„იმის ილუზია არავის ჰქონდეს, რომ ევროპა ბაზარს გაგვიხსნის და რასაც გვინდა იმას გავყიდით"
გვანცა წულაია
27.12.2023

საქართველომ ბოლო წლებში საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიციები საგრძნობლად გაიმყარა, თუმცა ქვეყანა დსთ-ს ბაზარზე უფრო აქტიურია, ვიდრე ევროპაში. ბიზნესი ამბობს, რომ ევროპის ბაზარზე გასვლა რთულია, რასაც ეკონომისტებიც ეთანხებიან, თუმცა კანდიდატის სტატუსმა შესაძლოა, პროცესები წინ წაწიოს და ეს მიმართულებაა გაამარტივოს.

სტატისტიკის თუ მოვიშველიებთ, ვნახავთ, რომ პოლიტიკური მიმართულებით არსებული მიღწევების მიუხედავად, საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში შემცირებულია. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ევროკავშირში 669 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 129 მილიონი დოლარით, ანუ 16%-ით ნაკლებია.

შედეგად, ევროკავშირის ბაზარმა მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 12% შეადგინა. შედარებისთვის გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში 16% იყო.

ამასთან, საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანას შორის ევროკავშირის წევრი მხოლოდ ერთი ქვეყანა ბულგარეთია, სადაც 249 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განხორციელდა.

ქართული ბიზნესი ამბობს, რომ ევროპის ბაზარზე გასვლა რთულია. როგორც ვირის რძის მწარმოებელი ფერისა „სახე-დარის" დამფუძნებელმა თემურ ლომიძემ განაცხადა, ილუზია არავის უნდა ჰქონდეს, რომ ევროპა ბაზარს გაგვიხსნის.

„იმის ილუზია არავის ჰქონდეს, რომ ევროპა ბაზარს გაგვიხსნის და რასაც გვინდა იმას გავყიდით. ჩვენს პროდუქციას ევროპაში დიდი წნეხის გავლა მოუწევს, რადგან ევროპაში ადგილობრივი ბიზნესის განვითარებასა და მოსახლეობის გადარჩენაზე არიან ორიენტირებული. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ 20-30 წელი მაინც იქნება საჭირო, რომ ბაზარზე შეგვიშვან.

ექსპორტის კუთხით ამერიკის ბაზარი უფრო ადვილი ასათვისებელია. ამიტომ, თებერვალში ამერიკაში ვიზიტს ვგეგმავ, რათა პროდუქციის საექსპორტო მოცულობები გავზარდოთ“, - განაცხადა თემურ ლომიძემ „ბიზნეს მედიასთან“. აღსანიშნავია, რომ ფერმა აშშ-ში ვირის რძის ფხვნილის, საპნების, ტუჩსაცხებისა და კრემების ექსპორტს ახორციელებს.

საინტერესოა, კანდიდატის სტატუსის მინიჭებით საქართველო შეძლებს თუ არა ევროპის ბაზარზე უფრო აქტიურად წარმოჩენას. ცნობისთვის, საქართველოს ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის ათვისებაც ვერაფრით ხერხდება და ეკონომისტები ამბობენ, რომ კანდიდატის სტატუსი დიდად არაფერს შეცვლის ამ მიმართულებით.

როგორც ეკონომისტმა პაატა შეშელიძემ განაცხადა, სტატუსი დამატებით არაფერს  მოიტანს.

„საქართველოს ევროპის კავშირთან აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და აქ ძირეული ცვლილებები არ იქნება. ერთადერთი შეიძლება მოხდეს ის, რომ ევროკავშირის კანიდადატის სტატუსით დამატებით რაიმე სესხის ან სხვა სახის ფინანსური მხარდაჭერა გაჩნდეს. ეს არის და ეს, ამიტომ კანდიდატის სტატუსი არსებითად არაფერს ცვლის.

ყველაზე საინტერესო ერთი რამ არის, თუკი ქვეყანა დაადგება ევროპის კავშირის გაწევრიანების პროცესს, მაშინ რა ბედი ეწევა ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას, რადგან ევროპის კავშირს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება არ აქვს. როგორი იქნება საქართველო სავაჭრო ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც ახლა აქვს პრიორიტეტი. ესაა საინტერესო, თორემ პოლიტიკური სასწორი არსებობს და გასაგებია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია შეიძლება იყოს ბევრისთვის მისაღები. მეორე მხრივ დასაფიქრებელია, ამით რას ვიგებთ, უფრო ზუსტად რომ გვქონდეს ჩამოყალიბებული“, - განუცხადა პაატა შეშელიძემ „რეზონანსს“.

2023 წლის 11 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი აზერბაიჯანი იყო, სადაც 788 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა. ეს წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია. მეორე ადგილზეა სომხეთი 711 მილიონით (ზრდა 43%), მესამეზე კი ყაზახეთი 649 მილიონით (ზრდა 224%). წელს საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველად მოხვდა ყირგიზეთი, სადაც 11 თვეში 628 მილიონი დოლარის ექსპორტი განხორციელდა, ეს წინა წელთან შედარებით 767%-ით მეტია.

ეკონომისტთა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ სავაჭრო მიმართულებით ევროპის მხრიდან შესაძლოა, მეტი ინტერესი გაჩნდეს. რამაზ გერლიანის აზრით, კანდიდატის სტატუსი დადებით განწყობას ჰქმნის, რაც ცალსახად გააღრმავებს სავაჭრო ურთიერთობებს.

„ევროპის ბაზარზე აქტიურად წარმოდგენის თვალსაზრისით ჩვენ შესაძლებლობა გაგვიჩნდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა ევროპასთან. ახლა წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით არაფერი არ იცვლება, წინ წავიწიეთ მხოლოდ დაახლოების და ჰარმონიზაციის მიმართულებით, თორემ ზოგადი შეღავათების და პრეფერენციების ნაწილი არაფერი განსხვავებული არ არის. ეს შესაძლებლობა ჩვენ აქამდეც გვქონდა, რასაც სამწუხაროდ არ და ვერ ვიყენებთ. დაახლოებით 11 ათას პროდუქტეზე გვაქვს პრეფერენცია და ვერ ვსარბელობთ, მხოლოდ 500-მდე დასახელება გადის.

კანდიდატის სტატუსის ნაწილი დადებით განწყობას მაინც შექმნის, რაც ცალსახად გააღრმავებს სავაჭრო ურთიერთობებს. შესაძლოა, როგორც საიმპორტი, ისე საექსპორტო მიმართულებით ევროპის მხრიდან მეტი ინტერესი გაჩნდეს. წმინდა ეკონომიკური პარამეტრებით თითქმის არაფერი იცვლება, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ეს მნიშვნელობა არის.

მნიშვნელოვნად შეიცვლება დამოკიდებულება მესამე ქვეყნების მხრიდან, როგორ კანდიდატის სტატუსს მინიჭებულ ქვეყანასთან მიმართებაში და თანდათან ყველასთვის გავხდებით სასურველი სავაჭრო პატრნიორი. მათ ექნებათ მცდელობა, რომ საქართველოს ბაზარზე შემოვიდნენ, დამკვიდრდნენ, რადგან დაინახავენ პოტენციალს, რომ აქ ოპერირების შემთხვევაში გაუჩნდებათ პირდაპირ ევროკავშირთან ვაჭრობის შესაძლებლობა. ამიტომ ერთიორად გაიზრდება მესამე რიგის ქვეყნებიდან ჩვენდამი ინტერესი“, - განუცხადა „რეზონანსს“ რამაზ გერლიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×