ნაზი ბერიძე
21.01.2024

ხელისუფლებას მზად აქვს ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულების სამოქმედო გეგმა, თუმცა საბოლოოდ ჯერ არ გადაუწყვეტია რა ფორმატში წარიმართება მუშაობა - სამუშაო ჯგუფებში, თუ საპარლამენტო კომიტეტებში. ეს კი ოპოზიციის კრიტიკასა და უკმაყოფილებას იწვევს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუკი ოპოზიცია ამჯერადაც უარს იტყვის მმართველ პარტიასთან თანამშრომლობაზე, ამით, ერთის მხრივ, დასავლელი პარტნიორების კრიტიკასაც დაიმსახურებს და მეორეს მხრივ, წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას" ქულების დაწერის საშუალებას მისცემს.

გასულ წელს, საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის მნიშნელოვანმა ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო. მიზეზად ის დასახელდა, რომ ეს ჯგუფები „ოცნებამ" მხოლოდ ფორმალურად შექმნა და მათ მუშაობაში ოპოზიციის ჩართვას რეალურად არანაირი შედეგი არ ექნებოდა.

ახლა დღის წესრიგშია ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც უკვე ვეროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნისათვის უნდა შეასრულოს. თავდაპირველად განსაზღვრული იყო, ამისათვის კვლავ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფები და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ ისინი მზად იყვნენ ამ ფორმატში ხელისუფლებასთან თანამშრომლობისათვის. თუმცა, ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის პოზიცია შეიცვალა. მათი შეფასებით, სამუშაო ჯგუფების შექმნას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს და 9 რეკომენდაციის შესრულებაზე ერთობლივი მუშაობა საპარლამენტო კომიტეტების დონეზეც შესაძლებელია, თუმცა, სამუშაო ჯგუფების შექმნა-არშექმნა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.

ოპოზიციის ნაწილი სწორედ ხელისუფლების მიერ პოზიციის შეცლას აპროტესტებს სამუშაო ჯგუფების შექმნას ითხოვს.

ანალიტიკოსთა შეფასებით, წინა 12 რეკომენდაციის შემთხვევაში, ხელისუფლება, იცოდა რა ოპოზიციაში არსებული განწყობები, მათ სამუშაო ჯგუფების შექმნის სახით ერთგვარი პოლიტიკური მახე დაუგო და ამაზე გარკვეული ქულებიც დაიწერა. მათივე თქმით, ახლაც იგივე მეორდება, როდესაც სამუშაო ჯგუფების შესაძლო არშექმნით უკმაყოფილო ოპოზიციის ნაწილი უკვე კომიტეტების მუშაობაზე უარის თქმას განიხილავს.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებები

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიცია „ტერმინების გაფეტიშებაში" დაადანაშაულა.

„იდეა არის, რომ უნდა იყოს სათანამშრომლო გარემო, სადაც როგორც ოპოზიცია, ისე უმრავლესობა შეძლებს ერთმანეთთან საუბარს ამ საკითხებზე. ამას დაერქმევა სამუშაო ჯგუფი, სამუშაო შეხვედრა, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, კონფერენცია თუ ოლიმპიადა, ეს სხვა საკითხია, მთავარი არის არსი. როდესაც ვხედავთ, რომ ოპოზიცია კონცენტრირებულია ტერმინებზე და მის გაფეტიშებაზე, აქ ჩანს, რომ მათ ინტერესი შინაარსის მიმართ არ აქვთ. შარშან აძაგებდნენ სამუშაო ჯგუფს, როგორც ტერმინს და დღეს აფეტიშებენ. ტერმინებზე ჩაჭიდება აჩვენებს, რომ მათ არ აინტერესებთ შინაარსი და შედეგი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლისათვის" ეს ბრალდება მიუღებელია. „ყოველდღე პასუხს მთხოვდნენ სამუშაო ჯგუფში არმონაწილეობის გამო და ახლა მე გავაკერპე?" - განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ.

„თქვენ ნახავთ, ოპოზიცია როცა გაიმარჯვებს არჩევნებში, ამ ცხრა რეკომენდაციას შევასრულებთ ზუსტად სამ თვეში და საერთოდ არ მოვიკითხავ სად არიან შალვა პაპუაშვილი და ირაკლი კობახიძე. ჩვენი გეგმა არის, რომ ის ექვსი ინიციატივა, რომელიც შეტანილი გვაქვს საარჩევნო რეფორმების სახით, მათ შორის ოპოზიციას შეტანილი აქვს ანიტკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით, რომ ბუტაფორია არ იყოს, ასევე სასამართლო რეფორმის პროექტი, ასევე ბევრი მიმართულებით გვაქვს პროექტები, შევეცდებით, ხელახლა შევახსენოთ „ქართულ ოცნებას", რომ, მოდი, იქნებ რამე ამ მიმართულებით შევცვალოთ. მაგრამ დეოლიგარქიზაციის გამკეთებელი „ქართული ოცნება" არ არის, არ არის სასამართლო და საარჩევნო რეფორმის გამკეთებელი, არც ანტიდასავლურ პროპაგანდაზე იტყვის უარს და არც ანტიკორუფციულ ბიუროს შექმნის. შესაბამისად, ნუ ატყუებთ მოქალაქეებს, რომ არჩევნების შემდეგ ნამდვილი ცვლილებები და რეფორმები მოხდება.

„ჰაერში იქნებიან, ზღვაზე თუ ხმელეთზე, ჩვენ ყველგან შევხვდებით „ქართულ ოცნებას". იქნება კომიტეტი, ქვეკომიტეტი თუ ზეკომიტეტი, ყველგან მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„გირჩის" ლიდერი იგო ხვიჩია აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფების შექმნა-არშექმნასთან დაკავშირებით ამტყდარი აჟიაოტაჟი მისთვის გაუგებარია. პირადად ის კი ნებისმიერ ფორმატში აპირებს მონაწილეობას 9 რეკომენდაციის შესასრულებლად.

„ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რომ შევხედოთ, ვნახოთ, იქ რა ხდება და ხალხს ვუთხრათ, მართლა აპირებენ რამის შესრულებას თუ, უბრალოდ ერთობიან ჩვენი კოლეგები. საერთოდ, რატომ შეიძინა ამხელა მნიშვნელობა სამუშაო ჯგუფები იქნება, კომიტეტი თუ სხვა რამე ფორმატი, ვერ გეტყვით. მთავარი კითხვაა - გვინდა თუ არა ცხრა პუნქტის შესრულება. ამ თვალსაზრისით თუ არის რამე შეცვლილი, ეს არის საინტერესო, თორემ ისე, რა ფორმატი იქნება, მართლა რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ყველაფერში ვიქნებით", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სამუშაო ჯგუფები, როგორც პიარ აქცია

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფების შექმნა-არშექმნა ხელისუფლების პიარ კამპანიაა და ოპოზიციის მხრიდან ამაში მონაწილეობაზე უარის თქმით, ეს იქნება სამუშაო ჯგუფების ფორმატი თუ პარლამენტის კომიტეტები, ისევ ხელისუფლება დარჩება მოგებული.

„მაშინაც, როდესაც ეს ჯგუფები შეიქმნა, ეს იყო არა იმის სურვილით, რომ რაღაც სერიოზული სამუშაო ჩატარებულიყო, არამედ ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი გათვლილი იმაზე, რომ ამ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიცია არ მიიღებდა მონაწილეობას. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ჰქონდა ასეთი ინფორმაცია და შესაბამისად, ეს პიარისთვის გამოიყენეს - მაშინ შექმნეს ეს სამუშაო ჯგუფები, ოპოზიციამ, როგორც იცით, არ მიიღო მონაწილეობა და მშვენივრად გამოიყენა ეს ხელისუფლებამ პიარისთვის.

„დღეს, როცა ხელისუფლებამ იცის, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას ამ ჯგუფებში, მას საერთოდ არ სჭირდება ასეთი ჯგუფების შექმნა. ამიტომაც არ ქმნის ამ ჯგუფებს და ისევ იმას იყენებს არგუმენტად, რომ როცა შევქმენით, მაშინ არ მიიღეთ მონაწილეობა და ამიტომ არ ვქმნითო. მაშინაც მოიგო პიარი ხელისუფლებამ და ახლაც მოიგებს პიარს.

„ხელისუფლების მიზანი ის არაა, რომ ეს 9 პუნქტი მართლაც სწრაფად შესრულდეს. ცოტა ხანში, სულ რაღაც 2- 3 თვის შემდეგ, ყველაფერი გადავა საარჩევნო რეჟიმში და ეს 9 პუნქტი თავისი სამუშაო ჯგუფებით ფაქტობრივად არავის გაახსენდება. ხელისუფლება საკმაოდ გონივრულად მოქმედებს ამ თვალსაზრისით.

„ოპოზიცია იცით რას ვერ აანალიზებს? - რომ მიდის პოლიტიკური ბრძოლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიცია როდესაც ამბობს, რომ აზრი არ აქვს (სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას), რადგან ეს შედეგს არ მოგცემს, ამაში აბსოლუტურად მართალია, თუ რეკომენდაციების შესრულების კუთხით მივუდგებით. მაგრამ თუ შევხედავთ პიარის და მოსახლეობასთან ურთიერთობის კუთხით, ეს კიდევ ცალკე პიარია... ახლა კი იგივე პიარია, რაც სამუშაო ჯგუფების შექმნით ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე მოიგეს და ახლა იგივეს უკეთებენ ოპოზიციას, ოღონდ კომიტეტებზე.

„გასაგებია, რომ ბლეფი იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ბლეფი უნდა აჩვენოს ოპოზიციამ - რომ აი, ეს ჯგუფი შეიკრიბა და არაფერიც არ გააკეთა. ეს არის ბრძოლის თემა დღეს და ოპოზიციას შეუძლია არ მიიღოს მონაწილეობა და რა პრობლემაა, ისევ მოგებული დარჩება ხელისუფლება...

„თუ ოპოზიცია საბოლოოდ უარს იტყვის კომიტეტებში მუშაობაზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლება დარჩება მოგებული პიარის თვალსაზრისით. ჩვენს პარტნიორებთან მუდმივად ექნება სალაპარაკო, რომ - აი, ოპოზიცია არ მონაწილეობს, შარშან შევქმენით სამუშაო ჯგუფები და იქ არ მიიღეს მონაწილეობა. ჯგუფებს აღარ ვქმნით და არც კომიტეტებში იღებენ მონაწილეობას - და ისევ ხელისუფლება დარჩება მოგებული", - განაცხადა „რეზონანსთან" ვახტანგ ძაბირაძემ.

„ოპოზიცია პოლიტიკურად წააგებს"

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფების შექმნა-არშექმნაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თუმცა, სამუშაო ფორმატის მიუხედავად, თუკი ოპოზიციური ძალების უმეტესობა ამჯერადაც უარს იტყვის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, ეს საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან ნეგატიურად იქნება აღქმული და ოპოზიცია ამ მხრივად წააგებს პოლიტიკური თვალსაზრისით.

„მე ჯერჯერობით ასეთი მკაფიო განმარტება ვერ მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. როგორც ვიცი მათი ბოლო განცხადებებიდან ისინი, ჯერ კიდევ იმსჯელებენ საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ჯგუფების შექმნის შესახებ და უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას - შეიქმნება თუ არა, რა ფორმატით და ა.შ.

„ერთერთ შესაძლო მოტივი შეიძლება იყოს ის, რომ წინა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ამ სამუშაო ჯგუფებმა ვერ გაამართლა იმ კუთხით, რომ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მასში მონაწილეობა არ მიიღო. ფაქტობრივად გამოვიდა, რომ რაღაც მცირე ნაწილი მონაწილეობდა და ინკლუზიური პროცესი არ იყო.

„ოპოზიციის შეფასება, რომ კომიტეტებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, აბსოლუტურად გაუმართლებელია. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს, სადაც არის მოწოდება, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა, ინკლუზიურობა და დეპოლარიზაცია. როდესაც შენ არ მონაწილეობ არც სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში და არც კომიტეტის მუშაობაში, ეს არის დეპოლარიზაციის ერთერთი მკვებავი წყარო და ფაქტობრივად ამით ხდება ევროკავშირის იმ რეკომენდაციის ტორპედირება, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური.

„მე ვფიქრობ, რომ ამით ოპოზიცია პოლიტიკურად წააგებს. თუკი ევროპელები დაინახავენ, რომ ოპოზიცია ცალსახად გაცხადებულად არ მონაწილეობს არც საკომიტეტო მუშაობაში, არც სამუშაო ჯგუფებში, თუ ისინი შეიქმნება, შესაბამისად წარმოდგენა შეექმნებათ, რომ ოპოზიცია რაღაცნაირად საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას", - უთხრა „რეზონანსს" ანჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×