ნაზი ბერიძე
22.01.2024

საქართველო უცხოელთათვის თავშესაფრის საძიებლად კვლავ მიმზიდველ ქვეყნად რჩება და ამ მხრივ გეოგრაფიაც საინტერესოა, თუ რომელი ქვეყნის მოქალაქეებს სურთ აქ დარჩენა და რა არის მათი მთავარი მოტივაცია საამისოდ. გასული წლის ბოლო სამი თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 316 პირია აღრიცხული, საიდანაც 61 ირანის მოქალაქეა, 50 თურქეთის, 31 უკრაინის, 29 პაკისტანის, 16 ეგვიპტის, 16 რუსეთის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა შორის არიან ასევე არიან ბელარუსის, ბანგლადეშის, სომხეთისა და ავღანეთის, მოქალაქეებიც. რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებას, გასული წლის ბოლო კვარტალში (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის 38-მა მოქალაქემ მიიღო, მათგან უმრავლესობა - 25 პირი უკრაინის მოქალაქეა, 7 იემენის, 5 სირიის, 1 კი დაუდგენელი მოქალაქეობისაა. ლტოლვილის სტატუსი კი მხოლოდ 2 ადამიანს მიენიჭა - 1 ტანზანიის, 1 კი დაუდგენელი მოქალაქეობისაა. შსს-ის სტატისტიკის თანახმადვე, სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 115 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი - 36 ირანის მოქალაქეა, 18 თურქეთის, 13 ლიბანის. 3 თვეში საქართველოდან სხვა ქვეყნის 36 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არიან: ირანის 8 მოქალაქე; ინდოეთის 5; აზერბაიჯანის 5; რუსეთის 5. ამავე პერიოდში დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსდა უცხო ქვეყნის 16 მოქალაქე, მათ შორის თურქეთის 4, აზერბაიჯანის - 3; რუსეთის 2; ინდოეთის 2.

თსუ-ს პროფესორი და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია, მაგრამ, საქართველო მათთვის არის უსაფრთხო, იაფი და მომგებიანი სახელმწიფო საცხოვრებლად.

„ყველა შემთხვევა ალბათ ინდივიდუალურია იმიტომ რომ არიან ფერეიდნელი ქართველები რომლებიც ითხოვენ საქართველოში ცხოვრებას, რაც მეტ-ნაკლებად ლეგიტიმურია. უკრაინა, გასაგებია, ომია და ყველას უნდა რომ მშვიდობიან ადგილას იყოს და რაც შეიძლება შორს ამ ომისგან და ასევე არც ისე ძალიან შორს უკრაინისგან - ამ თვალსაზრისით საქართველო მე მგონი მისაღები ვარიანტია ბევრი უკრაინელისთვის

„პაკისტანის და ეგვიპტის შემთხვევები ალბათ იმითაა განპირობებული, რომ აქ ბიზნესის კეთება უფრო ადვილია, სწავლა უფრო იაფია, ისევე, როგორც ინდოელებისთვის და შემდეგ ცდილობენ საქართველო გამოიყვანონ როგორც ტრანზიტული ქვეყანა, შემდეგ ევროპაში ან სხვაგან მოხვდნენ.

„თურქეთში ერთერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ქართული წარმოშობის თურქები რუსეთში ძალიან ბევრი ქართველი არის და ასევე, თავად რუსები, რომლებიც პოლიტიკურ ოპოზიციაში არიან და დევნას განიცდიან. ზოგს უბრალოდ უნდა, რომ საქართველოში დარჩეს, თავიანთი ბიზნესები გადმოიტანონ სანამ გაურკვევლობაა ",-განაცხადა „რეზონანსთან" კორნელი კაკაჩიამ.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ თავშესაფარს უმეტესად ის ადამიანები ითხოვენ, ვისაც ქართული ფესვები აქვთ; „საქართველოდან მარტივია ევროპაში მოხვედრა, იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი საბუთები გექნება. ირანსა და საქართველოს აქვს სპეციალური მიმოსვლის ფორმატი და მარტივია მერე აქედან ევროპაში გასვლა. ამიტომაც არის ასეთი დიდი რიცხვი. არ არის გამორიცხული, რომ თურქები წარმოშობით ქართველები იყვნენ და ბევრი მათგანი ბიზნესს აწარმოებს საქართველოში და მათთვის მომგებიანია საქართველოს მოქალაქეობა. რუსეთის, უკრაინის მოქალაქეებშიც და სხვა ქვეყნის მოქალაქეებშიც ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ქართული ფესვები აქვთ."

ცნობისთვის, ჰუმანიტარული სტატუსი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, ვერ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის მინიჭების პირობებს და აკმაყოფილებს რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს: იძულებული იყო დაეტოვებინა თავისი წარმოშობის ქვეყანა ძალადობის, გარე აგრესიის, ოკუპაციის, შიგა კონფლიქტების, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის ან საზოგადოებრივი წესრიგის მნიშვნელოვანი დარღვევის გამო; სამართლებრივი საფუძვლების, კერძოდ, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების გამო არ შეიძლება იძულებით დაბრუნებულ იქნეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში და რომელსაც არ შეუძლია გაემგზავროს სხვა ქვეყანაში; წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში შეიძლება სერიოზული საფრთხე შეექმნას მის სიცოცხლეს ან დაირღვეს მისი უფლებები. ლტოლვილის სტატუსი კი ენიჭება პირს, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, იმყოფება საქართველოში, აქვს საფუძვლიანი შიში, რომ იგი შეიძლება გახდეს დევნის მსხვერპლი რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო და არ შეუძლია ან არ სურს, ამგვარი შიშიდან გამომდინარე, დაბრუნდეს თავისი წარმოშობის ქვეყანაში ან ისარგებლოს ამ ქვეყნის მფარველობით.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×