თამთა ჩაჩანიძე
14.03.2024

ევროპარლამენტმა სომხეთის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებას მხარი დაუჭირა - გამოდიან შეთავაზებით, ბლოკმა განიხილოს სომხეთის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა. როგორც თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, ეს მხოლოდ მოწოდებაა, თუმცა თუ სომხეთმა ევროკავშირში ინტეგრაციისკენ ნაბიჯები გადადგა, ეს საქართველოს ევროპერსპექტივისთვის დადებითი მომენტია, რადგან რეგონში ევროპული ამბიციების მქონე ორი ქვეყანა იქნება.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა ევროპარლამენტის 504-მა წევრმა, წინააღმდეგი - 4 წავიდა, ხოლო 32-მა დეპუტატმა თავი შეიკავა. დოკუმენტი, რომლის ავტორია „ევროპის სახალხო პარტიის" ფრაქცია, წარმოდგენილია როგორც ყველა ფრაქციის ერთობლივი ინიციატივა. რეზოლუციის პროექტში ევროპარლამენტის წევრები გამოდიან შეთავაზებით, განიხილონ სომხეთის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესაძლებლობა.

„თუ სომხეთი დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მოპოვებით და გააგრძელებს მდგრადი რეფორმების გზას, რომელიც გააძლიერებს მის დემოკრატიას, ეს შეიძლება გახდეს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი", - ნათქვამია ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატების ერთობლივი რეზოლუციის პროექტში.

დეპუტატები მოუწოდებენ ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს, ევროკომისიას და ევროპულ საბჭოს, აქტიურად დაუჭირონ მხარი სომხეთს ევროკავშირთან თანამშრომლობის გაფართოებაში არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ პოლიტიკური დიალოგის, უსაფრთხოების, ადამიანებსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების სფეროებში.

კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ ახლა მთავარია ამას როგორ შეხვდება და რა ნაბიჯებს გადადგამს სომხეთის ხელისუფლება და თავად მოსახლეობა, საქართველოსთვის კი ეს კარგი პრეცედენტია.

„ევროპარლამენტის რეზოლუცია ერთია და მეორე, შემდეგ როგორ გაგრძელდება, რადგან ეს რეზოლუცია არ კმარა, სავალდებულო არაა, ეს უბრალოდ მოწოდებაა. მეორეს მხრივ დამოკიდებულია იმაზე, თვითონ სომხეთში საზოგადოება და მთავრობა რამდენად მზადაა, ისინი რუსული ორბიტიდან გასვლას რამდენად გაბედავენ და ამას ღიად რამდენად მოინდომებენ, რადგან კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრობას ბოლომდე ჯერ კიდევ ვერ ელევიან.

„მაგრამ თუ ეს მოხდა, კარგია, რადგან კავკასიაში ორი ქვეყანა იქნება, რომელსაც ევროპული ამბიცია აქვთ, თუმცა, მეორეს მხრივ, საქართველოს ხელისუფლებას გარკვეული წნეხის ქვეშ მოაქცევს იმ გაგებით, რომ თუ სომხეთმა კანდიდატის სტატუსის მხრივ ძალიან სწრაფად წაიწია, ქართული საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებისგან უფრო მეტს მოითხოვს და მათზე წნეხი გაიზრდება.

„თუ სომხეთმა კანიდდატის სტატუსი მიიღო, მანამდე მუწევს თანდათანობით უარი თქვას კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრობაზე და ევრაზიულ კავშირზე, და ამას ალბათ დრო დასჭირდება. თუ ეს პროცესები დაიწყო, არაა გამორიცხული, რომ სომხეთს რუსეთთან ურთიერთობა ძალიან გაურთულდეს და ეკონომიკურ და სხვა ტიპის ბლოკადაში მოექცეს. ასევე არაა გამორიცხული, რომ მოსკოვმა სომხეთის ამ ხელისუფლების შეცვლა მოინდიომოს, რომელიც ისედაც არ ეპიტნავება.

„თუ დავაკვირდებით რუსულ რეაქციებს იმ განცხადებებზე, რომლებსაც ბოლო დროს სომხეთის ხელისუფლება აკეთებს, მაგალითად, ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეები გასვლის მოთხოვნაზე და ა.შ. შესაძლებლობებთან ერთად, სომხეთისთვის რისკებსაც წარმოშობს. ევროკავშირის გაფართოებას გეოპოლიტიკური განზომილება აქვს კანდიდატის სტატუსამდე და მერე უკვე ეს აღარ კმარა. ეს წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა ვნახოთ მოვლენები როგორ განვითარდება", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×