რეზონანსი
02.09.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.

საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიულ ურთიერთობას გაესვა ხაზი და აღინიშნა, რომ 2023 წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო არაერთი მნიშვნელოვანი მაღალი დონის ვიზიტით.

„ყურადღება უორდროპის დიალოგზე გამახვილდა, რომელსაც საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის თანამშრომლობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

მხარეებმა აგრეთვე, ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობაზე ისაუბრეს, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფებს შორის ძლიერ კავშირებზე და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზაობა გამოხატეს.

შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს შეეხო. შალვა პაპუაშვილმა უსაფრთხოების გამოწვევები მიმოიხილა და მადლიერება გამოხატა გაერთიანებული სამეფოს მიმართ საქართველოს მხარდაჭერისთვის ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა 2023 წლის მარტში გამოქვეყნებულ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, უსაფრთხოების, თავდაცვისა და განვითარების პოლიტიკის განახლებულ ინტეგრირებულ კვლევაზე, სადაც საქართველოც არის ნახსენები და პირველადაა გამოყენებული ტერმინი „ოკუპაცია." ჯონათან ჯანოგლიმ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა დაადასტურა. შეხვედრის დასასრულს, შალვა პაპუაშვილმა ჯონათან ჯანოგლის ქართულ-ბრიტანულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა", - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×