რეზონანსი
25.11.2023

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის დეპუტატ, გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, „ლელოს“ მენეჯმენტი, ხაზარაძის ხელმძღვანელობით, სულ სხვის ხარჯზე ცხოვრობდნენ და დღესაც ასე აგრძელებენ.

„რადიკალური ოპოზიციის თავი და ბოლო ერთი და იგივეა. მაგალითად, ხაზარაძე შეიძლება არ იყო აქტიური ნაცი „ნაცმოძრაობის“ დროს, მაგრამ იმათ საქმეს აკეთებდა. ჩვენმა ერთ-ერთმა კოლეგამ რომ უთხრა, სანამ ჯერ კიდევ პარლამენტში იყო ხაზარაძე, ის როგორ იყო, „ნაცმოძრაობის“ დროს შენი ბანკის თანამშრომლები რომ დადიოდნენ და ნოტარიუსთან აფორმებდნენ ბანკის სახელზე იმ ადამიანების ქონებას, ვისაც ციხეებში აწამებდნენო, ამაზე ძალიან აღშფოთდა და იმის მერე გადაწყვიტა დაეტოვებინა პარლამენტი (თუმცა, ოფიციალური მიზეზი სხვა რამე იყო).

კარგად ვიცით მამუკა ხაზარაძის სიტყვები, რომ თურმე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გზა არ უნდა დაიგოს, იმიტომ, რომ რუსის ტანკები შემოვლენ. ანუ, თუ ასფალტი არ იქნა, თურმე რუსის ტანკები ისე ვერ შემოვლენ. ამ განცხადების გამკეთებელი რომ პოლიტიკაში წავა, ხომ ვიცით რა შედეგზეც გავა.

საერთოდ, ეს ხალხი, „ლელოს“ მენეჯმენტი, ხაზარაძის ხელმძღვანელობით, არიან ისინი, რომლებიც სულ სხვის ხარჯზე ცხოვრობდნენ და დღესაც ასე აგრძელებენ. ანაკლიის პორტი იყო და 100%-იან გარანტიას სთხოვდა ხაზარაძე სახელმწიფოს, თვითონ ერთი თეთრის ჩადება არ უნდოდა და უცხოელებს თურმე რამდენიმე ასეული მილიონი უნდა ჩაედოთ. ნებისმიერი მოქალაქე გააჩერეთ ქუჩაში, ვინ იტყვის უარს ასეთი პროექტის ფლობაზე? ან ის, რომ როცა მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში შემოვიდა და პარლამენტში დაჯდა, მალევე დატოვა პარლამენტი და თავისი წევრები მიატოვა, იმ ფონზე, რომ მათ ეუბნება, იაქტიურეთო. აქაც იმათ ხარჯზე უნდა ყოფნა.

მამუკა ხაზარაძემ რა უნდა შესთავაზოს საზოგადოებას, როცა პირდაპირ ეთერში საკუთარ ქვეყანას და მოქალაქეებს სანქციებით დაემუქრა და სხვებს, უცხოელებს სთხოვა, როგორმე საქართველო დაასანქცირეთ, რომ ხელისუფლებაში რამენაირად მოვიდეო. ამიტომ, მისი შეთავაზება, 9 პუნქტი ერქმევა ამას თუ - 17, არ იქნება არასდროს სერიოზულად აღქმული, ისევე როგორც, არავინ სერიოზულად არ აღიქვამს მის წარმომადგენლებსა და მათ განცხადებებს. იმიტომ, რომ „ლელო“ არასდროს ისეთ ნაბიჯებს არ დგამდა, რომელიც სახელმწიფოსთვის სასარგებლო იქნებოდა.

თუ გახსოვთ რომელიმე საკითხი, „ლელო“ „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგოდ წასულიყო? არასდროს არ წასულა. ამიტომაც ვამბობთ, რომ ოპოზიცია ვერასდროს განვითარდება. სანამ ეს მავნებლური პარტია იქნება სათავეში, „ნაცმოძრაობის“ სახით, ოპოზიციაში ახალი ვერავინ მოვა. ცალკე დაშლასაც რა მნიშვნელობა აქვს, ყველა რადიკალი მაინც „ნაცმოძრაობასთან“ ასოცირდება. იმიტომაც, ბოლოს ისევ „ნაცმოძრაობას“ უბრუნდებიან, როგორც ეს გიორგი ვაშაძემ გააკეთა. თავიდან ბოლომდე ტყუილში არიან და ამიტომაც არის მათი რეიტინგი მათივე კვლევებშივე განადგურებული“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×