თამთა ჩაჩანიძე
13.03.2024

ოპოზიციაში კონტურები თანდათან იკვეთება, თუ რა კონფიგურაციით წარსდგებიან არჩევნებზე, ამის პარალელურად კი, მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის ბრძოლა მიდის. აქამდე გამოქვეყნებულ ყველა კვლევაში „ქართული ოცნების" მერე, რეიტინგით მეორე ადგილზე „ნაცმოძრაობაა", ანალიტიკოსების პროგნოზით კი მიუხედავად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსის მოპოვება გარკვეულ პარტიებს სურთ, მათ შორის ახლადშექმნილ ნიკა მელია-ნიკა გვარამიას „ახალს", ამ იმიჯით არჩევნებამდე რვა თვით ადრეც კვლავ „ნაცმოძრაობაა", რადგან გადამწყვეტი მაინც მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ელექტორატია.

„ქართულ ოცნებაში" კი აცხადებს რომ პოლიტიკური პარტიები იქმნება, რომლებიც „თავის თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს, არ არიან „ნაცმოძრაობის" შემადგენელი". სინამდვილეში, კი საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, „ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, თუ სხვები, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები".

როგორც „ახალში" ამბობენ, თანამშრომლობაზე კონსულტაციები გრძელდება, ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მას ენმ-დან წასული პოლიტიკოსებიც შეუერთდებიან და ამ პარტიის გარკვეულ ელექტორატსაც წაიყვანს, თუმცა არა იმდენს, რომ „ნაცმოძრაობას"კონკურენცია გაუწიოს.

„ლელოს" რაც შეეხება, ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე აცხადებდა, რომ ჩამოყალიბებული ჰქონდა ხედვა, რომლის განხორციელებასაც არჩევნების ჩატარების მეორე დღიდანვე დაიწყებდა, რისი მეშვეობითაც „ლელო" იქნებოდა მთავარი ოპოზიციური ძალა. გასულ წელს კი ლელოს ერთ-ერთი წევრი ირაკლი კურტანიძე ამბობდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ ეტაპზე არის ყველაზე დიდი პარტია, მაგრამ, ის აღარ არის მთავარი ოპოზიციური ძალა".

რას ამბობენ „ოცნებასა" და ოპოზიციაში

„ნაციონალური მოძრაობის" სტრუქტურა და პარტია არის დაშლის საბოლოო ფაზაში, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები, ცალ-ცალკე პატარ-პატარა 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, ოპოზიციაში მცირე ჯგუფების შექმნა „ქართულ ოცნებას" დაეხმარება, პარლამენტში მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა.

„ახალი არაფერია, ეს არის ძველი პოლიტიკური ჯგუფი, ძველი ღირებულებებითა და იმ ძველი გამოცდილებით, რომლითაც ქვეყანას არაერთი უბედურება მოუტანეს. თქვენ თუ რაიმე ახალს ხედავთ, გვითხარით, მაგრამ მე ძალიან ბევრი ადამიანის აზრი ვიცი და მათი პირველი რეაქციაა, რომ ეს არის ძველი. სამწუხაროდ, ძალიან ცუდი ძველი.

„რაც შეეხება, რატომ მოხდა ეს გაერთიანება და რატომ ყალიბდება ასეთი 1%-იანი და 2%-იანი პოლიტიკური ჯგუფები, ეს ხდება იმიტომ, რომ „ნაციონალური მოძრაობის" სტრუქტურა და პარტია არის დაშლის საბოლოო ფაზაში, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას მსგავს ადამიანებს მიაქვთ ნანგრევებიდან აგურები და ცალ-ცალკე პატარ-პატარა 1%-იან სტრუქტურებს აშენებენ. როგორც ითქვა, და მეც ვადასტურებ, ასეთი მცირე ჯგუფების შექმნა ოპოზიციაში ჩვენ დაგვეხმარება, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიმდინარე წლის არჩევნებში", - განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი პოლიტიკურ ხრიკს უწოდებს მელია-გვარამიას გაერთიანებას და მათ „ნაცმოძრაობისგან" დისტანცირებას.

„პოლიტიკური პარტიები იქმნება, რომლებიც თავის თავს ისე წარმოაჩენენ, თითქოს, არ არიან „ნაცმოძრაობის" შემადგენელი. სინამდვილეში, ნიკა გვარამია იქნება თუ ნიკა მელია, ხოშტარია, გირჩი ჯაფარიძე, თუ სხვები, ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები. გვარამიასა და მელიას გაერთიანება ერთ მიზანს ემსახურება - იქნებ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, „ნაცმოძრაობისგან" დისტანცირდნენ და რამენაირად 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოახერხონ, მაგრამ საზოგადოებამ კარგად იცის ერთის და მეორის წარსული. შესაბამისად, მათ პოლიტიკურ ხრიკებს არავინ დაიჯერებს. ასეთ გაერთიანებებს არც 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა აქვთ და არც რაიმე პოლიტიკური პერსპექტივა ექნებათ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.

ენმ-ში კი სხვა ოპოზიციურ პარტიებს კონკურენტად არ აღიქვამენ, მათ შორის „ახალს", პარტიის წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ არცერთ პარტიას ენმ-ს კლონობა არ გამოსვლია.

„კლონებზე განცხადება თავის დროზე სიტყვასიტყვით თავად მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა თავის ფეისბუქგვერდზე და იგულისხმება „ნაციონალური მოძრაობის" მიმბაძველი კლონები. ორივეს - გვარამიასაც და მელიასაც, ყველას წარმატებას ვუსურვებ. არ მაქვს მოლოდინი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" შეიძლება, ხმები დააკლდეს. „ნაციონალური მოძრაობა", მიხეილ სააკაშვილთან ერთად, იქნება მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს „ქართულ ოცნებას". როგორც არ მაინტერესებს კობახიძე ადეიშვილზე რას ამბობს, ზუსტად ისე არ მაინტერესებს, ვინ სად გაერთიანდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თემა არ არის მსგავსი საკითხების განხილვა, ჩვენ ვიცით, რა აწუხებთ საქართველოს მოქალაქეებს", - განაცხადა წითლიძემ.

მიდის თუ არა მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის ბრძოლა

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დღეს ოპოზიციურ ფლანგზე ჩანს, რომ მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი გარკვეულ პარტიებს სურთ, მათ შორის ახლადშექმნილ მელია-გვარამიას ერთობას, თუმცა დასძენს, რომ ამ იმიჯით კვლავ ენმ იქნება, რადგან გადამწყვეტი მაინც მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ელექტორატია.

„უნდა ითქვას, რომ მელიას თავისი მომხრეები ჰყავს, მაგალითად, როცა ენმ-ში შიდა არჩევნები მიდიოდა, მას გარკვეულმა ელექტორატმა მხარი დაუჭირა. ასევე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც „ნაცმოძრაობა" დატოვა, ისინი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეები და წევრები იყვნენ, მომხრეები მათაც ჰყავთ, თუნდაც ახლობლების სახით. შესაბამისად, ამით ენმ-ს მომხრეები აკლდება.

„მელია-გვარამიას გუნდი 5%-იან ბარიერს გადალახავს, თუმცა, მთავარი ოპოზიციური სტატუსის იმიჯით მაინც „ნაცმოძრაობა" იქნება, რადგან გადამწყვეტი მაინც მიხეილ სააკაშვილის ფაქტორია, გარკვეული მომხრე მაინც ეყოლება. საერთო ჯამში, კარგი იქნება თუ რაც შეიძლება მეტი პროდასავლური პარტია გადალახავს 5%-იან ბარეირს, შევიდეს პარლამენტში და არსებობდეს იმის შესაძლებლობა, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას. თუმცა, გახარიას პარტია არ მგონია ვინმეს შეუერთდეს, მათ ისეთი ნიშა აქვთ აღებული, რომ მოუღებელია როგორც „ოცნება", ისე ენმ.

„შესაძლოა მთავარი ოპოზიციური სტატუსის პრეტენზია გახარიას პარტიასაც და „ლელოსაც" ჰქონდეს, თუმცა, მთავარი ამომრჩევლის მობილიზებაა. ფაქტია, რომ „ნაცმოძრაობას" ეს სტატუსი აქვს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სხვადასხვა კვლევებში ციფრები განსხვავებულია, თუმცა, ტენდენცია ერთია, რომ პირველ-მეორე ადგილზე „ოცნება"-„ნაცმოძრაობაა", მისი თქმით, სახელისუფლებო პარტიასთან კონკურენციის მკვეთრად გამოხატული უნარი მხოლოდ ენმ-ს აქვს.

„პარტიები ბევრი გვაქვს და მათი რეიტინგები გამოკვლევებით ცნობილია, ციფრები სხვადასხვა კვლევებში ერთმანეთს არ ემთხვევა, მაგრამ, ტენდენციები დაახლოებით ერთნაირია. ამ პარტიებში საკითხავია 5%-იან ბარიერს გადალახავენ თუ არა. სახელისუფლებო პარტიასთან კონკურენციის მკვეთრად გამოხატული უნარი მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, არაერთხელ ითქვა ისიც, რომ ამის საფუძველი არის ამ პარტიის კავშირი მიხეილ სააკაშვილთან.

„ენმ-ს ოფიციალური თავმჯდომარე ვინც არ უნდა იყოს, ამ პარტიას მაინც სააკაშვილს აკუთვნებენ და სააკაშვილის მომხრეებიც ენმ-ს აძლევენ ხმას. ამიტომაა, რომ მას ჯერ კიდევ დიდი რეიტინგი აქვს, მიუხედავად დიდი ქარტეხილებისა.

„მეც შემიძლია ვთქვა, რომ „ნაცმოძრაობა" კი არა, „ქართული ოცნებაც" აღარაა ძალა და ვაპირებ, რომ ყველა დავამარცხო და არჩევნებში გავიმარჯვო-მეთქი, მაგრამ დამაჯერებელი იქნება?! მებრძოლ განცხადებებს კი აკეთებენ, მაგრამ მებრძოლი განცხადებები და ბრძოლა სხვადასხვა რამაა.

„ჩხუბის წინ მოკრივეები ძალიან შემტევ განცხადებებს აკეთებენ და ერთმანეთს განადგურებას უწინასწარმეტყველებენ, მაგრამ მერე შედეგი სხვა დგება ხოლმე",- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×