ელზა პაპოშვილი
14.03.2024

ვინ ითხოვს სასამართლო სისტემის გაკონტროლებას? რა სახით შეიძლება გატარდეს საქართველოში ევროკომისიის მოთხოვნებში არსებული მართლმსაჯულების რეფორმა? ამ თემის ირგვლივ პოლიტიკური დაპირისპირება არ ცხრება. ის პოლიტიკურ საზღვრებს გასცდა და ამ პოლემიკაში როგორც მოსამართლეები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართვნენ. 

ოპოზიციის ნაწილი რეფორმის აუცილებელ ნაწილად ე.წ. ვეტინგს ასახელებს, რაც მოსამართლეთა ხელახალ შეფასებაში საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობას გულისხმობს. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაძლიერებაში ხედავს გზას პარტია „გირჩი“, სადაც მიიჩნევენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სასამართლო რეფორმაში არ უნდა იყოს ჩართული. ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მოთხოვნები და ჩართულობა მართლმსაჯულების რეფორმაში მიუღებელია გიორგი გახარიას გუნდისთვის. „ქართულ ოცნებაში“ კი მიიჩნევენ, რომ ვეტინგი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ინტერესს ემსახურება და მას ინიციატივას დაუშვებლად მიიჩნევენ. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ისიც კი აღნიშნა, რომ „ვეტინგი“საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

საქართველოს უზენაესი სასამართლო მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის, ე.წ. ვეტინგის სისტემის დანერგვის ინიციატივასთან დაკავშირებით გამოთქვამს შეშფოთებას. როგორც უზენაესი სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, ნათელია, რომ ე.წ. ვეტინგი ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი და მიზნად ისახავს „კეთილსინდისიერების“ შემოწმების საჭიროების თაობაზე უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდაციას, რათა გაადვილდეს პოლიტიკური კონტროლის განხორციელება სასამართლო ხელისუფლებაზე.  

თავის პოზიციას ხუთი არასამთავრობო ორგანიზაცია 13 მარტს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აფიქსირებს. მათი თქმით, ევროკომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად ხელისუფლებამ სხვა დათქმების შესრულებასთან ერთად, კეთილსინდისიერების შემოწმების დროებითი მექანიზმიც უნდა შექმნას, რაც „სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან და ეს ფაქტი უკვე აღიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ“. 

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხაზი გაუსვეს, რომ ხელისუფლების რიტორიკას სწორედ ის პირები შეუერთდნენ და კეთილსინდისიერების შემოწმების იდეას სწორედ ის მოსამართლეები დაუპირისპირდნენ, რომელთა კეთილსინდისიერების მიმართაც საზოგადოების მხრიდან ბევრი კითხვა არსებობს. ორგანიზაციებმა მათ შორის დაასახელეს უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლეები, შალვა თადუმაძე და ვლადიმერ კაკაბაძე, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და აშშ-ის მიერ დასანქცირებული მოსამართლე ლევან მურუსიძე.   

„ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია „ვეტინგი“, რომელიც კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს ეწინააღმდეგება, – თქვა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ.

„როგორც იურისტმა, შემიძლია დავადასტურო, რომ „ვეტინგი“ არა მხოლოდ ფორმალურად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, არამედ ეწინააღმდეგება, პირველ რიგში, ზოგად, საზოგადო კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრინციპებს. აქედან გამომდინარე, პირადად ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, „ვეტინგი“ კატეგორიულად მიუღებელია. „ვეტინგის“ მსგავსი რამ საქართველოში განხორციელდა 2004 წელს და ამ ყველაფერმა რაც მოიტანა, საზოგადოებისთვის ნათელია. ეს იყო სასამართლოს სრული დამორჩილება აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ, სააკაშვილი-ადეიშვილის რეჟიმის მიერ. აქედან გამომდინარე, „ვეტინგი“ მიუღებელია არა მხოლოდ ფორმალური სამართლებრივი მოსაზრებებიდან, არამედ, პირველ რიგში, პრაქტიკული მოსაზრებებიდან გამომდინარე. ადეიშვილის ყოფილი მოადგილე წოწორია ატარებს „ვეტინგს“ მოლდოვაში და შეგიძლიათ ივარაუდოთ, როგორ დასრულდება ეს. ჩვენთვის ასეთი პროცესები მიუღებელია“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.  

„ე.წ. ვეტინგი, როგორც იდეა, ოპოზიციასა და ენჯეოსექტორს „ქართულმა ოცნებამ“ „შეტენა“,- ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ხშირად იძახიან სიტყვა „ვეტინგს“, რას ნიშნავს ეს, არ იციან და ამბობენ, რომ ვიღაც ექსპერტებს ჩამოიყვანენ უცხოეთიდან და ვიღაც ექსპერტები ჩაუტარებენ კეთილსინდისიერების გამოცდას მურუსიძეს და ა.შ. ეს არის სრულიად გაუგებარი. ასეთი ტიპის უცხო სიტყვები, როგორიც არის „ვეტინგი“, ასეთი სიტყვების მოყვანა და ამ ინსტრუმენტით „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა წამგებიანია. თუ მართლა გვინდა, რომ რამე შეიცვალოს სასამართლოში, ქართველ ხალხს უფრო გასაგები იდეები უნდა შევთავაზოთ, როგორებიცაა არჩევითი მოსამართლეები, ნაფიცი მსაჯულების გაფართოება. ამ სიტყვის შინაარსი არავის ესმის და მოფერებით „ვეტინგს“ ეძახიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.    

ანალიტრიკოსი გია აბაშიძე კი  „რეზონანსთან“ მიიჩნევს, რომ მოსამართლეების შემოწმება, მითუმეტეს უცხო ქვეყნიდან მოწვეული სპეციალისტებისგან მიუღებელია. ეს მაშინ სასამართლო სისტემის წმენდა იქნება, რაც ჩვენს ქვეყანას ზიანს მიაყენებს. მისი აზრით, ევროკავშირის 9 დათქმაში მსგავსი არაფერია მოთხოვნილი, ამიტომ ოპოზიციამ და მასთან აფილირებულმა არასამთავრობოებმა სჯობს ევროკავშირზე აპელირებას თავი დაანებონ. 

„არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელბიც მოსამართლეების კეთილსინდისიერებაზე შემოწმებას თხოვენ, რადიკალური ოპოზიციის დაკვეთას ასრულებენ, ზუსტად იმ მესიჯებს იმეორებენ, რასაც ნაციოანლური მოძრაობა და მასთან აფილირებული პატარა პარტიები. მოსამართლეების შემოწმება, მითუმეტეს უცხო ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, არის დაუშვებელი. აქ ისინი საუბრობენ უკრაინის და ბელგიის მაგალითზე, რამაც არცერთ ქვეყანაში არ გაამართლა. მეორეც, ევროკავშირის 9 რეკომენდაციაში მოსამართლეების ამ გზით შემოწმებაზე არაფერი წერია და ამაზე აპელირება  ყურით მოთრეული ამბავია. 

„ასევე საუბარი იმაზე, თითქოს ეს ვენეციის კომისისი მიერაა მოთხოვნილი, აბსურდია. ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ არსებობდა ასეთი მოსაზრება სხვადასხვა სუბიექტებთან შეხვედრის დროს, ოპოზიციას აქვს გამოხატული პოზიცია, რომ ისინი არ ენდობიან სასამართლოს, ამ ხალხს აქვს პოლიტიკური ინტერესები. „ვეტინგის“ კონტექსტში საუბრის დროს ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ საუბარია იმაზე, ეს საკითხი შესაძლებელია იქნას განხილული პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და გახდეს მსჯელობის საგანი. ამ ჩანაწერსა და იმ ჩანაწერს შორის, რომ ვენეციის კომისიამ მოითხოვა, რომ „ვეტინგის“ პროცესი წარმართეთო, არის რადიკალური განსხვავება“, - ამბობს აბაშიძე.  

მისივე თქმით, ოპოზიციას სურს წინასაარჩევნოდ იმ მოსამართლეების თავიდან მოშორება, რომლებსაც პოლიტიკურად ვერ აკონტროლებენ. ასევე მათ უნდათ, რომ მათთვის სანდო ადამიანები დატოვონ ამ გზით სასამართლო სისტემაში. რადიკალური ოპოზიციის გეგმა ძალიან მარტივად გასაშიფრია, ამიტომ ამაზე ხელისუფლება არ დასთანხმდება.       

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×