თამთა ჩაჩანიძე
21.03.2024

კრემლი დასავლეთს ბრალს სდებს, რომ სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრონტის გასახსნელად ეს უკანასკნელი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს აგულიანებს. ამ შინაარსისაა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მარია ზახაროვას განცხადება, რომელიც ფაშინიანის ნათქვამს მოჰყვა, რომ თუ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესი არ დაიწყება, ომი შესაძლოა უკვე „კვირის ბოლოს დაიწყოს".

ფაშინიანის განცხადება კი პასუხი იყო ბაქოს იმ მოთხოვნაზე, რომელიც ერევანს რვა სოფლის „დაუყოვნებლივ, ყოველგვარი პირობის გარეშე" გადაცემა მოსთხოვა, ამის საპირწონედ კი სომხეთის მთავრობამ დაასახელა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე 31 სოფელი, რომელიც, მათი თქმით, სომხეთს ეკუთვნის, რაც ბაქომ კატეგოირულად უარყო.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ სამხრეთ კავკასიაში სიტუაციის არევა თავად რუსეთს აწყობდეს, ერთის მხრივ ატყობს, რომ რეგიონში გავლენები უსუსტდება და მეორეს მხრივ ერევნის პოლიტიკა მისთვის მიუღებელია.

„იყო იმაზე საუბარიც, რომ მოსკოვი ბაქოს იყენებს სომხეთზე ზეწოლის ვარიანტში, ბოლო დროს რუსეთისა და აზერბაიჯანის მაღალი თანამდებობის პირების რამდენიმე შეხვედრაც იყო. აქ ბევრი ნიუანსია. როგორც ჩანს, რუსეთს ბაქოსა და ერევანს შორის სიტუაციის დაძაბვა მოსკოვს აწყობს კიდეც, რადგან თუ ერევანმა აზერბაიჯანს სოფლები გადასცა, ამით სომეხი მოსახლეობა ფაშინიანს მიუბრუნდება, რითაც რუსეთი ისარგებლებს და ხელისუფლებაში ისეთ ძალებს მოიყვანს, რომლებიც მისკოვის მიმართ უფრო ლოიალურები იქნებიან, რადგან ატყობენ, რომ ფაშინიანის მთავრობა დასავლეთისკენ მიდის, ამას ევროპარლამენტის რეზოლუციაც ემატება.

„ამასთან, მოსკოვს სურს, რომ დასავლეთი აზერბაიჯან-სომხეთს შორის მედიაციის საკითხში არ ჩაერიოს. ამასთან რუსეთი უკვე შიშობს, რომ სამხრეთ კავკასიაში გავლენები უსუსტდება და ცდილობს ეს შეინარჩუნოს. დასავლეთიდან განსაკუთრებით საფრანგეთი აქტიურობს, რომელსაც ამ ბოლოს რუსეთის მიმართ ძალიან ხისტი პოზიციები აქვს.

„არა მგონია, რომ საქმე მეორე ფრონტის გახსნამდე მივიდეს, ეს შესაძლოა მოსკოვს აწყობდეს, უკრაინიდან ყურადღების გადატანის მიზნითაც, მაგრამ არ აწყობს არც სომხეთს, არც თურქეთს და არც დასავლეთს. თუ აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიაზე შეიჭრა, რუსეთმა შესაძლოა იმიტაცია შექმნას და კოლექტიური უსაფრთხოებოს ორგანიზაციის მეოთხე მუხლი აამოქმედოს, ამის რეალური შესაძლებლობები დღეს არ აქვს, თუმცა ამას ფორმალურად გააკეთებს",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

„ნატო-ს ამოცანა-მაქსიმუმი სამხრეთ კავკასიაში მეორე ფრინტის გახსნაა" - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. ამტკიცებს, რომ აქტიურად მიმდინარეობს თბილისისთვის კოალიციური სტანდარტების თავზე მოხვევა, ასევე, ნატო-ს ძალისხმევები მიმართულია ერევნის მოსკოვთან კავშირების დისკრედიტაციაზე, ხოლო ბაქოს შემთხვევაში, ალიანსი აზერბაიჯანი-რუსეთის პარტნიორულ ურთიერთობებში შუღლის შეტანას ცდილობს.

„ნატო-ს ამოცანა-მაქსიმუმი აქვს, კონკრეტულად კი სამხრეთ კავკასიაში ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნა და მთლიანობაში რეგიონისთვის ხელახლა ცეცხლის წაკიდება... შეგახსენებთ, რომ 2023 წელს ივლისში ნატოს ბოლო სამიტზე კვლავ იქნა დამტკიცებული 2008 წელს მიღებული ფორმულა იმის შესახებ, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება. აქტიურად მიმდინარეობს თბილისისთვის კოალიციური სტანდარტების თავზე მოხვევა, ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორებზე კონტროლის დამყარების მიზნით.

„მათი ძალისხმევები მიმართულია ერევნის მოსკოვთან კავშირების დისკრედიტაციაზე, იდეალურ ვარიანტში კი - მათ ბოლომდე ჩაშლაზე. დასავლეთი ამას არ მალავს. ისინი ასევე ცდილობენ ბაქოსთან ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებში შუღლის შემოტანას. დასავლეთს მიზნებისა და ამოცანების მთელი „ფრონტი" აქვს", - განაცხადა ზახაროვამ.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს არ აწყობს რუსეთის სამხრეთ კავკასიისადმი პოლიტიკა, რომელიც რეგიონის „დამშვიდებისკენაა" მიმართული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×