რეზონანსი
01.03.2023

გორში, სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი 27 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.

ექიმების განცხადებით, პაციენტს ქირურგიული ოპერაცია 6 საათის განმავლობაში უტარდებოდა.

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შემოყვანიდან ამ დრომდე კრიტიკულია. შემოვიდა მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებებით გულმკერდისა და მუცლის არეში, 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ურთულესი ქირურგიული ოპერაციები. პოსტოპერაციულად მძიმე მდგომარეობით მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ ეტაპისთვის მდგომარეობა რჩება მძიმე, პაციენტს უტარდება ინტენსიური თერაპია", - განაცხადა სამხედრო ჰოსპიტლის ინტენსიური მოვლისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელმა ზურაბ ნადირაშვილმა.

ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია.

„პაციენტს აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები, დიდი რაოდენობით სისხლის დანაკარგით. ქირურგიული ოპერაციის დროს, მუცლის ღრუში ჩატარდა წვრილი და მსხვილი ნაწლავის რეზექცია, გულმკერდში ფილტვის რეზექცია, დრენირებულია გულმკერდის ორივე ღრუ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა, წინასწარ რთულია პროგნოზირება, მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა", - აღნიშნა ჰოსპიტლის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელმა რევაზ ხარჩილავამ.

შეგახსენებთ, გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცი კლინიკაში მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებებით შეიყვანეს, მასთან ერთად დაშავებული მეორე პირი კი - 34 წლის მამაკაცი, რომელსაც ცეცხლნასროლი დაზიანება თავის არეში აღენიშნებოდა, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით მიმდინარეობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×