ოთარ შამუგია: „მაქსიმალურად ვცდილობთ, ფერმერების საქმიანობა გავხადოთ უფრო ეფექტური და მოსავლიანობა მკვეთრად გავზარდოთ“
ქეთო გოგოხია
25.12.2023

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წლის შედეგებს აჯამებს. მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ერთ-ერთი საუკეთესოა მიღწევები, რომელიც ქართულმა აგროსექტორმა აჩვენა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანამ ამ კუთხით მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. გრძელდება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ყველა პროექტი და წლიდან წლამდე ემატება ახალი პროგრამებიც, რისგანაც ქართველი ფერმერები სარგებელს იღებენ.

გაზრდილი წარმოება და ექსპორტი, თხილის, კაკლისა და ნუშის მხარდამჭერი პროგრამები, ირიგაციის პროგრამა, მევენახეობის მხარდაჭერა, ,,მწვანე ეკონომიკის" მიმართულებით განხორციელებული პროგრამები და სხვა - ეს მხოლოდ ნაწილია იმ მიღწევებსა, რასაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითვლის.

შედეგი შთამბეჭდავია ციფრებშიც. შედარებისთვის, 2011 წელს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროების ბიუჯეტი,  ერთობლივად, 100.5 მლნ ლარს შეადგენდა. 2024 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტი  თითქმის 7-ჯერ მეტი, 688 მლნ ლარია.

ბოლო 11 წლის განმავლობაში ქვეყანაში აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება 112%-ით  გაიზარდა -  2022 წლის მონაცემებით პროდუქციის გამოშვება 15.2 მილიარდი ლარია, 2021 წელთან შედარებით ესაა 14%-იანი ზრდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში - 94%-ით, 4.3 მილიარდ ლარამდეა გაზრდილი დარგში შექმნილი დამატებული ღირებულება.

სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში სახელმწიფოს მხარდაჭერით თანადაფინანსებულია 22,385 ჰა-ზე ბაღების გაშენება, სარწყავი სისტემების მოწყობა.

2030 წლისათვის ახალი ბაღებიდან წარმოება ყოველწლიურად 200 ათას ტონას, ღირებულება კი 500 მილიონ ლარს მიაღწევს. პროგრამის ფარგლებში დასაქმებულია 10 000-მდე მუდმივი და 45 000-მდე დროებით დაქირავებული სამუშაო ძალა.

2013 წლიდან დღემდე 46 000-ამდე ბენეფიციარზე გაცემულია 5,9 მლრდ ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტი; წლევანდელი 10 თვის მონაცემით, პროგრამით 7,752 ბენეფიციარმა ისარგებლა. გაცემული 890 მლნ ლარზე მეტი სესხიდან სახელმწიფო თანადაფინანსება 216 მლნ ლარზე მეტია.

პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის დაფინანსებულია 240 საწარმოსა და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად ყოველწლიურად 250 მლნ ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია შეიქმნება; შემნახველი ინფრასტრუქტურის ტევადობა 140 000 ტონას მიაღწევს.

გარდა ამისა, 2023 წლის 11 თვის მდგომარეობით საქართველოდან ექსპორტირებულია 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 16%-ით აღემატება (2012 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოდან ექსპორტირებული იყო 465.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, მიმდინარე წელს 2012 წელთან შედარებით ექსპორტი გაზრდილია 838.4 მლნ აშშ დოლარით, 180%-ით).

2023 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გეოგრაფიული არეალი კიდევ უფრო გაიზარდა - ექსპორტი განხორციელდა 104 ქვეყანაში. სახელმწიფოს ხელშეწყობით კერძო სექტორის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად განვითარების შედეგია ბოლო 10 წელში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის თითქმის 145%-იანი ზრდა.

გაცილებით მეტი შესაძლებლობა ექმნება ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებითაც, რაზეც ყურადღებას ამახვილებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

,,კანდიდატის სტატუსის მინიჭება ისტორიული გადაწყვეტილება. ჩვენ ყველა მოქალაქემ ერთად შევძელით, ერთიანი ძალისხმევით და პარტნიორების მხარდაჭერით  გადავდგით კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე, რაც შეუქცევადი პროცესია. აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი ქვეყანა. ეს არის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, ბიზნესისთვის, ფერმერებისთვის,  ინვესტიციების მოზიდვისთვის, მათ შორის წვდომა იმ მხარდაჭერის მექანიზმებზე, რაც აქვს ევროკავშირს  კანდიდატის წევრებისთვის.

მხარდაჭერა, ცხადია, მიმართულია სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით, რესურსების მდგრადი გამოყენების, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის კუთხით და ა.შ. ჩვენ ამჟამადაც წლებია ვახორციელებთ, IPARD-ის პროგრამას,  რომლის ფარგლებში 235 მილიონი დოლარის მხარდაჭერა  მივიღეთ. ეს პროცესი გრძელდება.

ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ძალიან აქტიურად და გეგმის მიხედვით მივყვებით რეგულაციებთან დაკავშირებულ პროცედურას. სურსათის უვნებლობის კუთხით რომ ვისაუბროთ, ვეტერინარიასა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით 200 საკანონმდებლო დაახლოებაზე ავიღეთ ვალდებულება. აქედან 130-მდე უკვე მიღებული გვაქვს და ძალაში შესულია. სხვა მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ. მზად გვაქვს და მომავალ წელს პარლამენტი, სავარაუდოდ, დაიწყებს განხილვას კანონპროექტზე სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების შესახებ, რაც სრულად შეესაბამება ევროპის მოთხოვნას. აქაც სრულად გაწერილია სოფლის განვითარების სააგენტოს ფუნქციები და მოვალეობები, განვითარების ხედვა და ა.შ. თითოეულ რეგულაციას სჭირდება გარკვეული მხარდაჭერა როგორც ბიზნესისთვის, ასევე ფერმერებისთვის, რათა  მოემზადონ ამ რეგულაციისთვის, ამისთვის გონივრული ვადა ეძლევათ.

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ფერმერების საქმიანობა გავხადოთ უფრო ეფექტური და მოსავლიანობა გავზარდოთ. რეგულაციების პარალელურად მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი, რათა დათქმულ ვადებში შესრულდეს ყველა ვალდებულება", - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

რაც შეეხება მიღწეულ შედეგს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, რამდენიმე მიმართულებაზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის კაკლოვანი კულტურების, ერთწლოვანი მცენარეების და სხვა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფოს მხრიდან სოლიდური დახმარება არის გაცემული ფერმერებზე, მათ შორის, ,,დანერგე მომავალის" ფარგლებში.

„აგროსასურსათო პროდუქციის გამოშვებაში ჩვენ გვაქვს დაახლოებით 112 %იანი ზრდა, ექსპორტის კუთხით 150%-მდე ზრდა და ა.შ. მარტო ,,დანერგე მომავალის" ფარგლებში 22 000 ჰექტარი ახალი ინტენსიური ბაღი გავაშენეთ. მოცვი რომ ავიღოთ, ახალი კულტურაა, რომლის გაშენება ფერმერებმა სწორედ ამ პროგრამის დანერგვის შემდეგ დაიწყეს და დიდ წარმატებასაც მიაღწიეს. 2500 ჰექტარი ფართობი გავაშენეთ და უკვე წელს 3500 ტონა მოცვის ექსპორტი განვახორციელეთ, საიდანაც შემოსავალი  20 მილიონი დოლარია, რაც სამჯერ მეტია გასულ წელთან შედარებით. აღნიშნული 2500 ჰექტრიდან ველოდებით მომავალ წელს დაახლოებით 20 000 ტონა მოსავალს, რომლის ფარგლებშიც 80-100 მილიონი დოლარის ექსპორტი შეიძლება განვახორციელოთ.

კაკლისა და ნუშის ბაღებიდან სერიოზულ მოსავალს მივიღებთ, რამდენიმე წელიწადში ჩვენ მხოლოდ ამ ბაღებიდან ყოველწლიურად ნახევარი მილიარდი დოლარის შემოსავალს ველოდებით", - განმარტა ოთარ შამუგიამ.

ცალკე აღსანიშნავია გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული პროექტები, რაც ასევე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარეობს და აქაც ქვეყანამ კარგ შედეგზე გავიდა.

,,კლიმატის ცვლილება, ,,მწვანე გარდაქმნა", რომელიც ევროკავშირს აქვს განცხადებული, ამაშიც დიდია საქართველოს წვლილი და კონკრეტული ვალდებულებები, რაც ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო ქვეყანამ. წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონი და რეგულაცია მივიღეთ, ერთ-ერთია სამრეწველო ემისიების კანონი, რომელიც მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მიმართულებით, წყლის რესურსების მართვის შესახებ კანონი, მანამდე იყო სატყეო კოდექსი, ნარჩენების მართვის კოდექსი და სხვა. ასევე წელს მივიღეთ მნიშვნელოვანი რეგულაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ, საავტომობილო ტრანსპორტთან მიმართებაში, ევრო5-ის სტანდარტზე გადასვლა, რომლებიც პირველ ეტაპზე მსუბუქ ავტომობილებს შეეხება. წელსვე დავიწყეთ გზებზე გამონაბოლქვის კონტროლი, შევზღუდეთ კატალიზატორების ექსპორტი, რაც გარკვეული გამოწვევა იყო სექტორისთვის.

მონიტორინგის სადგურების რაოდენობას ვაორმაგებთ, რამდენიმე წელიწადში სრულად დავფარავთ არეალს და ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ონლაინ რეჟიმში შეეძლებათ კონკრეტულ ლოკაციაზე ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით მონაცემების ნახვა. 27 რეგულაციიდან, რომელიც უნდა მიგვეღო, 20 მიღებულია.

მნიშვნელოვანია ასევე სატყეო მიმართულებით რეფორმა, რომლის ფარგლებშიც ბოლო ათი წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობები გავაორმაგეთ და ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად ვავითარებთ ეკოტურისტულ მიმართულებას, წელს მილიონამდე არის ვიზიტორების რაოდენობა დაცულ ტერიტორიებზე და მზარდია ეს მაჩვენებელი. მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს ამ პროცესს, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა იყოს მოწყობილი, რაც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

კიდევ ერთი წარმატებული მიმართულება, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, ირიგაციაა. 10 წლის წინ დაიწყო მელიორაციის კუთხით ინვესტირება და, როგორც მინისტრი აცხადებს,  500 მილიონი ლარი მიმართულია ამ კუთხით ბიუჯეტიდან და დონორული დაფინანსებიდან.

,,შევძელით და გავასამმაგეთ გასარწყავებული ფართობი, 45 000 ჰექტრიდან 163 000 ჰექტრამდე გავზარდეთ.  ინფრასტრუქტურა სრულად იყო მწყობრიდან გამოსული, დავიწყეთ ძირითადი მაგისტრალური არხების, სათავე ნაგებობების  რეაბილიტაცია. მივიღეთ კანონი წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ, ასევე  ირიგაციის შესახებ სტრატეგია. ოთხი მნიშვნელოვანი ინვესტიცია განხორციელდება მომავალ წელს დონორი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, ევროპის ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო. მათი მეშვეობით ჯამურად 300 მილიონი დოლარის მობილიზება შევძელით, ეს პროექტები უკვე იწყება. მომავალი 5 წლის განმავლობაში ეს შეეხება 50 000-მდე ჩვენს ფერმერს, 50 000 ჰექტარზე მეტი ფართობის გარანტირებული წყალმომარაგება მოხდება. კლიმატის ცვლილების ფონზე მნიშვნელოვანია ვიფიქროთ წყალსაცავების მშენებლობაზე და ამ მიმართულებითაც აქტიურად ვმუშაობთ.

რა თქმა უნდა, ერთ-ერთ  პრიორიტეტად რჩება მეღვინეობა, სადაც ასევე დიდი წარმატება გვაქვს. ჩვენი მევენახეები დაახლოებით 300 მილიონი ლარის შემოსავალს იღებენ რთველიდან ყოველწლიურად.  2500 მდე მცირე მარანი და საწარმო აწარმოებს ღვინოს და ახდენს მის რეალიზაციას ქვეყნის შიგნით და გარეთ. 103 მილიონი ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა შარშან და წელსაც მოიმატებს. ბიზნესთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ, რომ სექტორი კიდევ უფრო განვითარდეს", - დასძინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობასთან ერთად გარემოს დაცვის მიმართულებით არაერთი პროექტია განხორციელებული. ბოლო 10 წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების ფართობი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა. 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია.

„სამრეწველო ემისიების შესახებ“ ახალი კანონის მიხედვით, დაახლოებით 200-მდე მოქმედ საწარმოს ეტაპობრივად მოუწევს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; დღეისათვის 30 საწარმომ უკვე დაამონტაჟა უწყვეტი ინსტრუმენტული მონიტორინგის სისტემები.

მწვანე კლიმატის ფონდის პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტი მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური მონიტორინგის სადგურია შეძენილი. ნაწილი უკვე დამონტაჟებულია და პროცესი გრძელდება. ბოლო წლებში შესყიდულია ორი თანამედროვე რადარი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსთვის. წლის ბოლომდე დასრულდება რუკები, რომლებიც ასახავს სხვადასხვა სტიქიის მიმართულებით არსებულ საფრთხეებს.

უმნიშვნელოვანესია, რომ კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება ქვეყანაში. 16 მილიონი ლარით გაიზარდა გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი და მომავალი წლიდან იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები –  მყინვარული ხეობების საფრთხეების შეფასება, მეწყრული უბნების მონიტორინგი და ადრეული შეტყობინების სისტემის გაძლიერება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×