რეზონანსი
06.12.2023

ნიკა თუთაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ლევან სირაბიძე 8 თვიანი პატიმრობის შემდეგ მოსამართლე კოტე ჭილაიამ ყველა ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. მან გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ბრალდებული აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით “მეტრონომმა” ინტერვიუ მოკლულის დედასთან ირინა ავაკოვასთან ჩაწერა. მან  აღნიშნა, რომ მკვლელს მაღალჩინოსნები მფარველობენ, რადგან ლევან სირაბაძე, ბათუმის საკრებულოს წევრის ბიძაშვილია.

ასევე, მოკლულის დედამ აღნიშნა, რომ მოწმეებზე განხორციელდა ზეწოლა, რატომაც მათ შეცვალეს ჩვენება.

“იყო ამ ბავშვებზე, მოწმეებზე დაშინება. დავით ჩაჩიბაიაზე იყო ზეწოლა. თავის გამოკითხვის ოქმში 11 მარტს ამ ბიჭმა დაწერა, რომ არანაირი დანა ნიკა თუთაშვილს ხელში არ ჰქონია, მთელი გზა პირველი ბარიდან go bar- დან მემედ აბაშიძის ქუჩამდე, მეორე ბარამდე. ეს ბიჭი მიჰყვება ჩემს შვილს. ნიკა ამოძრავებს ხელს, მირბის და ტელეფონს იჭერს ხელში. ის სმს-ებს წერს, ზარებს უშვებს. მას არ ჰქონდა ანგარიშზე. პირველი დღიდან გამოძიებას ვეუბნებოდი, რომ ჩემი შვილი სმს-ს ვერ გაუგზავნიდა ლევან სირაბიძეს , რადგან მას არ ჰქონდა ანგარიშზე. სულ სხვისი ტელეფონიდანაა გაგზავნილი შეტყობინება ლევან სირაბიძესთან.

ეს ბიჭი, დავით ჩაჩიბაია ნიკას ბოლომდე მიჰყვება, იცის რომ მას არ აქვს დანა და უჭირავს ტელეფონი. იცის, რომ როცა ნიკა არბის კიბეზე და შემდგომ ჩამოსვლის დროს მას დანა ხელში არ უჭირავს. ეს ყველაფერი მან დაწერა თავის გამოკითხვის ოქმში. მერე გამოითხოვეს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ მანდ შუქის ანარეკლი ქმნის ისეთ ასოციაციას თითქოს ჩემს შვილს ტელეფონის ნაცვლად რაღაც საგანი უჭირავს. ჩაჩიაბაის უთხრეს, რომ ეს საგანი ჩანს და შენ იტყვი, რომ ეს არის დანა, საკმაოდ დიდი პურის დანა და დანარჩენზე არ ინერვიულოო. თუ არ იტყოდა დააშინეს, მაგრამ არ ვიცი რითი დაემუქრნენ. შემდგომ ამ ბავშვმა 24 ივლისს შეცვალა რადიკალურად ჩვენება და თქვა, რომ ნიკას ჰქონდა საკმაოდ დიდი პურის დანა.

თვითონ ბრალდებულმა, ლევან სირაბიძემ თავი აარიდა პროკურორისა და თავისი ადვოკატის დაკითხვას და საბოლოო დასკვნითი სიტყვით წარსდგა, სადაც ჰყვება, რომ ნიკა თუთაშვილს ხელი აქვს აწეული მაღლა და უჭირავს ხელში დიდი დანა, მე ეს დავინახე და კართან გასასვლელში ვუჭერ ნიკას მარჯვენა ხელს, იმ ხელს, რომელშიც დანა უჭირავს და ვურტყამ ფეხშიო. უამრავი ვიდეო გავრცელდა, მაგრამ არცერთ კადრში არ ფიქსირდება ეს მომენტი. მოგერიების რეჟიმში იმყოფებოდა ჩემი შვილი, შიშველი ხელებით.როცა დაარტყა სირაბიძემ, მაშინ რატომ არ დაუვარდა ჩემს შვილს ხელიდან დანა?

საქმის მასალებში არ არის ეს დანა. ჩვენ, ოჯახმა უამრავჯერ მოვითხოვეთ, რომ დაგვიდონ დანა, ნივთმტკიცებულება. დანა არ არსებობს. ჩაჩიბაია ამბობს, რომ რეფერალური საავადმყოფოს ეზოში ნაგვის ურნაში ჩავაგდე დანაო, მაგრამ ამ დანის მოძიება ვერ მოხერხდა”

კითხვაზე მფარველობს, თუ არა ვინმე ბრალდებულს ირინა ავაკოვამ უპასუხა, რომ ლევან სირაბაძე, ბათუმის საკრებულოს წევრის ბიძაშვილია და სწორედ რიჩარდ სირაბიძემ ითამაშა აღნიშნულ საქმეში დიდი როლი.

“ბრალდებულის ბიძაშვილი, რიჩარდ სირაბიძე აჭარის საკრებულოს დეპუტატი, ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეა. აი სწორედ მან გაუკვალა გზა ლევან სირაბიძის მამას ჯემალ სირაბიძეს. მიიყვანა იმ საჭირო პიროვნებასთან, ვისთანაც შემდგომ მოხდა მოლაპარაკება და თანხის სანაცვლოდ გაკეთდა ეს ბინძური საქმე. დღეს მკვლელი არის გარეთ. რომ არა რიჩარდ სირაბიძე არაფერი გაკეთდებოდა. პირველ რიგში გავლენამ და შემდგომ ფულმა ითამაშა დიდი როლი, დაიხარჯა კოლოსალური თანხა.

9 წლის ძმაკაცები იყვენენ. დაპირისპირების მიზეზი გახდა დედის შეგინება. 22:10 წუთზე თვითონ აგინებს ჩემს შვილს, მაგრამ ეს არ ჩანს საქმეში.

კარგად გადავამოწმე შემავალი და გამავალი ზარები, როგორც ჩემი შვილის, ისე ლევან სირაბიძის ტელეფონში. ჩემი შვილის ტელეფონიდან არ არის გაგზავნილი არცერთი სმს. ეს ფაქტი სასამართლოში არ გაჟღერდა. ეს პიროვნება, ვისი ტელეფონიდანაც გაიგზავნა შეტყობინება 00:45 წუთამდე იმყოფება ჩემს შვილთან. 00:50 წუთზე მოხდა მკვლელობა, მხოლოდ 5 წუთია სხვაობა. ეს ბავშვი არ ჩანს გამოძიების პროცესში. მაგრამ არის ჩემს შვილთან, შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი მოწმეც იყოს, თუმცა დაკითხვაზეც კი არ ყოფილა.

ახლა ვნახე კიდევ, რომ ლევან სირაბიძის ტელეფონიდან ჩემს შვილთან 00:00 წუთზე არის გაგზავნილი 5 სმს შეტყობინება, ვამოწმებ ჩემი შვილის ტელეფონს და მხოლოდ 1 სმს შეტყობინებაა ნიკას ტელეფონში დარჩენილი, სადაც ლევანი წერს, რომ რატომ შემეხე, რატომ შემაგინე დედაზე, მეწყინა და მივდივარ სახლში. დანარჩენი 4 სმს ლევანის ტელეფონიდან წაშლილია. 11 მარტს მოხდა მკვლელობა და ლევანის ტელეფონი დედამისმა ჩააბარა გამოძიებას 20 მარტს. რაც არ აწყობდათ მათ ნაცნობობით და გავლენებით წაუშალეს და დატოვეს მხოლოდ ერთი, რომლითაც იხელმძღვანელა ადვოკატმა", - განაცხადა ირინა ავაკოვამ.

წყარო: მეტრონომი

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×