რეზონანსი
28.02.2023

პარტია "მოქალაქეები" სახალხო დამცველობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ- ერთ ლიდერს, ლევან იოსელიანს წარადგენს.

აღნიშნულის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, სახალხო დამცველის კონსენსუსით შერჩევა მნიშვნელოვანია და ის არის ნაწილი საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პუნქტის, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ იოსელიანს აქვს რესურსი პარლამენტში 90 მხარდამჭერი ხმა მიიღოს.

მისივე თქმით, მას გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან.

„ჩვენმა პარტიამ მივიღეთ ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ღრმად დარწმუნებული ვარ, ეს არის რომ ქვეყნისთვის სწორი. ამ პარლამენტშიც სულ რამდენიმე ადამიანია ან შესაძლოა მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. ასეთი არის ჩემი მეგობარი, თანაგუნდელი, ჩვენი პარტიის ერთ- ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, რომელსაც აქვს უნარები, ცოდნა და შესაძლებლობა, რომ მიიღოს 90 ხმა და მეტიც. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია კონსენსუსი შეკრას. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის, უნდა წარვადგინო ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის კანდიდატად. ლევანი გახლდათ ადვოკატი, სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა და ადამიანის უფლებები მისთვის ნაცნობი თემაა, სწორედ ამით იყო დაკავებული წლების განმავლობაში", - განაცხადა ელისაშვილმა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×