თამთა ჩაჩანიძე
22.01.2024

2023 წელს საქართველო რუსეთის ფედერაციის იმაზე მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა. ანალიტიკოსთან შეფასებით, ამის მთავარი მიზეზი უფრო ეკონომიკური საკითხებია და არაა გამორიცხული, რომ საცხოვრებლად უფრო ხელსაყრელი ადგილი იპოვეს, ან რუსეთში ისეთ საფრთხეს აღარ ხედავენ, როგორც უკრაინაში ომის დაწყების დროს იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შსს-ს სტატისტიკისვე თანახმად, რუსეთის მოქალაქეთა დიდი ნაკადი განსაკუთრებით 2022-23 წლებში იყო.

ანალიტიკსთა შეფასებითვე, რუსები თავადვე აღნიშნავენ, რომ ქართველები მათდამი დიდი სიმპატიით არ არიან განწყობილები, მაგრამ, ამის გამო მათ რაიმე სირთულე და დისკომფორტი შეჰმნოდეთ, ამაზე არც თავად ლაპარაკობენ და არც რაიმე საინფორმაციო წყაროებიდანაა ცნობილი. აქედან გამომდინარე, ეს არაა გადინების მიზეზი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გასულ წელს, საქართველოში რუსეთის 1 856 237 მოქალაქე შემოვიდა, ქვეყნის ტერიტორია კი 1 887 223-მა პირმა დატოვა.დოკუმენტის მიხედვით, გასული წლის ბოლო - მეოთხე კვარტალში, ქვეყანაში რუსეთის ფედერაციის 348 050 მოქალაქე შემოვიდა, რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობამ კი, ვინც ქვეყნიდან გავიდა, 359 030 შეადგინა.

2023 წლის მეოთხე კვარტალში, გასული სამი კვარტლისაგან განსხვავებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით, პირველი ადგილი არა რუსეთის ფედერაციამ, არამედ თურქეთის რესპუბლიკამ დაიკავა. კერძოდ, სტატისტიკის მიხედვით, საზღვრის კვეთის რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების პირველი ექვსეული ბოლო კვარტალში ასე გამოიყურება: თურქეთი, რუსეთი, სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, უკრაინა და ინდოეთი.

შსს-ს დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთა (შემოსვლა და გასვლა) ჯამში, 4 609 381-ჯერ განხორციელდა. განხორციელებული საზღვრის კვეთის 33% ქართველებზე, 67% კი უცხოელებზე მოდის.უწყების ინფორმაციითვე, 2023 წელს, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე 1 563 549 უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა, 1 533 655 კი გავიდა.

აქვე აღსანიშნავია 2022 წლის სტატისტიკაც, რუსების საქართველოში შემოსვლა განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კი მობილიზაცია ამავე წლის სექტემბერში გამოაცხადა. ჯამში 2022 წელს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი რუსეთის 1 459 546-მა მოქალაქემ გადმოკვეთა. შედარებისთვის, აღნიშნული რიცხვი 2021 წელს 291,511-ს შეადგენდა.

ასეთია რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე და ომის დაწყების წელს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინების სურათი თვეების მიხედვით.

იანვარი - რუსეთის 27 292 მოქალაქე; 2021 წელს - 2 564. მატება + 964%

თებერვალი - 26 702; 2021 წელს - 3 594, მატება + 643%

მარტი - 45 068; 2021 წელს - 8 508, მატება +430%

აპრილი - 48 797; 2021 წელს - 12 558, მატება + 289%

მაისი - 69 772; 2021 წელს - 13 913, მატება + 401%

ივნისი - 135 457; 2021 წელს - 30 783, მატება + 340%

ივლისი - 236 734; 2021 წელს - 44 280, მატება + 435%

აგვისტო - 260 810; 2021 წელს - 46 355, მატება +475%

სექტემბერი - 222 274; 2021 წელს - 36 407, მატება +511%

ოქტომბერი - 133 640; 2021 წელს - 33 958, მატება + 294%

ნოემბერი - 121 454, 2021 წელს - 27 186, მატება + 347%

დეკემბერი - 131 546, 2021 წელს - 32 406, მატება +306%

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე „რეზონანასთან" აცხადებს, რომ რუსების გადინების მთავარი მიზეზი ალბათ უფრო ეკონომიკური საკითხებია, ამასთან, შესაძლოა ცხოვრებისეულიც. ამბობს, რომ მიზეზი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ლოგიკურად ვერ იქნება, რადგან ბევრმა მათგანმა არც კი იცის ამის შესახებ. ბევრი კი პუტინის პოლიტიკას გამოექცა.

„თავში, როცა ეს ამბები დაიწყო, მაშინაც ითქვა, რომ საქართველო შეიძლება დროებითი ადგილიაო და ფინანსურად საკმაოდ ღონიერი რუსები (ვიცით, რომ დიდი ნაწილი სიღარიბეს არ უჩივის) ხერსაყრელ ადგილს რომ იპოვიან, გადავლენო. ალბათ დროთა განმავლობაში რუსების ამ ნაწილმა უფრო ხელსაყრელი საცხოვრებელი პირობები აღმოაჩნა.

„ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველო ჩვენთვის სამშობლოა ნებისმიერი პირობის მიუხედავად, მეორეს მხრივ ეს ერთ-ერთი ძვირი ქვეყანაა ევროპულ სახელმწიფოებს რომ შევადაროთ და ბუნებრივია, სტუმრად ჩამოსული ადამიანი, მითუმეტეს დიდხნიან სტუმრობის დროს, ეცდება უფრო იაფი ქვეყნები იპოვოს.

„არა მგონია ამის მიზეზი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იყოს, რადგან ისინი რუსეთიდან იმიტომ გამოიქცნენ, რომ რუსეთის პოლიტიკას არ ეთანხმებიან და საქართველოდან იმიტომ წავიდნენ, რომ ევროპის სივრცეში სტატუსი მოიპოვეო, დამაჯერებელი არაა",-განაცხადა საყვარელიძემ.

კითხვაზე, საქართველოდან რუსეთის მოქალაქეების გადინების მიზეზი ისიც ხომ არ არის, რომ დღეს პუტინის მხრიდან მობილიზციის საფრთხეს აღარ ხედავენ, საყვარელიძემ გვითხრა:

„არა გამორიცხული, რომ ცხოვრებისეული მიზეზებიც იყოს, მათ შორის ესეც, ვიდრე სტატუსი, რადგან შესაძლოა ბევრმა რუსმა არც იცის და არც შეუმჩნევია, რომ საქართველომ სტატუსი მიიღო - ქართული ენა მათ არ იციან და ქართველი ჟურნალისტების მასალებს არ ეცნობიან.

„თუნდაც ისიც არ გამიგია ის, რომ მათ აქ ცხოვრებისას დისკომფორტი შეჰქმნოდეთ - ხომ არის ყოფითი მექანიზმები, როცა მსგავს ამბავს ახლობლები გეტყვიან, მედიაში გავრცელდება, ან თავად რუსებისგან ითქმის ხოლმე, ისინი აღნიშნავენ, რომ ქართველები მათდამი დიდი სიმპატიით არ არიან განწყობილები, მაგრამ ამის გამომათ რაიმე სირთულე შეჰქმნოდეთ, ამაზე არ ლაპარაკობენ.

„მემგონი მაინც უფრო ეკონომიური მიზეზებია, ნუ დაგგავიწყდება, რომ ეკონომიური მიზეზით ქართველები სხვა ქვეყნებში მიდიან და რუსი რომ არ გაჩერდეს და თავის ქვეყანაში წავიდეს, მემგონი გასაკვირი არაა",-განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×