რეზონანსი
28.02.2023

კანონპროექტი, რომელსაც ჰქვია „კუდიანებზე ნადირობის" პროექტი, საქართველოს საერთაშორისო იზოლაციას უქადის - ამ კანონის მიღება დარტყმას მიაყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მის თითოეულ მოქალაქეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ლელოს" დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე კანონპროექტი მიუღებელია და ხელს შეუშლის ევროინტეგრაციას და მოქალაქეებს ზიანს მიაყენებს.

„ლელო" აგრძელებს კონსულტაციას სამოქალაქო სექტორთან იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელსაც ჰქვია კუდიანებზე ნადირობის კანონპროექტი და რომელიც საქართველოს უქადის საერთაშორისო იზოლაციას. თქვენ გახსოვთ 2020-ის დაპირება რომ შეავსებდნენ განაცხადს და საქართველოს წაიყვანდნენ ევროკავშირისკენ, ახლა მათ შორის, ამ კანონპროექტით „ოცნება" ეწევა საქართველოს საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ დივერსიას და არათუ ევროკავშირის კარი ჩაიკეტება „ოცნების" მიერ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, არამედ არსებული სტატუსკვოც დაინგრევა. არაერთმა საერთაშორისო პარტნიორმა და ფონდმა ღიად გააკეთა განცხადება, რომ თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს მილიონობით დახმარებას ქართველი ხალხისთვის, იგივე რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება, ამიტომ ამ კანონის მიღება დარტყმას მიაყენებს საქართველოს სახელმწიფოს და მის თითოეულ მოქალაქეს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციისთვის, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" - ასე ეწოდება რიგით მეორე კანონის პროექტს, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება. პროექტის ავტორები უმრავლესობაში შემავალი "ხალხის ძალის" დეპუტატები: - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან. პროექტის გათვალისწინებით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - ვადით 5 წლამდე. კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი. აღნიშნული პროექტი უცხოური გავლენის აგენტებად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა (20%-ზე მეტი) უცხოეთიდან არის მიღებული. ამავე კანონპროექტის თანახმად, ყველა, ვინც უცხოური გავლენის აგენტად მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×