ელზა პაპოშვილი
23.01.2024

 არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიას პარტიის ფორმირების შემდეგ, მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მათთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვას? ენმ-ში მომხდარი განხეთქილების შემდეგ სააკაშვილი ამ თემაზე კომენტარისგან თავს იკავებს და მას არც პარტიიდან წასული მელიასა და მისი ჯგუფის მიმართ გამოუხატავს ნეგატიური დამოკიდებულება. ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ აცხადებენ, რომ ამ ჯგუფს სჭირდება მიხეილ სააკაშვილი ერთგვარი ბრენდის სახით და ასევე სააკაშვილს შესაძლოა დასჭირდეს ეს გუნდი ენმ-ის შანტაჟისთვის.

პარტიის პრეზენტაცია ნიკა მელიამ თებერვლისთვის დაანონსა. წინასწარ არაოფიციალურად ცნობილია, რომ ამ პარტიაში სავარაუდოდ ვიხილავთ ენმ-ის სხვა ყოფილ ლიდერებსაც, მაგალითად, პარლამენტარებს ხატია დეკანოიძესა და რომან გოცირიძეს, რომლებმაც პარტია სწორედ მის ახლანდელ მენეჯმენტთან უთახნხმოების გამო დატოვეს. ასევე საუბარია „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიაზეც, რომელმაც ღიად განაცხადა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ.

გარდა ამისა, მელიას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს რეგიონებშიც, სადაც ენმ-ის რეგიონალური წარმომადგენლობის რამდენიმე ასეულმა წვერმა, მათ შორის საკრებულოების დეპუტატებმა, სწორედ მელიასადმი სოლიდარობის ნიშნად დატოვა პარტია.

ანალიტიკოსების აზრით, არც ის არის გამორიცხული, რომ სააკაშვილმა საბოლოო არჩევანი სწორედ მელიას ახალ პარტიაზე გააკეთოს. თუმცა, სავარაუდოდ, ჯერ მოვლენების განვითარებას დაელოდება.

სააკაშვილის დუმილის მიზეზი 

ანალიტიკოსო ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ სააკაშვილი ძალიან სწორად იქცევა, როცა ჯერ არ შექმნილ პარტიაზე კომენტარს არ აკეთებს. 

„საზოგადოებისთვის ეს პირები აღიქმებიან, როგორც ახალ მენეჯმენტზე განაწყენებული ჯგუფი, რომელმაც გადაწყვიტა ახალი პარტია შექმნა. მას ამომრჩეველი აღიქვამს, როგორც ენმ-ის ახალ განაყოფს და დიდ განსხვავებას მათ შორის ვერ ხედავს. რა განსაკუთრებული მესიჯი უნდა გააჟღეროს ნიკანორ მელიამ თავის პროგრამული კუთხით, რომ ამით მან უკან მოიტოვოს ის წარსული, რომელიც ენმ-იდან შლეიფივით მოჰყევბა და თვისობრივად რაღაცა ახალ ძალად მოგვევლინოს? ეს პრაქტიკულად შეუძლებელია.   

„ეს იქნება „ნაციონალების“ კიდევ ერთი განაყოფი. ერთადერთი, ვინც ამით დაზიანდება, „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება, რადგან მელია ელექტორატის მნიშვნელოვან ნაწილს წაიყოლებს. 

„არ მგონია სააკაშვილმა ზურგი აქციოს თავის  საყრდენ პარტიას მელიასა და გვარამიას გამო. კი, ბატონო, სააკაშვილს აქვს გარკვეული ელექტორალური გავლენა მოსახლეობის რაღაც ნაწილზე, მაგრამ მისი პოლიტიკური გავლენები და ავტორიტეტი დღეს ძალიან არის დაცემული. მას ის ქარიზმა აღარ აქვს. ამიტომ  თავისი პოზიცია სააკაშვილმა რომც დააფიქსიროს, ამით მნიშვნელოვნად არაფერს შეცვლის. ეს ორივე ჯგუფი მაინც „ნაციონალებად“ არის აღქმული“, - ამბობს ანჯაფარიძე. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას საარჩევნო პროცესში მონაწილეობის არ შეუძლია. მას მხოლოდ აზრის დაფიქსირება შეუძლია და ამის იქით პროცესი ვერ წავა, თუმცა ელექტორატის რაღაც ნაწილზე მისი პოზიცია გავლენას მოახდენს. 

„კეზერაშვილი და მერაბიშვილი ეცდებიან, სააკაშვილი არ გააბრაზონ“

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილისგან გამორიცხული არაფერია. მისი შეფასებით, სააკაშვილი გამოცდილი და ალღოიანი პოლიტიკოსია და მისთვის თანაბრად მიუღებელია როგორც მელიას გუნდი, ისე ენმ-ის ახლანდელი ხელმძღვანელობა, თუმცა ჯერჯერობით ფიქრობს, რომ ოირვე შესაძლოა გამოიყენოს.

„სააკაშვილის დუმილი მელია-გვარმიას ახალ შესაძლო პარტიასთან დაკავშირებით ლოგიკურია და ეს გასაკვირი არც არის. ის საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანი გულზე დიდად არ ეხატება, მაინც ფიქრობს, რომ ორივეს გამოყენება შესაძლებელია. 

„მას არც მერაბიშვილი-კეზერაშვილი და მათი მარიონეტი ლევან ხაბეიშვილი ეხატება გულზე, მაგრამ ახლა ისეთ სიტუაციაშია, რომ სხვა გამოსავალი არცა აქვს. თუმცა დააკვირდება მოვლენების განვითარებას და ისე იმოქმედებს. ენმ-ის ახალ მენეჯმენტთანაც ივაჭრებს სიებზე და ა.შ. თან იმ ჯგუფზეც ცუდს არ იტყვის, რომ ერთმანეთზე აეჭვიანოს. როგორც ამ ჯგუფებს სჭირდებათ, სააკაშვილი ისევე მას სჭირდება ესენი. სრულიად უპარტიოდ ხომ არ დარჩება?! ამიტომ მოვლენების განვითარებას დაელოდება. საითაც უფრო უკეთესი სიტუაცია იქნება, იქით გადაიხრება. რა, არ იცვლის ხოლმე აზრებსა და პოზიციას უეცრად?!

„უფრო დაიცდის, ნახავს ძალთა ბალანსი ვისკენ იქნება. არაა გამორიცხული მელიას გუნდში ახალი სახეების გამოჩენა მოიწონოს და იქით გადავიდეს“, - ამბობს საყვარელიძე.

მისივე თქმით, ეს კარგად იციან კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა. ამიტომ დიდია ალბათობა, რომ სიის დაკომპლექტებისას მის ყველა სურვილს გაითვალისწინებენ, ან ეცდებიან „არ გააბრაზონ“. ხოლო თუ სააკაშვილმა უარი თქვა ენმ-ზე, მაშინ მათ ცარიელი ციფრი - საარჩევნო ნომერი შერჩებათ ხელში და 5%-იან ბარიერსაც ვეღარ გადალახავენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×