თამთა ჩაჩანიძე
22.01.2024

არჩევნებამდე ცხრა თვეა დარჩენილი, თუმცა ელექტორატის დაახლოებით ნახევარს კვლავ ვერ გადაუწყვეტია, თუ რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცეს ხმა. ოპოზიციურ ფლანგზე გარკვეული მონახაზები თანდათან იკვეთება, თუ როგორ შიძლება წარსდგნენ არჩევნებში, აქტიურად ემზადება „ოცნებაც". როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ჯერჯერობით ჰორიზონტზე ის ძალები არ აქტიურობენ, რომლებიც ამ ამომრჩეველს წაიყვანს, თუმცა, პერსპექტივა არის.

აქტივობები არჩევნების მიხედვით ასე გამოიყურება - 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები - 60.8%;2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - 46.6%; 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - 48.9%;2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები - პირველი ტური - 46.74%; მეორე ტური - 56.23%; 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 56.11%.

რას ამბობენ პოლიტიკოსები

„ოცნებასთან" დაკავშირებული, ერთი ისტორიის, ერთი შეხედულებების მქონე ადამიანები ერთ საარჩევნო პლატფორმაზე უნდა დალაგდნენ, - ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა. ბესელია გამორიცხავს, რომ „ქართულ ოცნებას" ახლა 60-პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდეს. მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე გამსხვილების პროცესი დასაჩქარებელია. როგორც ბესელია აღნიშნავს, კონსულტაციები მიმდინარეობს და მისთვის საინტერესო იქნება „ქართული ოცნებიდან" წასული ადამიანების ხილვა ერთ პლატფორმაზე.

„კონსულტაციებში ჩართული ვარ და ვსაუბრობ იმ ადამიანებთან, ვისთანაც ვხედავ უფრო მეტ სიახლოვეს. ვისთანაც არ ვსაუბრობ და არ მაქვს კონსულტაციები, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა", დანარჩენთან ყველასთან ვფიქრობ და მინდა ხელი შეეწყოს ამ პროცესს. მინდა იყოს ერთი ალტერნატიული არჩევანი, „ოცნებასთან" დაკავშირებული, ერთი ისტორიის, ერთი შეხედულებების მქონე ადამიანები ერთ საარჩევნო პლატფორმაზე დალაგდნენ, ეს ალბათ, უფრო გასაგები იქნება ამომრჩევლისთვის.

„ამ ფლანგზე არის შუა ამომრჩეველი, გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ეს ის კატეგორიაა, რომელიც ხელისუფლებას გაუბრაზდა, გაუნაწყენდა, ნდობა დაეკარგა და ეძებს ახალ დასაყრდენს. ამ ფლანგზე უფრო საინტერესო და მიზიდულობის ძალის მქონე პოლიტიკოსები იქნებიან ისინი, ვისაც რაღაც მაინც ჰქონდა 2012 წლის ცვლილებებთან საერთო. საინტერესო იქნებოდა ასეთი ერთი დიდი პლატფორმა და ვისურვებდი იყოს ასეთი გაერთიანება. საუბრები გვაქვს და ამას თუ მალე მიეცემა ფორმა და გაზაფხულზე ჩამოყალიბდება კონტურები. იქნებოდა ძალიან კარგი," - განაცხადა ბესელიამ.

მანამდე „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი გაერთიანება შედგეს, რომელიც გადაუწყვეტელ ამომრჩეველს წაიყვანს.

"მარტის დასაწყისამდე, ალბათ, უნდა გამოჩნდეს კონფიგურაცია. მარტი, გაზაფხული იქნება ალბათ საბოლოო ათვლის წერტილი, როცა საბოლოო კონფიგურაცია შედგება. ეს უნდა იყოს გონივრული კონფიგურაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ შედგეს მეტი გონივრული ერთობა და ალიანსები. ესაა სინერგიული ერთობა, რომელიც არ იქნება საარჩევნო სუბიექტების მხოლოდ ავტომატური დაჯგუფება. არამედ ეს იქნება სინერგია, რომელიც გაზრდის ხმების რაოდენობას. გიდასტურებთ, რომ ამასთან დაკავშირებით არსებობს კონსულტაციები. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ამ ბრძოლაში დავრჩები.

„კონსულტაციები, საუბარი მქონდა ნიკა მელიასთან, საუბარი და კონსულტაციები მაქვს ნიკა გვარამიასთან, მათ შორის. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, რომელიც საკუთარ როლს ხედავს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში, დარწმუნებული ვარ, მათი სინერგიული ერთობა, რომელიც შედგება, იქნება მნიშვნელოვანი.

„ვერ დაგიდასტურებთ, რომ რაიმე სახის ალიანსზეა საუბარი "ლელოსთან". ეს ალბათ ნიკას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ არ ყოფილა წინასაარჩევნო ალიანსზე ("ლელოსთან") საუბარი. მნიშვნელოვანია შედგეს სინერგიული გონივრული ერთობა, რაც გულისხმობს ხმების, მათ შორის, გადაუწყვეტელი ხმების დამატებას",- განაცხადა დეკანოიძემ.

ვინ წაიყვანს გადაუწყვეტელ ამომრჩეველს

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ბევრია, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საბოლოო ჯამში ამ ხმებს მთლიანად ოპოზიციური ფლანგი წაიღებს, ან ხელისუფლებისკენ წავა.

„გადაუწყვეტელი ამომრჩეველი საბოლოო ჯამში დაახლოებით ისევე ანაწილებს თავის ხმას, როგორი რეიტინგებიც აქვთ სხვადასხვა პარტიებს. როგორც წესი, ასეთმა ამომრჩეველმა ხმის მიცემა თუ გადაწყვიტა, ყველაზე მეტ ხმას სწორედ რეიტინგით პირველ-მეორე პარტიას აძლევს. მითუმეტეს 5%-იანი ბარიერია და შეიძლება ვინმე თვლიდეს, რომ შეიძლება რომელიმე პარტია ვერ გავიდეს და ხმას ისეთს მივცემ, ვინც გავაო.

„გადაუწყვეტელი ამომრჩეველი რომ ბევრია, ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ყველა ოპოზიციურია და გინდა თუ არა ოპოზიციისკენ წავა ხმა, ან ხელისუფლებისკენ. ყველაფერი წინასაარჩევნო სტრატეგიაზეა დამოკიდებული და ძირითადად იმ კამპანიაზე, რომელსაც პოლიტიკური პარტიები ატარებენ", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ანალიტიკოსმა ისაუბრა, როგორც „ოცნების" ყოფილი წევრების გაერთიანების პერსპქეტივაზე, ისე მელიას პარტიაზე.

„ყოფილი „ოცნების" წევრებზე ცოტა რთული ამბავია, რადგან გააჩნია ვინ იგულისხმება, „ოცნება" პრაქტიკულად კოალიცია იყო და მათგან გამოსულებზე სხვადასხვა აღქმაა, იგივე ეკა ბესელია იქნება ეს, დავით უსუფაშვილი თუ სხვები, მხოლოდ იმიტომ, რომ კოალიციაში იყვნენ, ეს თავისთავად ნაკლებადაა გამაერთიანებელი.

„მელიას პარტიას რაც შეეეხება, ვფიქრობ, რომ თუ სწორად იმუშავებენ, 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი ექნებათ, ის ელექტორატის რაღაც ნაწილს აუცილებლად ენმ-ს წაართმევს, შესაძლოა ეს საბოლოო ჯამში 5%-ზე მეტიც გამოვიდეს. თუ ამ ჯგუფში ხატია დეკანოიძეც და სხვებიც იქნებიან, შესაძლოა გადაუწყვეტელებიდან იმათი ხმები მივიდეს, ვისაც შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა" მაინცდამაინც არ მოსწონდეს, მაგრამ თვლის, რომ „ოცნება" უფრო პრობლემაა. მელია, დეკანოიძე და თუნდაც გოცირიძე ნაკლებად ასოცირდებიან „ნაციონალური მოძრაობის" ყველაზე რეპრესიულ ნაწილთან.

„გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ძალიან ჭრელია, გახარიას პარტიას აქვს შანსი მოიმატოს ამომრჩეველი „ოცნებაში" იმედგაცრუებულთა ხარჯზე, ესენი ძირითადად ის ამომრჩევლებია, რომლებიც არცთუ დიდი ხნის წინ „ოცნებას" აძლევდნენ ხმას. თუმცა, ისინი ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე არიან, „ოცნებამ" თუ ზომიერი პოლიტიკა შეძლო, შესაძლოა გახარიას იმედგაცრუებული ამომრჩევლის წამოყვანა გაუჭირდეს.

„მაგალითად, თუ ღარიბაშვილი გამოიცვალა და დასავლეთისთვის შედარებით უფრო რეპრეზენტაბელური ტიპი დააყენეს. ასევე ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. გახარიას პარტიის ამომრჩეველი ის ხალხია, ვისთვისაც „ოცნებაც" და ენმ-ც მიუღებელია და მგონია, რომ 5%-იზნ ბარიერს ყველა ვარიანტში გადალახავს",- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა მოსალოდნელი 2024 წლის არჩევნებში ელექტორატის დიდი აქტივობა, ზურაბიშვილმა განაცხადა:

„სამწუხაროდ ახლა ოპტიმისტური მოლოდინი არ მაქვს. თუ არ მოხერხდა ისეთი არანაცური ბლოკის გაკეთება, რომელიც რეიტინგით ენმ-ზე ნაკლები და მასთან ასოცირებული არ იქნება, ასე მგონია ყველა ვარიანტში ეს ხელისუფლება დარჩება, თუმცა, ამ ხელისუფლებას ისეთი ძალაუფლება არ ექნება, როგორიც თუნდაც ახლა აქვს, ოპოზიციის წილი ჩემი აზრით მეტი იქნება.

„თუ ასეთი გაერთიანების გაკეთება მოხერხდება, რომელსაც ენმ-ზე მეტი თუ არა, ნაკლები რეიტინგი არ ექნება და მის ტოლფას ძალად იქნება აღქმული, ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება, მაგრამ მე რასაც პოლიტიკურ პარტიებს ვუყურებ, ამის შანსი პრაქტიკულად არაა, მე იქიდან ამოვდივარ, რომ თითქმის არ ესმის არავის, რომ ასეთი რაღაც გასაკეთებელია. ზოგზე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ საერთოდაც შეგუებულია, რომ ხელისუფლება არ იცვლება და ცდოლობს თავისი პოზიცია გამოკვეთოს",-განაცხადა დავით ზურაბიშილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ელის, რომ შეიქმნება ისეთი ძალა, რომლისთვისაც მიუღებელი იქნება ენმ-ც და „ოცნებაც", ასეთი ძალის პერსპექტივა კი რეალურად არის.

„ასეთი ტიპის ამომრჩევლები ელიან, რომ შეიქმნება ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც არც „ნაცებთან" იქნება ასოცირებული, არც „ოცნებასთან" და აქედან გამომდინარე, მათ მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს, ასე ვფიქრობ, რომ ასეთი ძალა შეიქმნება, ძალიან დიდი არ იქნება, მაგრამ გადაუწყვეტელი ამომრჩეველის გარკვეულ მცირე ნაწილს წაიყვანენ. ერთი პოლიტიკური ძალა იქნება „სოლიდარობა", რომელიც ასეთი ამომრჩევლის დაახლოებით 9%-მდე წაიყვანს.

„მელიას პარტია ხმებს „ნაცებს" წაართმევს, რაც შეეხება „ოცნების" ყოფილ წევრებს, ბესელია და ეგენი მაგონებს იმ ადამიანებს, რომლებიც ბრძოლის შემდეგ ხელებს იქნევენ. რა ხმები უნდა წაიღოს ან გედევან ფოფხაძემ, ან ბესელიამ და სხვებმა, ესენი პოლიტიკური გვამები არიან, რომლებზეც ლაპარაკი ზედმეტია",- განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×