ნატალია ჯვარიძე
21.03.2024

„დიდი ალბათობით, „ქართული ოცნების" ყოფილი წევრები პოლიტიკურ გაერთიანება „ახალში" გადავლენ და ჩვენ ოპოზიციის ერთობას ვიხილავთ" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა, რომელსაც „რეზონანსი" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ესაუბრა.

იგორ კვესელავა: ოპოზიციის თემატური გაერთიანების გარეშე საერთო მიზნის განხორციელება, ანუ „ქართული ოცნების" დამარცხება, რთული იქნება. შესაძლოა, სტრატეგია და ტაქტიკა სხვადასხვა ჰქონდეთ, მაგრამ საერთო იდეოლოგია გააჩნდეთ და ერთი მიზანი. აპრილიდან დაიწყება ეს პროცესები და ისეთი პარტიები, რომლებიც ქართულ საზოგადოებაში რაიმეს წარმოადგენენ და არ ითვლებიან ძალიან სუსტებად, აუცილებლად დაახლოვდებიან.

თუ პარტია არჩევნებში 100 000 ხმას ვერ აგროვებს, პოლიტიკურ ცხოვრებაში მისი როლი აზრს დაკარგავს. ერთი მხარეა, როცა პარტია მიზნად პარლამენტში მოხვედრას ისახავს და მეორეა, როცა ისინი ქვეყნის განვითარებისთვის ბრძოლას იწყებენ. მე ხშირად მქონია დისკუსია ამომრჩეველებთან, რომელებიც იძახიან, რომ არც ერთ პარტიას ხმას არ მისცემენ და მიაჩნიათ, რომ როგორც გუშინდელმა, ასევე დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერაფერი გააკეთა მათი კეთილდღეობისთვის, და საქართველო კი არ ძლიერდება, როგორც ამას ახლა იძახიან, არამედ სუსტდება და მოსახლეობის გადინება სულ უფრო იზრდება, რასაც „ოცნება"პირიქით ამბობს. ჩვენ ახლა უმძიმესი დემოგრაფიული პროცესები გველოდება. საქართველო დღეს გადარჩენა სჭირდება.

„რეზონანსი": შესაძლებელია თუ არა მელია-გვარამიას პარტია „ ახალს" „ქართული ოცნების" ყოფილი წევრები შეუერთდნენ და როგორ აისახება ეს მათ რეიტინგზე?

ი.კ: არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკოსები, რომლებიც გარეთ დარჩნენ, თუნდაც „ქართული ოცნების" ყოფილი წევრები, „ახალს" შეუერთდნენ. ვინაიდან - ქართულ პოლიტიკაში პარტიიდან პარტიაში გადასვლა-გადმოსვლა ახალი არაა. ზვიად გამსახურდიას დროს კომუნისტების ნაწილი მის მხარეს გადავიდა, შემდეგ შევარდნაძის პერიოდში გამსახურდიას მომხრეები შევარდნაძესთან მივიდნენ, შევარდნაძის მომხრეები მიხეილ სააკაშვილთან, სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის" სერიოზული მომხრეები ბიძინა ივანიშვილთან. ისინი ამით იკვებებიან. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებმაც ეს ვერ შეძლეს, ვერ მიიღეს სარგებელი, ვერ შეეგუენ ან თანამდებობიდან გაუშვეს და მიღმა აღმოჩნდნენ. ბუნებრივია ასეთები„ახალში" აუცილებლად მივლენ.

„ოცნების" რამდენიმე პიროვნების დატოვება დიდ არაფერს ნიშნავს მათთვის. ეგ კი არა, 10 ათასმა მათმა ამომრჩევლები რომ უარი თქვას მათ არჩევაზე, ესეც არ არის დიდი დანაკლისი, რადგან „ოცნებას" 7-8 პროცენტი უკვე აღებული აქვთ სახელმწიფო უწყებებისგან, დამერწმუნეთ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მგონია, „ახალი" „ნაცმოძრაობის" სატელიტი იქნება. თუ ასე არ იქნება, მაშინ ისე უნდა მოიქცნენ, რომ საზოგადოების ნდობა მოიპოვონ. მარტო სიტყვიერად კი არ უნდა ერქვას „ახალი", მათ ბევრი უნდა გააკეთონ სახელის გამართლებისთვის. საჭიროა კარდაკარ იარონ და ხალხს დაუდონ კონკრეტული გეგმა, თუ რას შეცვლიან საქართველოში, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამდენს ვერ მოახერხებენ.

„რ": რა მოყვება „ლგბტ პროპაგანდის" წინააღმდეგ კანონპროექტის პარლამენტში შეტანას? არის თუ არა ხელისუფლების მახე ოპოზიციისთვის?

ი. კ: გამოსვლები აუცილებლად იქნება და შემდეგ მათი შეჩერება რთული აღმოჩნდება. მერე კი მთავრობა რას იზამს, არ ვიცი. წყალს თუ მიასხამს და უხეშად დაშლის, ეს უფრო გაართულებს მდგომარეობას. მე ვერ ვხედავ, რომ „პრაიდი" საქართველოსთვის ამხელა საფრთხეს წარმოადგენს. „ოცნება" ასე ძალიან არ უნდა დაუპირისპირდეს. ვფიქრობ, რომ მომავალში ხელისუფლება ხელს ვერ შეუშლის, თუ მკვეთრად არ ჩაერია. მოაწყონ ეს „პრაიდი", გამოვლენ რუსთაველზე, გაივლიან-გამოივლიან და დამთავრდება ლაპარაკი. მოდი, ყურადღება არ მივაქციოთ - ეს ხომ არ ჯობს, ვიდრე მივაქციოთ და სხვა რამეში გადაიზარდოს.

ცხადია, ეს „ოცნების" მორიგი მახეა, მაგრამ როგორ შეუბრუნდება მათ, ესეც ხომ მნიშვნელოვანია. ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ისინი არასწორად დგამენ მახეებს და მერე თვითონ ეხვევიან. ასე იყო ედუარდ შევარდნაძეც, რომელიც დგამდა მახეებს და ისევ თვითონ გაებმებოდა-ხოლმე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×