რეზონანსი
13.10.2023

აი, რატომ? რის იმედად ვართ? ან რაღაცა იცის „ქართულმა ოცნება", რომელსაც არ გვეუბნება - ან რა ვიცი, ყველა მთავარანგელოზი ერთად გადაგვეფარა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების" ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის" გადაცემაში „360 გრადუსი" განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ქვეყანა და სახელმწიფო მზად უნდა იყოს ომისთვის.

„ისრაელში რომ პოლარიზაცია იყო, ასეთი მონაგონია. რა „ნაცი", რა „ქოცი", რა სააკაშვილის და რა ივანიშვილის მხარდამჭერი, ერთმანეთს ხოცავდნენ. შარშან ოთხი არჩევნები ჩატარდა და ვერა და ვერ ირჩევდნენ მთავრობას, იმიტომ, რომ საშინელი დაპირისპირება იყო სხვადასხვა პარტიას შორის. საქმე საქმეზე რომ მიდგა, რა გააკეთეს, რამხელა პოლიტიკური კულტურა აქვთ, გამოვიდა ბენიამინ ნეთანიაჰუ და თქვა, რომ „მოდით, ახლა ეს გადავწიოთ გვერდზე, ახლა ვქმნით დროებით ეროვნული თანხმობის მთავრობას და გადაწყვეტილებას ერთად ვიღებთ".

არ ვიცი ჩვენამდე როდის მოვა ის კულტურა, რაც ისრაელს ახასიათებს. მათ შორის, სამობილიზაციო და ჯარში წასვლის კულტურა. ისრაელში 48 საათში 300 ათასი კაცი დააყენეს იარაღ ქვეშ და ის კი არა, რომ უიმე, იარაღი აქედან ისვრის თუ იქიდან. ეროვნული ჟინი არ გვაკლია, მაგრამ ებრაელებს განასხვავებს სხვებისგან ის, რომ ზუსტად იციან სხვებისგან ომის შემთხვევაში რას აკეთებენ, ზუსტად იციან იარაღი და აღჭურვილობა სად არის, როგორ მოქმედებენ და სად მიდიან და ა.შ. ისინი ბრმად არ მიდიან. ჩვენ როცა სააკაშვილის დროს წაგვიყვანეს ნახირივით რეზერვისტები, გაგებაში არ ვიყავით, პირი დაღებული გვქონდა და ნახევარზე მეტს ავტომატი პირველად ეკავა ხელში. ვინ იყო ჩვენი მეთაური, სად გაგვიყვანეს, რა დავალება გვქონდა, დავდიოთ ბატებივით.

„ქართულმა ოცნებამ" რა გააკეთა - რეზერვი საერთოდ არ არის, სააკაშვილს „სიაფანდი" რეზერვი ჰყავდა, აბსოლუტურად ფასადური. წაგვიყვანეს 18 დღე, აბა, ტაქტიკური მომზადება და იყო „ჯოკრის თამაში" ტყეში. აბა, ამათ შეხედეთ რა მხეცები არიან, როგორ ერთ მუშტად შეიკრნენ.

ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი სახელმწიფო უნდა იყოს მზად ომისთვის. თუ გინდა, რომ ომი თავს არ დაგატყდეს, უნდა იყო მზად. ჩვენს ახალ „თავდაცვის კოდექსში" 90% რაც წერია, არის ძალიან კარგი. აქამდე რას აკეთებდა „ქართული ოცნება", 11 წელია ხელისუფლებაშია - აქამდე არ შეიძლებოდა? მაგრამ „თავდაცვის კოდექსი" მთავარს აწესრიგებს, ბევრს არაფერს არ აწესრიგებს. სამოქალაქო თავდაცვის ინფრასტრუქტურას ვერ მოაწესრიგებს, შეიარაღების შესყიდვას ის ვერ მოაწესრიგებს - ის აწესრიგებს გაწვევის ახალ წესს, რომელიც სწორი წესია, მაგრამ 2025 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედეს, მაგრამ ეს საფრთხეები დღესაც ხომ არის? რატომ ხვალვე არ ვიწყებთ ამ გაწვევის ახალ სისტემას? ჩვენს გარშემო მიმოვიხედოთ, ერთადერთი მშვიდი მეზობელი შავი ზღვაა, ისიც ხანდახან თავს გვესხმის, როცა ღელვაა. არ შეიძლება ასე არხეინად ვიყოთ! დღესაც თავდაცვის კომიტეტში განხილვა იყო, სუს-ის და შსს-ს ერთობლივი ბიუჯეტი მეტია თავდაცვის ბიუჯეტზე. აი, რატომ? რის იმედად ვართ? ან რაღაცა იცის „ქართულმა ოცნება", რომელსაც არ გვეუბნება, რომ „მოდით, კაცო ჩვენზე არანაირი თავდასხმა არ იქნება", ან რა ვიცი, ყველა მთავარანგელოზი ერთად გადაგვეფარა. გეგონება ისლანდიაში ვართ, გარშემო მარტო გეიზერებია ან ახალ ზელანდიაში, თავს რომ არასდროს არ დასხმია არავინ. დაგვემხო ყველაფერი თავზე. მითხარი თავშესაფარი მეტროს გარდა სად არის? თბილისში რომ მოინდომოთ და სირენა ჩართოთ, ვერ ჩართავთ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას გამოაცხადებს და საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის 100 ხმას შეაგროვებს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ მერაბ ტურავა პრეზიდენტის კონსტიტუციის დარღვევას გამოაცხადებს. შემდეგ ეს საკითხი დადგება კენჭისყრაზე და თუ ეს საკითხი კენჭისყრაზე გავიდა, სალომე ზურაბიშვილს იმპიჩმენტს გამოუცხადებენ. შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ იმ 100 ხმაში ორი ხმა პარტია „მოქალაქეების" არ იქნება. თუ კენჭისყრამდე მივა საქმე, მე ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტს გადააყენებენ იმპიჩმენტის გზით. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი იქნება. „ქართული ოცნება" საშიშია მაშინ, როცა თავს იკატუნებს. დღესაც კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ ამდენი ხმა არ გვაქვს, 90-ზე მეტი ტაბლოზე არ იქნება. თავს იკატუნებენ, როცა თავს იკატუნებენ, მაშინ არიან საშიშები. რატომ უნდა ელაპარაკო პატარ-პატარა ფრაქციებს და პოლიტიკურ ჯგუფებს, როდესაც შეგიძლია ერთს და მსხვილს ელაპარაკო", - აღნიშნა ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×