ნაზი ბერიძე
23.01.2024

სამშაბათს ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩატარდა. ოპოზიციამ ცესკოს თავმჯდომარე ნეპოტიზმსა და „ქართული ოცნების" ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა და მისი ლეგიტიმაციაც ეჭვქვეშ დააყენა. გარდა ამისა, შეხვედრისას თავად ოპოზიციის წარმომადგენლებს შრისაც იყო უთანხმოება და სხდომა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსათვის" წარმომადგენელმა დატოვა.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ ეს არის ოპოზიციის მხრიდან წინასაარჩევნოდ ცესკოს დისკრედიტირების ერთგვარი პრელუდია, რომელსაც, სავარაუდოდ, გაგრძელება ექნება.

ეს პირველი ასეთი შეხვედრაა წელს ცესკოსა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რომელიც 2024 წლის არჩევნების წინ იმართება. შეხვედრის მთავარი თემა ელექტრონული კენჭისყრა და საარჩევნო სიების ფორმირება იყო, თუმცა, ძირითადად საუბარი სულ სხვა თემებზე მიმდინარეობდა.

რა ხდებოდა სხდომაზე

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა საარჩევნო ადმინისტრაციის უფროსი „ოცნებასთან" გარიგებაშიც დაადანაშაულეს, არალეგიტიმურადაც გამოცხადეს და პირდაპირ უთხრეს, რომ მის მიერ ჩატარებული არჩევნები გამჭვირვალე ვერ იქნება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშილმა ჟურნალისტებთან იმაზე ისაუბრა, თუ რა ბრალდებები წაუყენეს ცესკოს თავმჯდომარეს.

„სანდოობის პრობლემაა-თქო თავმჯდომარის... ის არავის აურჩევია, „ქართული ოცნების" და სუს-ის მიერ დატოვებული თავმჯდომარეა. ამ კაცთან გვქონდა შეკითხვები, კონკრეტული მტკიცებულებები მოვუტანეთ. ასეთი რამ თქვა, რომ ისევ ასე აპირებენ, ისევ ბიძაშვილებს დავტოვებთ, ისევ ნათესავებს დავტოვებთ, ამაში პრობლემას ვერ ვხედავო და მე დავრჩები თუ არა თანამდებობაზე, ცხადია, დავრჩები, იმიტომ, რომ 15 ათას ლარამდე ხელფასი მაქვსო და ფანტასტიკურად ვგრძნობ თავსო. ხალხი თუ შიმშილობს და პრობლემაა, ეს საერთოდ არ მაინტერესებსო", - განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

შეხვედრაზე ასევე აქტიურობდა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, რომელიც საარჩევნო ადმინიტრაციის ხელმძღვანელისგან ითხოვდა პასუხს, რატომ ინიშნებიან მის უწყებაში „ოცნების" მაღალჩინოსნების ოჯახის წევრები მაღალ თანამდებოებზე.

„დამოუკიდებელი კომისიის წევრი უნდა იყოს სანდო. ჩვენ ვამბობთ, რომ ვერ იქნება სანდო, სანამ ის არის „ქართული ოცნების" საკრებულოს ან პარლამენტის წევრის ოჯახის წევრი, ცოლი, მეუღლე. ვერ იქნება სანდო, როდესაც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თავის მეუღლეს ნიშნავს საუბნო საარჩევნო კომისიაში. ვერ იქნება სანდო, როცა და ძმას ნიშნავს და ა.შ., რომელიც მთლიანად ტრიალებს „ქართული ოცნების" გარშემო. ორჯერ ორი ხომ ოთხია, რომ საკრებულოს წევრის მეუღლე არ უნდა იყოს კომისიის წევრი. ჩვენ ხომ არ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენი საკრებულოს წევრების მეუღლეები დანიშნეთ ამ კომისიაშიაო? ვამბობთ, რომ ობიექტურად შეარჩიეთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გახარიას პარტია ენმ-ის წინააღმდეგ

ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის ხმაურიანი განცხადებების შემდეგ, შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით, ამგვარ განცხადებებს არსებითი პრობლემებიდან ყურადღება სულ სხვა მიმართულებით გადააქვს. მეზვრიშვილმა ენმ ცესკოსთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა და მათ „ოცნების" სასარგებლო იდიოტები" უწოდა.

„ნაციონალური მოძრაობა" აწყობს ცირკს. ამ ცირკს აწყობს ახლა შიგნით ლევან ხაბეიშვილი, რომლებიც ვერ აცნობიერებენ სად დადიან, რომლებიც არიან „ოცნების" სასარგებლო იდიოტები და ჩვეულებრივი მავნებლები.

„დისკუსიის ნაწილი დაიწყო ისე, როგორც წესით არ უნდა დაწყებულიყო და მე ვფიქრობ, რომ ეს შედიოდა ცესკოს ინტერესებში, რომ შემდეგ წარმოაჩინოს ისე, „ნაცმოძრაობის" ხელშეწყობით, რომ აი, ასე რომ მუშაობენ სინქრონში ხელიხელჩაკიდებულები. წარმოაჩინოს, რომ აი, ხალხს არ აინტერესებს ეს რეალურად, ოპოზიციას ეს არ აინტერესებს", - ამბობს მეზვრიშვილი.

„დღეს აქ მოვედი, რადგან მაინტერესებდა, როგორ მუშაობს ელექტრონული სისტემა და მესამე სხდომაა, სადაც არაადეკვატურ განცხადებებს ვისმენთ „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისგან", - აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ამის საპასუხოდ ხაბეიშვილმა პარტიას „საქართველოსთვის" „ბიძინა ივანიშვილის პარტია ნომერი ორი" უწოდა.

„ბიძინა ივანიშვილის პარტია ნომერი ორი რომ უკმაყოფილოა ცესკოს მხილებით, ვგულისხმობ გახარიას პარტიას, ეს სრულიად გასაგებია. ისინი არიან „ქართული ოცნების" გაგრძელება და ამით კმაყოფილი რომ ყოფილიყვნენ, უფრო გამიკვირდებოდა. ბიძინა ივანიშვილის პარტიის გაგრძელებაა, მეორე „ქართული ოცნება" და ცხადია, რომ არ მოსწონთ. ცხადია, რომ მათ ეს არ მოსწონთ, რადგან ისინიც იმავეს აკეთებდნენ თავის დროზე", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

შეფასებები შეხვედრის შემდეგ

ცესკო ხელმძღვანელმა გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას პირობა დადო, რომ მისი თავმჯდომარების შემთხვევაში არჩევნები გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.

„სრული პასუხისმგებლობა გამოვიჩინე, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინ არსებულ ადმინისტრაციას ვმართავ ბოლომდე, ღირსეულად, მაღალპროფესიულ დონეზე. თუ მე ვიქნები ოქტომბრის არჩევნებზე ცესკო-ს ხელმძღვანელი, პირობას გაძლევთ, საარჩევნო ადმინისტრაცია მაღალპროფესიულ დონეზე, გამჭვირვალედ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაატარებს არჩევნებს", - განაცხადა კალანდარიშვილმა .

მისივე თქმით, ელექტრონულ საარჩევნო ტექნოლოგიებთან მიმართებით არსებითი კითხვის ნიშნები არ არსებობს.

„ფაქტობრივად, დისკუსიამ, რომელიც წარიმართა, და კითხვა-პასუხმა ცხადყო, რომ ტექნოლოგიებთან მიმართებით არსებითი კითხვის ნიშნები არ არსებობს. ტექნოლოგიები სრულად გამართულად ფუნქციონირებს, საერთაშორისო სტანდარტებით და პასუხობს კარგ პრაქტიკას, რაც ბევრ ქვეყანაში არსებობს. სახეზე გვაქვს ღია, საჯარო და გამჭვირვალე პროცესი, რომელთან მიმართებით არ არსებობს არსებითი წუხილი, რაც დამატებით დახვეწას ან გადახედვას საჭიროებს.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დღეს გიორგი კალანდარიშვილი იქნება თუ სხვა ნებისმიერი პირი ამ ინსტიტუციის ხელმძღვანელი, ბიზნეს პროცესი არის იმდაგვარად გაწერილი და აპარატების ფუნქციონირება იმდაგვარად მორგებული საარჩევნო კანონმდებლობას და ჩვენს რეალობას, რომ იქ კითხვის ნიშნები არ არსებობს.

„რაც შეეხება ლეგიტიმაციის საკითხს და წუხილს, მოვუწოდებ ჩართულ მხარეებს, კარგად წაიკითხონ საკანონმდებლო ჩანაწერი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედი თავმჯდომარე სრულ უფლებამოსილებაშია მანამ, სანამ არ მოხდება ახლით ჩანაცვლება. ეს პირდაპირ გვაძლევს დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ეს საკითხი მხოლოდ და მხოლოდ მანიპულაციების და სპეკულაციების მიზნით არის გამოიყენება", - განაცხადა კალანდარიშვილმა.

რაც შეეხება ვენეციის კომისიის მოსაზრებას ცესკოს თავმჯდომარის არჩევის თაობაზე, კალანდარიშვილი აცხადებს, რომ ეს ცალკე შეფასების საკითხია, რომელთანაც მას არანაირი შემხებლობა არ აქვს.

ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა კი შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ „ვენეციის კომისიამ შავით თეთრზე დაწერა, რომ ცესკოს ახლანდელი თავმჯდომარის ლეგიტიმაცია დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, ამიტომ ჩემი კითხვა მდგომარეობდა შემდეგში - ასეთი თავმჯდომარის პირობებში, როგორ შეიძლება ცესკოს ჰქონდეს ლეგიტიმაცია?! ცესკო თავიდან ბოლომდე შეზრდილია „ქართულ ოცნებასთან" და პროცესებს მართავს სუს-ი."

ხაბეიშვილის თქმით, მმართველ პარტიას სურს წარმოაჩინოს, რომ თითქოს ვინმეს არჩევნების ელექტრონული გზით ჩატარებისთვის საჭირო მოწყობილობებთან აქვს პრობლემა, რეალურად კი, როგორც „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ აღნიშნა, პრობლემას წარმოადგენენ ის ადამიანები, ვინც ამ ელექტრონულ მოწყობილობებს მართავენ.

„ეს არის ცესკოს დისკრედიტაციის პრელუდია"

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ სიტუაციის არევა და ელექტრონული არჩევნების მიმართ უნდობლობის გამოცხადება „ნაცმოძრაობის" მხრიდან პირველად არ ხდება და ახლა გიორგი კალანდარიშვილი რომ გახდა მათი სამიზნე, ამაშიც გასაკვირი არაფერია.

„უპირველეს ყოვლისა მინდა დავიწყო იმით, რომ, როდესაც წავიკითხე ეს ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტოებში, თვალში მომხვდა ძალიან ისეთი სახასიათო სურათი - რომ გიორგი კალანდარიშვილი ატარებდა შეხვედრას პოლიტიკურ პარტიებთან და მას გვერდით ეჯდა „აირაის" და „აიფესის" წარმომადგენლები. ძალიან მაინტერესებს რა სტატუსით ესწრებოდნენ ამ შეხვედრას, რომელიც წესით უნდა ყოფილიყო ცესკოს შიდა საუწყებო ღონისძიება. თავისთავად მათი ყოფნა და ამ შეხვედრაზე დასწრება ჩემთვის არის ძალიან სინპტომატური და მანიშნებელი იმისა, რომ თუ რა დონის ჩარევა და რა დონის ყურადღება იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან არჩევნების მიმართ.

„რაც შეეხება იმას, თუ რა მოხდა უშუალოდ ამ სხდომაზე. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" იქ სპეკტაკლს დადგამდა, როგორც ეს ადრე გააკეთეს. მათი ერთერთი წარმომადგენელი შეხვედრის არევას შეეცადა. „ნაციონალურმა მოძრაობა" უკვე აპრიორი აცხადებს, რომ არჩევნები არის არალეგიტიმური, უნდობლობას უცხადებს ელექტრონული სისტემით არჩევნების ჩატარებას, მათმა ფაქტობრივმა ლიდერმაც მიხეილ სააკაშვილმაც ადრე დაადასტურა, რომ ის სკეპტიკურად არის განწყობილი ელექტრონული არჩევნების მიმართ და ახლა მთავარი სამიზნე რომ იქნებოდა ცესკოს ამჟამინდელი თავმჯდომარე, ეს თავისთავად ცხადი იყო.

„ყველამ იცის, რომ ცესკოს თავმჯდომარის მიმართ ოპოზიციურ პარტიებს უმრავლესობას მაინც არ აქვს ნდობა და მიაჩნიათ, რომ ის არის „ოცნების" ინტერესების გამტარებელი. თუმცა, ეს მათი პრეტენზიებია. მაგრამ, ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით, ცესკო ასეთ მიკერძოებაში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ დაუდანაშაულებიათ და ვფიქრობ, რომ ეს არის ერთგვარი პრელუდია, თუ შეიძლება ასე ითქვას, და „ნაციონალური მოძრაობა" და მასთან აფილირებული პოლიტიკური ძალები გააგრძელებენ ცესკოს დისკრედიტაციის კამპანიას", - განაცხადა „რეზონანსთან" ზაალ ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×