რეზონანსი
11.10.2022

ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი აცხადებს, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის. როგორც მან განმარტა, მასსა და ნეკა დოროყაშვილს შორის დაწყებულ სასამართლო დავაზე დეტალურად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც სასამართლო სხდომები დასრულდება. აღნიშნულის შესახებ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა.

“თავს დამნაშავედ რა თქმა უნდა, არ ვთვლი. პროცესების შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. რა განცხადებასაც გავაკეთებ ამას შემდეგ გაიგებთ. როგორც გითხარით, პროცესები რომ დამთავრდება შემდეგ აუცილებლად გავაკეთებ კომენტარს”,- აცხადებს ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე მოწმის სახით იკითხება ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა ნატალია ნაჭყებია.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვანის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ნიკოლოზ ბასილაშვილს ფიზიკური ძალადობის 4 და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე ედება ბრალი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×