არ დათანხმდება.

„მგონია, რომ მოლაპარაკების შესახებ საუბარიც ტყუილია. ამით რუსეთს უნდა, რომ საკუთრ ხალხს დაანახოს, რომ ვითომ მათ უნდათ მოლაპარაკება და მშვიდობა, თუმცა დასავლეთი არ თანხმდება. პუტინმა ძალიან კარგად იცის, რომ რა პირობასაც უკრაინას სთავაზობს, ისინი ამას არ დათანხმდებიან". - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×