რეზონანსი
28.02.2023

თბილისის მერიაში ისევ ვერ ამბობენ როდის გაიხსნება მეტრო "გოცირიძე". მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი "ინტერპრესნიუსთან" ამბობს, რომ მეტროში სამუშაოები უკვე დასრულებულია და ახლა მერია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ელოდება.

"უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ექსპერტების დასკვნას ველოდებით. უსაფრთხოება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ პროცესის დაჩქარება და სწრაფად გასვლა. იქ სამუშაოები დასრულებულია, აღარ მიმდინარეობს, ექსპერტების დასკვნას ველოდებით, ექსპერტები დათვალიერებას, შესწავლას და საექსპერტო დასკვნის მომზადებას ახდენენ. ვადებთან დაკავშირებით "გოცირიძეზე" შეგნებულად არ ვისაუბრებ, რადგან ჩვენი "აქილევსის ქუსლი" გახდა", - ვიქტორ წილოსანი.

შეგახსენებთ, მეტროსადგურ გოცირიძის რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2017 წელს გადაწყვიტა და 2020 წელს კომპანია "კაიზერთან" ხელშეკრულება გააფორმა. სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დაიწყო, თბილისის მერი კახი კალაძე მაშინ ამბობდა, რომ სამუშაოები 3 თვეში დასრულდებოდა. პირობების შეუსრულებლობის გამო დაწყებული საქმე კომპანია კაიზერის დაწყებული საქმე "მამისონმა" გააგრძელა, რომელიც ტენდერის გარეშე შეირჩა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და სამშენებლო კომპანია,"მამისონს" შორის გაფორმებულ შეთანხმებაში წერია, რომ სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევაში რეაბილიტაციის დასრულება 2022 წლის ოქტომბრის ბოლომდე იყო შესაძლებელი. ამ მოტივით ხელშეკრულების ვადა 31 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა, თუმცა მეტრო ჯერ კიდევ არ გახსნილა.

ხელშეკრულების ღირებულება 4 მილიონ 700 ათას ლარზე მეტია, თუმცა სატრანსპორტო კომპანიას, შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ 31%, ანუ დაახლოებით 1 მილიონ 400 ათასი ლარი აქვს გადახდილი.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×