"ვაჭრობასა და მომსახურებაში ვაკანსიები სრულფასოვნადაა ათვისებული, სირთულეები დარჩა წარმოების სფეროში"
რეზონანსი
21.12.2023

საქართველოში ბიზნესი კადრების ნაკლებობაზე ყოველთვის ჩიოდა და მუშახელი თითქმის ყოველთვის დეფიციტს წარმოადგენდა. ახალი კვლევის საფუძველზე კი, რომელიც „პიემსიჯის“ მიერ მომზადდა ირკვევა, რომ 2023 წლის ნოემბერში ვაკანსიების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. ამითი ნაწილობრივ დასტურდება, რომ ბიზნესისთვის მუშახელის დაფიციტის პრობლემა მეტ-ნაკლებად აღმოიფხვრა. ექსპერტების აზრით კი, ახალ კადრებზე ნაკლები მოთხოვნა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ბიზნესი ქვეყანაში ნაკლებად ვითარდება და კვლევაში ასახული მაჩვენებელი სწორედ აქედან მომდინარეობს.

დასაქმებისა და ახალი ვაკანსიების სტატისტიკური მონაცემები მერყევია, მაგრამ ძირითადი სურათი მაინც ისააა, რომ ბიზნესისთვის ამ ეტაპზე მუშახელი თავსატეხს აღარ წარმოადგენს. „პიემსიჯის“ კვლევის შედეგებ ასეთია: 2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, 44 936 ვაკანსია გამოქვეყნდა „ჯობს.გე“-ზე, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

იქვე ირკვევა, რომ 2023 წლის ნოემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 9.7%-ით ნაკლებია 2023 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

2023 წელს, ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, "ჯობს.გე"-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 3.8% შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 23.9 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

პრობლემა, რომელიც წლის დასაწყისში არსებობდა ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი, მაგრამ მდგომარეობა მიანც გაუმუჯობესებულია. ამას, ერთი მხრივ, კვლევებიც ადასტურებს და მეორე მხრივ - ბიზნესიც. მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა მიხეილ ჭელიძემ "რეზონანსთან" საუბრისას პირდაპირ აღნიშნა, რომ ვაჭრობასა და მომსახურებაში ვაკანსიები სრულფასოვნადაა ათვისებული. სირთულეს წარმოადგენს წარმოების სფერო, სადაც კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა აშკარაა. „სტატისტიკას თუ შევხედავთ, დასაქმების მაჩვენებელი მომატებულია, ხელფასებიც მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილია. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ პროფესიული კადრების ნაკლებობა მაინც შესამჩნევია. ბიზნესიც ამბობს, რომ ამ მხრივ დეფიციტია. სამაგიეროდ, ვაჭრობასა და მომსახურებაში ვაკანსიები სრულფასოვნადაა ათვისებული. სირთულეს წარმოადგენს წარმოების სფერო, სადაც კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა შეინიშნება.

საბოლოოდ, პრობლემა აღმოფხვრილი არ არის, მაგრამ მიმართულება, რა კუთხითაც ამჟამად ბიზნესი ვითარდება, სწორია. ზოგადად, მოთხოვნა ყოველთვის მეტი უნდა იყოს, ვიდრე მიწოდება, რომ ბიზნესი ცოცხალი და კონკურენტუნარიანი იყოს.

ადგილობრივი ბიზნესი თანდათან იზრდება და ფართოვდება. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ დაფუძნებული კომპანიებიდან 26% აქტიურია. შეიძლება ვთქვათ, რომ ბიზნესი "გაახალგაზრდავებულია". მეწარმული შემართება გაცილებით მეტია, ვიდრე აქამდე იყო და ტენდენციაც დადებითია. სტატისტიკური მაჩვენებელიც სწორედ ამ ტენდენციაზე მეტყველებს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ საუბრისას ჭელიძემ.

თუ შარშან მუშახელის დეფიციტზე ბიზნესი ხმამაღლა ჩიოდა, ამ ეტაპზე ასე არა არის და რამდენიმე სექტორში ხელფასების მატებით თუ სხვა სამუშაო პირობების შეთავაზებით პრობლემა თითქმის დარეგულირდა. საინტერესოა, სინამდვილეში რამ განაპირობა ვაკანსიების კლება. ეკონომისტ მერაბ ჯანაშვილის აზრით, ეს მიუთითებს, რომ ბიზნესი სატანადოდ ვერ ვითარდება და ნაკლები სამუშაო ადგილები იქმნება ქვეყანაში.

„მუშახელზე ნაკლები მოთხოვნა ნიშნავს იმას, რომ ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება. საქართველოში დასაქმება დიდი სისწრაფით არ იზრდება. ბოლო 10-15 წელიწადში, საშუალოდ, 1,5%-იანი ზრდაა და შესაბამისად, ბევრად დაბალია ახალი ბიზნესისა და სამუშაო ადგილების შექმნის ტენდენცია.

საქართველოში ეკონომიკა ისეა მოწყობილი, რაც არ უნდა გაიზარდოს ეკონომიკური მაჩვენებელი, მასობრივ დასაქმებას ვერანაირად უზრუნველყოფს. ჩვენი ეკონომიკა, ძირითადად, საფინანსო სექტორისა და აზარტული თამაშების ხარჯზე მატულობს. ისინი კი არ არიან  მასობრივად დამსაქმებლები. ქვეყანაში მრეწველობა, მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ ვთარდება სათანადო სისწრაფით. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა სამუშაო ადგილების მატებას ვერ უზრუნველყოფს იმ ტემპით, როგორიც ნორმალური ეკონომიკური სტრუქტურის ქვეყანაშია. ეს იმიტომ ხდება, რომ რიგი სფეროები მონოპოლიზებულია და ამას თან ერთვის ის, რომ ჩვენი ეკონომიკა ისეთ სფეროებზეა მორგებული, რომლებიც მასობრივ დასაქმებას ვერ უზრუნველყოფენ. დიდი ნაწილი მოდის საფინანსო სექტორზე, რომელიც თავის მხრივ დამსაქმებელი ვერანაირად ვერ იქნება“, - აღნიშნა "რეზონანსთან" ჯანიაშვილმა.

ქვეყანაში არსებულ ბიზნეს სექტორებში მუშახელზე მოთხოვნა თითქოს დაკმაყოფილებულია, თუმცა საქართველოში უმუშევრობის დონე ჯერ კიდევ არასახარბიელოა. ასეთ ფონზე სახელმწიფომ უნდა მოახერხოს და იზრუნოს იმ მიმართულებით, რომ ბიზნესი გაფართოვდეს და  გზა გაეხსნას სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

,,მხოლოდ საფინანსო სექტორი და ტურიზმი ვითარდება. როგორ გგონიათ, ტურიზმში რამდენი ადამიანი უნდა დასაქმდეს? თუ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურა არ შეიცვალა წარმოუდგენელია, რომ საქართვეკლოში დასაქმება ისე მოეწყოს, როგორც მაგალითად, ევროპის განვითარებულ ქვეყნებშია. საქართველოში სიღარიბე ყოველთვის მაღალი იქნება, რადგან ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურის ასეა აწყობილი. აქ, უთანასწორობა ძალიან მაღალია და მხოლოდ მოსახლეობის 1%-ს მიაქვს მთავარი შემოსავალი ქვეყნის ეკონომიკიდან.

მთავრობა აცხადებს, რომ ეკონომიკა იზრდება და სინამდვილეშიც ასეა, მაგრამ ის, რომ ამა თუ იმ კომპანიის მოგება გაიზარდა, ეს არაფერს ნიშნავს მოსახლეობისთვის. უნდა გვესმოდეს, ის რომ აზარტული თამაშების კომპანიები არნახულ მოგებას იღებენ და ჩვენი ბანკები მსოფლიოს ტოპათეულში არიან მოგების მაჩვენებლებით. ეს ეკონომიკითვის ცუდია და კეთილდღეობას ვერ მოუტანს ხალხს.

სახელმწიფოს, პოლიტიკოსებს, მთავრობას, პარტიებს, პარლამენტს უნდა ჰქონდეთ ნება, რომ ეკონომიკური სტრუქტურა შეიცვალოს. "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლამდე გვპირდებოდა, რომ შეცვლიდნენ ამ ეკონომიკურ სტრუქტურას, მაგრამ არ გააკეთეს. ვერც ოპოზიციური პარტიებისგან გაიგებთ სრულყოფილ აზრს. ისინი არც კი საუბრობენ უმუშევრობაზე, შერომის კოდექსზე, ჯამდაცვაზე, განათლებაზე და ამიტომაც მათ მიმართ მოსახლეობის დიდი ნაწილის უნდობლობა გააჩნია“, - დასძინა "რეზონანსთან" საუბრისას მერაბ ჯანიაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×