რეზონანსი
21.12.2023

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კარგად განვითარებული სისტემის დანერგვა, რათა მოხდეს ჰაერის დაცვის ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება. სწორედ ამ მიზნით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) პროგრამის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 8 ავტომატური და 1 მობილური სადგური გადმოეცა. პროექტი მოიცავს 3 მიმართულებას: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება, ჰაერის ხარისხის მონიტორინგზე პასუხისმგებელი თანამშრომლების შესაძლებლობების გაზრდა და ჰაერის ხარისხის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ქ. რუსთავსა და თბილისში ახალი ავტომატური სადგურები გაიხსნა. რომელიც 24 საათის განმავლობაში განახორციელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის მონიტორინგს. ატმოსფერულ ჰაერში განისაზღვრება ნახშირბადის მონოქსიდის (CO), აზოტის ოქსიდების (NOx, NO, NO2), გოგირდის დიოქსიდის (SO2), ოზონისა (O3) და მყარი ნაწილაკების (PM10,PM2.5) შემცველობა.

„ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. წელს არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივები გვქონდა საკანონმდებლო დონეზე. შემოვიღეთ სხვადასხვა  რეგულაციები სამრეწველო სექტორის, ასევე, ავტოტრანსპორტის მიმართულებით, რომელიც დიდ ქალაქებში არის მნიშვნელოვანი დამაბინძურებელი. შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში, სრულიად თანამედროვე სტანდარტების კიდევ ერთი მონიტორინგის სადგური გავხსენით და აღსანიშნავია, რომ წლის ბოლომდე, ასევე მათი მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით დამატებით ახალი რვა სადგური გვექნება. ეს პროექტი გრძელდება და მომავალი წლიდან უკვე ევროკავშირის მხარდაჭერით, მთლიანად დაიფარება მთელი ქვეყნის ტერიტორია. ქვეყნის მასშტაბით 27 ასეთი სადგური გაიხსნება, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს უტყუარი ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ჩვენ გავაგრძელებთ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა თბილისში გამართულ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის გახსნაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

 მნიშვნელოვანია, რომ ჰაერის ხარისხის შესახებ მონაცემები საჯაროა და მათი ნახვა ნებისმიერ მოქალაქეს ონლაინ რეჟიმში სპეციალურ პორტალზე შეუძლია. სადგურიდან მიღებული მონაცემები განთავსებულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე www.air.gov.ge

ახალი სადგურების განთავსება იგეგმება ასევე, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ახალციხესა და მესტიაში. პროექტის ღირებულება 2 000 000 ევროს შეადგენს. ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი შედგება 7 სტაციონალური და 2 მობილური სადგურისგან. 

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე 30 ქალაქში მარტში, ივნისში, სექტემბერსა და ნოემბერში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დადგენის მიზნით ტარდება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები, რისი საშუალებითაც ისაზღვრება აზოტის დიოქსიდის, ოზონისა და ბენზოლის შემცველობა. მნიშვნელოვანი სიახლე არის ტყვიის, კადმიუმის, ნიკელის, დარიშხანისა და ბენზაპირენის, უწყვეტი, 24/7 მონიტორინგის განხორციელება. აღნიშნული ანალიზების განხორციელებისთვის სააგენტოს ლაბორატორიას მიღებული აქვს ISO სტანდარტის შესაბამისი აკრედიტაცია.

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ჰაერის ხარისხის მონიტორინგის კარგად განვითარებული სისტემის დანერგვა, რათა მოხდეს ჰაერის დაცვის ეფექტიანი პოლიტიკის შემუშავება.

„ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად, როგორც საკანონმდებლო სფეროში, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების კუთხით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სფეროში“, - განაცხადა ქ. რუსთავში გამართულ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ავტომატური სადგურის გახსნაზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო 2020 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ეტაპობრივად გადადის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ევროპულ სისტემაზე. საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე შეიქმნა ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ხუთი ზონა და თბილისის აგლომერაცია.

2020-2022 წლებში წარმატებით განხორციელდა ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა დაინტერესებული მხარეების მაქსიმალური ჩართულობით. მიმდინარე წელს მომზადდა ცენტრალური ზონის ჰაერის ხარისხის გეგმა და ასევე ამჟამად მიმდინარეობს თბილისის აგლომერაციისა და შავი ზღვის ზონის ჰაერის ხარისხის მართვის გეგმების შემუშავება.

გარემოს ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიმართულებით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×