თამთა ჩაჩანიძე
13.03.2024

ოფიციალურად გაირკვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელების" კანდიდატი დონალდ ტრამპი, „დემოკრატების" კანდიდატი კი მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იქნება. არჩევნები მიმდინარე წლის 5 ნოემბერს გაიმართება, პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას ახლა იწყებენ, ამიტომაც ანალიტიკოსებს უჭირთ მათ რეიტინგებზე საუბარი, თუმცა, რამდენიმე სცენარზე საუბრობენ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები ერთ-ერთის გამარჯვების შემთხვევაში.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, თუ მან გაიმარჯვა, არაა გამორიცხული, რომ აშშ-ის ნატოდან გამოსვლის საკითხი დადგეს, რაც ევროპის უსაფრთხოებისთვის საყრდენის გამოცლას ნიშნავს, უკრაინის მხრივ კი არაა გამორიცხული, რომ კიევის სამხედრო დახმარების პოლიტიკას გადახედოს და მხარეებს მოლაპარაკებებისკენ უბიძგოს. ბაიდენის გამარჯვების შემთხვევაში კი სიტუაცია უცვლელი იქნება, თუმცა, რუსეთის შეკავების პოლიტიკა მისი მთავარი ხაზი იქნება.

რაც შეეხება იმას თუ როგორ აისახება ბაიდენის დარჩენა, ან ტრამპის დაბრუნება, ანალიტიკოსთა შეფასებით, ბაიდენის ადნინისტრაცია მახრადჭერას გააგრძელებს, ხოლო ტრამპი ისევ იმ პოლიტიკას გაატარებს, რაც პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს ჰქონდა.

ტრამპი და ბაიდენი არჩევნებში კვლავ მეტოქეები არიან

„ასოშიედ პრესი" წერს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკური პარტიის" კანდიდატი დონალდ ტრამპი, „დემოკრატიული პარტიის" კანდიდატი კი ჯო ბაიდენი იქნება. ამავე წყაროს ინფორმაციით, ტრამპმა უკვე მოიპოვა სულ მცირე 1215 დელეგატის მხარდაჭერა. წინა კვირაში კი მისი ბოლო კონკურენტი, ნიკი ჰეილი საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლას გამოეთიშა. ფორმალურად, ტრამპს პრეზიდენტობის კანდიდატად „რესპუბლიკელები" პარტიის ყრილობაზე მილუოკიში, 15-18 ივლისს წარადგენენ.

რაც შეეხება ბაიდენს, მან ასევე მოიპოვა სულ მცირე 1968 დელეგატის მხარდაჭერა. ფორმალურად, მისი კანდიდატურა აგვისტოში, ჩიკაგოში დაგეგმილ „დემოკრატიული პარტიის" ყრილობაზე დამტკიცდება.საპრეზიდენტო არჩევნები კი აშშ-ში 5 ნოემბერს გაიმართება.

აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის ე.წ "სუპერ სამშაბათი" და პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის კონგრესში ერისადმი მიმართვა იყო. სამშაბათს ამომრჩევლებმა სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატს მისცეს ხმა. მანამდე კი ტრამპმა ბაიდენი დებატებში მიიწვია, რასაც ბაიდენის ადმინისტრაციიდან გამოხმაურება მოჰყვა, რომ პრეზიდენტის გმოსვლისთვის ეყურებინა.

რა შეიცვლება გლობალურად თუ ტრამპი მეორედ მოვიდა, ან ბაიდენი დარჩა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ტრამპის გზავნილები რადიკალურად განსხვავებულია ბაიდენის წინასაარჩევნო გზავნილებისგან, ის ყვება თუ რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ერთის, ან მეორის გამარჯვების შემთხვევაში, მათ შორის საქართველოს მხრივ.

„ჯერჯერობით ტრამპის წინასაარჩევნო რიტორიკა ცოტა არასტანდარტულია, რომ ამერიკა ნატოდან უნდა გამოვიდეს და რომ ეს ალიანსი უნდა დაიშალოს, უკრაინაში სამშვიდობო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს, ჩინეთი უნდა შეაკაოს, არალეგალ მიგრანტებს მიხედოს და ა.შ. ეს დღეს ტრამპის მთავარი მესიჯებია, თუმცა შესაძლოა პრეზიდენტობისას შეცვალოს მიდგომები. აშშ ნატოს მთავარი საყრდენი და დამფინანსებელია და ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში თუ ალიანსიდან გავიდა, ალიანსი მარტივ მამრავლებად დაიშლება.

„ტრამპს ჩინეთთან დაბალანსებული ურთიერთობა ექნება, რუსეთთანაც შეეცდება, რომ დააბალანსოს ჩინეთის საპირწონედ. ალბათ, უკრაინის ომის ვარიანტში ის მკაცრი და ხისტი იქნება და მხარეებს აიძულებს, რომ მოლაპარაკებები დაიწყონ, აშშ-ს ეს ბერკეტები გააჩნია თუ უკრაინას „ლენდ-ლიზი2"-ის დახმარება შეუწყვიტა, კიევს გაუჭირდება.

„თუ ბაიდენმა გაიმარჯვა, თავის ახლანდელ კურსს გააგრძელებს, თუმცა, კონგრესში რესპუბლიკურ უმრავლესობას რას მოუხერხებს, თუნდაც უკრაინის დახმარების კუთხით, ეს საკითხავია. მეორეც, ბაიდენს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ესეც მნიშვნელოვანია. თუ ის პრეზიდენტად აირჩიეს და მერე პრეზიდენტობა ვეღარ შეძლო, მის მოვალეობას ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს და ოთხი წელი მაინც დემოკრატები იქნებიან სათავეში",- განაცხადა ვახტანგ მაისაიამ „რეზონანსთან".

კითხვაზე, როგორ აისახება საქართველოზე თუნდაც ბაიდენის დარჩენა, ან ტრამპის გამარჯვება, მაისაიამ გვითხრა: „თუ ტრამპმა გაიმარჯვა, მან თავის დროზე კავკასია თავისი კონცეფციიდან ამოიღო, ჩვენსკენ საერთოდაც არ იყურებოდა და შესაძლოა მისთვის ეს რეგიონი ნაკლებად საინტერესო იყოს. ბაიდენმა კი პირიქით, შესაძლოა ურთიერთიბა გააგრძელოს და გააღრმაოს.

„დღეს ტრამპის შანსი უფრი მაღალია, ვიდრე ბაიდენის. ტრამპს უკვე შავკანიანიები და აფროამერიკელებიც უჭერენ მხარს, ამასთან, ის უფრო ენერგიულია, ვიდრე ბაიდენი. ჩემი აზრით, ამერიკელებს სულ არ აინტერესებთ გამოვლენ თუ არა ნატოდან. ისეთი შემთხვევა არ მახსენდება, როცა აშშ-ში პრეზიდენტი ერთი ვადით აერჩიოთ და გარკვეული ინტერვალის შემდეგ ისევ დაბრუნებულა, თუმცა ყველაფერს არჩევნები გვიჩვენებს", - განაცხადა მაისაიამ „რეზონანსთან".

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია კი „რეზონანსთან" აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით რეიტინგებზე საუბარი ადრეა, თუმცა იმ შესაძლო სცენარებზე საუბრობს, რაც შეიძლება ერთის, ან მეორის გამარჯვების შემთხვევაში მოჰყვეს.

„თუ ტრამპი დაბრუნდა, ტრანსატლანტიკური და საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა ძირეულად შეიცვლება, რადგან როგორც წინა შემთხვევაში, ალბათ ევროპელ პარტნიორებთან ურთერთობა კიდევ უფრო დაიძაბება, ნატოსთან მიმართებაში სერიოზული რყევები იქნება.

„ალბათ რუსეთს ხელი გაეხსნება, რადგან თუ ტრამპი თავის დანაპირებს შეასრულებს, უკრაინას მხარს არ დაუჭერს და არ დააფინანსებს, კიევს იძულებულს გახდის მოლაპარაკებებზე წავიდეს, მისთვის არახელსაყრელი პირობებით.

„ამ დროს მნიშვნელოვანია ევროპა რას იზამს, რადგან შეერთებული შტატების გარეშე გაუჭირდება უკრაინას თავად დაეხმაროს და საკუთარი ბედი თვითონ განსაზღვროს, მათ შორის რუსეთთან იურთიერთობის თვალსაზრისით. ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლა იმ კუთხითაც დამაფიქრებელია, თუ რას გამოიწვევს ეს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

„გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპი ზოგადად ევროპას ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს და მისი მთავარი მიმართულება ჩინეთი და აღმოსავლეთი იქნება, არაა გამორიცხული, რომ ამან პუტინი წააქეზოს პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მიმართ.

„ბაიდენის დარჩენის შემთხვევაში, სავარაუდოდ ის მის არჩეულ პოლიტიკას გააგრძელებს, მართალია ცოტა გაუჭირდება, რადგან თუნდაც კონგრესში რესპუბლიკელები დიდი ძალაა, მაგრამ შეეცდება, რომ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს, ტრანსატლანტიკური კავშირები კიდევ უფრო გააძლიეროს, რუსეთის აგრესიას წინაარმდეგობა გაიწიოს.

„ის ალბათ ყველაზე მთავარს იმას გააკეთებს, რომ ევროპულ უსაფრთხოებას რაღაცნაირად გააძლიერებს და უკრაინას პოსტკონფლიქტური მოლაპარაკებებისთვის მოამზადებს. ომი რა შედეგებით დასრულდება არ ვიცით, მაგრამ ეცდება, რომ უკრაინას საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების საკითხში მხარი დაუჭიროს.

„ბაიდენი ჩვენს მხარდაჭერას გააძლიერებს, თუმცა მისი ადმინისტრაციისთვის საქართველო განსაკუთრებულ ინტერესს არასდროს არ წარმოადგენდა, ბოლო ხანებში ამ კუთხით განსაკუთრებული ინტერესი არ შეინიშნება, ის მაინც ჩვენ მოგვიაზრებს, როგორც რუსეთის სამეზიობლოში შემავალ ქვეყანას.

„ბუშის ადმინისტრაციისგან განსხვავებით, დღეს საქართველოსთან და ხელისუფლებასთან განსაკუთრებული ურთიერთობა არ აქვს, პირიქით, თუ დავაკვირდებით და უკვე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში ურთიერთობები გაცივდა, ბევრი რამ ალბათ დამოკიდებულია იმაზე თუ თვითონ საქართველოში რა პროცესები განვითარდება.

„ბაიდენისა და ტრამპის რეიტინგებზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ პარტიებში იბრძვიან",- განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×