ელზა პაპოშვილი
12.03.2024

რას ცვლის პოლიტიკურ ველზე პარტია „ახალის“ გამოჩენა, რატომ არ შედგა ამ ეტაპზე მათი ალიანსი „ლელოსთან“ და ვის უფრო აქვს თავის გარშემო წვრილი პარტიების შემოკრების შანსი? ანალიტიკოსთა შეფასებით, მელია-გვარამიას პარტიასთან მამუკა ხაზარაძის ალიანსის ჩაშლაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ოპოზიციაში გადაჯგუფების პროცესი ისევ მიდის და ეს საბოლოო სახეს ალბათ აპრილის ბოლოს მიიღებს.

ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის შექმნაზე გასული წლის ბოლოდან მიდიოდა მუშაობა. რამდენჯერმე დასახელდა ახალი პარტიის პრეზენტაციის სავარაუდო თარიღი, თუმცა პროცესი ჭიანურდებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში კეთდებოდა განცხადებები მის შესაძლოა ალიანსზე სხვა პოლიტიკურ ძალებთან.

ამ მხრივ ყველაზე ხშირად სახელდებოდა ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და ელენე ხოშტარიას „დროა“. საუბარი იყო იმაზეც, რომ მელიას ახალ პარტიაში იქნებოდნენ ენმ-და წამოსული პარლამენტარები - ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე. ასევე განიხილებოდა მელიას ალიანსი „ლელოსთან“.

მას შემდეგ კი, რაც „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ღიად განაცხადა პოლიტიკაში თავისი დაბრუნების შესახებ, ანალიტიკოსთა უმრავლესობა ყველაზე რეალურად სწორედ გვარამია-მელიას ტანდემის შექმნას მიიჩნევდა.

საბოლოოდ ასეც მოხდა - მელიამ და გვარამიამ 11 მარტს წარმოადინეს მათი ერთობლივი პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“ საარჩევნო ნომრით „4“, რომელიც ნიკა მელიას პაატა ბურჭულაძის ყოფილმა პარტიამ „სახელმწიფო ხალხისათვის“ დაუთმო. თუმცა, შედგება თუ არა საბოლოოდ მათი ალიანსი ზემოთ ნახსენებ სხვა პოლიტიკურ ძალებთან და ცალკეულ პოლიტიკოსებთან, ამ ეტაპზე ისევ უცნობია.

ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს ახალი რეალობა ახალ თავსატეხს უჩენს „ლელოს“, რომელმაც თავისი საარჩევნო კამპანია დაიწყო ლოზუნგით „შუა უნდა შეიკრიბოს“. იქიდან გამომდინარე, რომ მელია-გვარამიას ალიანსიც სწორედ შუაშისტ ამომრჩეველზე ცდილობს ორიენტირებას, როგორი იქნება ამ ორი პოლიტიკური ძალის ურთიერთობა - კონკურენცია ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლებისა და წვრილი პარტიების მისაზიდად, თუ თანამშრომლობა და საბოლოო ჯამშ გაერთიანება?

ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ფიქრობენ, რომ ოპოზიციაში გადაჯგუფებამ  საბოლოო სახეს აპრილის ბოლოსთვის მიიღებს. ამიტომ არ გამორიცხავენ, რომ გვარამია-მელიას სხვა ყოფილი „ნაციონალები“ - „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და „დროაც“ შეუერთდნენ. ისინი ასევე არც იმას გამორიცხავნ, რომ ამ გაერთიანებაში საბოლოოდ „ლელო“ მაინც აღმოჩნდეს. 

შედგება თუ არა „ლელო“-„ახალის“ ალიანსი

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ „ლელო“ შუაში იხლიჩებოდა, რადგან, ერთს მხრივ, მას მელია-გვარამიასთან გაერთიანება სურდა, მეორეს მხრივ კი უკან ხევდა ამ ორის პოლიტიკური წარსული. 

„მე თავად მაქვს ხაზარაძის განცხადება წაკითხული, სადაც ის მელიასთან ალიანსზე საუბრებდა თამამად. შემდეგ ამ საუბარს მოუკლეს და თქვეს, რომ დამოუკიდებლად გასვლას ვაპირებთო, ჩვენი კარი ყველასთან ღიააო და ა.შ. 

„მე ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ „ლელოსთვის“ „ნაციონალურ მოძრაობის“ ამ ორ თვალსაჩინო ლიდერთან გაერთიანება ძალიან დამაზიანებელი იქნებოდა. „ლელოს“ მემგონი საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა. ისინი ძალიან წინააღმდეგობრივ განცხადებებს აკეთებენ. ამას წინათ ხაზარაძემ თქვა, რომ ერთიანობისთვის მზად ვართ პოლიტიკური და პარტიული იდენტობაც კი დავთმოთო.

„როდესაც თვითკმარი პატია, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა მესამე პოლიტიკური ალტერნატივის შექმნაზე და ამბობდა „შუა ჩვენს ირგვლივ უნდა შემოვკრიბოთო“, შემდეგ კი ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს პიარის კუთხით საზიანოა. რატომ უნდა დათმოს პარტიამ იდენტობა, როცა ძლიერი ხარ?! თუკი ამომრჩეველი მხარს გიჭერს, ასეთი ჩამოუყალიბებელი არ უნდა იყო. 

„ამიტომ, ვფიქრობ, გადალაგება და გადმოჯგუფება ოპოზიციაში ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდება. დაახლოებით აპრილის ბოლომდე თავისი პოტენციალი რეალურად უნდა შეაფასონ და გადაწყვიტონ რა ფორმით გავიდნენ არჩევნებზე“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს რომ, ჯერ ბოლომდე დასრულებული არაფერია, ამიტომ არ გამორიცხავს, რომ „ლელო“ მელია-გვარამიასთან გაერთიანდეს. როგორც საყვარელიძე „რეზონანსთან“ ამბობს, თუკი „ლელოს“ 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა გაუჩნდება, მან არჩევანი უნდა გააკეთოს. 

„მე მაინც ვფიქრობ, რომ ბოლომდე დასრულებული არაფერია. მელია-გვარამიას გაერთანება რომ უნდა მომხდარიყო, ამას ყველა ანალიტიკოსი ამბობდა. თუმცა „ლელო“ მათთან ერთად რომ არ უნდა ყოფილიყო, ამასაც ბევრი იძახდა. მიზეზი კი ისაა, რომ „ლელო“ მუშაობს ე.წ. შუაშისტ ამომრჩეველზე, მას მათი მიმხრობის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე მელია-გვარამიას. ამიტომ, თუ ეს პარტია ამ ტანდემის ქვეშ გაერთიანდება, ის, როგორც პოლიტიკური ძალა, იდენტობას დაკარგავს. 

„მელია-გვარამიას ძირითადი იდენტობა მაინც „ნაციონალური მოძრაობაა“, ხოლო მათთნ გაერთიანებით „ლელოც“ მათ რიგებში ჩაეწერება. ამიტომ გადაწყვიტა ეტყობა ამ ეტაპზე, რომ ეს ალიანსი არ მომხდარიყო. თუმცა ამ პარტიას მგონია რომ არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობა აქვს. 

„რაც შეეხება „დროას“ და „გირჩს“, მათ მელია-გვარამიასთან ალიანსის  პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. ამიტომაც ველი, რომ უახლოეს დროში ისინი მათ შეუერთდებიან, ან „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამბობს საყვარელიძე.

ვინ მიიზიდავს წვრილ პარტიებს

გახდება თუ არა გვარამია-მელიას ალიანსი წვრილი პარტიებისთვის მიზიდულობის ახალი ცენტრი? ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ეს ვარიანტი ბოლომდე გამორიცხული არ არის და როცა პარტიების თვითშეფასების პროცესი დასრულდება, ამის მერე მივლენ რაღაც დასკვნამდე.  

„ვფიქრობ, „ლელომ“ მოლაპარაკებისთვის კარი ღია დაიტოვა იმ შემთხვევისთვის, თუკი მივა დასკვნამდე, რომ მას დამოუკიდებლად 5%-იანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდება. ამ პარტიას, ბოლო გამოკითხვებით, 2-3%-ზე მეტი არ ჰქონია. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ მათ მელია-გვარამიასთან გაერთიანება გადაწყვიტონ. 

„მგონია, რომ საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში ეს გაერთიანება აღიქმება, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი განაყოფი. ყველამ კარგად იცის მელიაც და გვარამიაც ვინ არის. რამდენი ახალგაზრდაც არ უნდა შემოიკრიბონ გარშემო, რომლებსაც შესაძლოა არ ახსოვთ ის პერიოდი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო, ეს მიანც არ არის იმისთვის საკმარისი, რომ მათ რაღაც წარმატების იმედი ჰქონდეთ. მელია-გვარამია მაინც ისევ „ნაციონალებს“ წაართმევს ამომრჩეველს. შესაძლოა „ჯენ-ზის“ თაობიდან რაღაც რაოდენობა წამოიყვანონ, მაგრამ არ მგონია ეს 5%-იანი ბარიერის გადასალახად საკმარისი იყოს. 

„შესაძლოა 8 თვეში ბევრი რამ შეიცვალოს. ჩვენ პოლიტიკურ  რელობაში ამ სცენარების გამორიცხვა ბოლომდე არ შეიძლება. ამიტომ ვნახოთ. ყველა ამ პარტიას 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვს. შესაძლოა ჩათვალონ, რომ გაერთიანება უკეთესია და მელია-გვარამიას დანარჩენი სხვა პატარა პარტიებიც შეუერთდნენ“, - ამბობს ანჯაფარიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი გამორიცხავს მელია-გვარამიას გარშემო რაიმე დიდი ალინსის შექმნას. მისი აზრით, ეს ტანდემი მაინც  „ნაციონალური მოძრაობა 2“-ად აღიქმება და ამიტომ მასთან ალიანსს ისევ მხოლოდ „დროა“ და „გირჩი“ თუ გადაწყვეტს. 

„მე არ ვფიქრობ, რომ „#4“ სხვა პარტიებისთვის დიდი მიზიდულობის ცენტრი გახდება. აქ მაშინ გიორგი გახარია, ალეკო ელისაშვილი, მეორე „გირჩი“, ანა დოლიძე უნდა გაერთიანდნენ, რასაც გამოვრიცხავ. 

„ლელოს“ არ ვიცი რა გეგმები აქვს, ბოლომდე ვერ აქვს გადაწყვეტილი რა უნდა. მელია-გვარამიას პოლიტიკური ძალა კი სხვაგვარად „ნაციონალების“ კლონირების მცდელობა იქნება, როგორც სააკაშვილმა თქვა. ნუ, შესაძლოა, 5%-იანი ბარიერის გადალახვა წვალებით შეძლონ, მაგრამ მათ გარშემო სხვა რაიმე დიდ გაერთიანებას არ ველი“, - ამბობს საყვარელიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×