თამთა ჩაჩანიძე
20.01.2024

ოპოზიციას მიაჩნია, რომ „ქართული ოცნების" აწ უკვე საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება პარტიის რეიტინგზე დადებითად არ აისახება და ეს უკავშირდება იმას, რომ მმართველ პარტიაში კრიზისია. თავად ივანიშვილმა თქვა, რომ მისი მიზანი „ჭარბად მოძლიერებული გუნდის ადამიანური ცდუნებებისგან დაცვაა" და არა წინასაარჩევნოდ პარტიის გაძლიერება, ეს არგუმენტი კი ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის თქმით, „ოცნების" მხარდამჭერებმა გაიზიარეს და ივანიშვილის გააქტიურება არ აღიქვეს, როგორც პარტიაში კრიზისი, არც გარედან ჯერჯერობით არ ჩანს, რომ მისმა დაბრუნებამ პარტიაში რამე ცვლილება მოიტანა.

„რეზონანსთან" საუბრისას, საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლა-გასვლაზე არაა დამოკიდებული „ქართული ოცნების" რეიტინგი. მისი თქმით, მმართველი პარტიის რეიტინგი დამოკიდებულია „ნაცმოძრაობაზე" და ზოგადად ოპოზიციიის მიუღებლობაზე ელექტორატში.

„გირჩის" ლიუდერი იაგო ხვიჩია ფიქრობს, რომ ივანიშვილის დაბრუნება „ოცნების" რეიტინგზე დადებითად არ აისახება. ოპოზიცია კი მძიმე დღეშია.

„ოპოზიცია რომ მძიმე დღეშია, ეგ ისედაც ცხადია, ეჭვი არავის არ ეპარება. უბრალოდ, როცა ამას „ქოცები" ამბობენ, მე ჩემს თავზე არ ვიღებ. როცა ამბობენ, რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, პირველ რიგში იგულისხმება, რომ მათ იდეები არ გააჩნიათ და მე და ჩემი პარტია ამით განსხვავებულები ვართ.

„რაც შეეხება 60%-იან ამბავს, 60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას", როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა, და მითუმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია. შესაბამისად, ისინი საკუთარ თავს, ერთმანეთს და მხარდამჭერებს ამხნევებენ.

„მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ხალხის გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება - „ქოც-ნაცურ" ქვეყანაში, თუ რამე განსხვავებულში", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

როგორც ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ამბობს, ჯერჯერობით არ ჩანს, თუ როგორ მოქმედებს ივანიშვილის დაბრუნება პარტიის შიგნით არსებულ სიტუაციაზე, რადგან 30 დეკემბრის შემდეგ რაიმე ცვლილება არ შეინიშნება „ოცნებაში".

„გარედან ჯერჯერობით არ ჩანს რაიმე განსხვავება პარტიის მდგომარეობაში ივანიშვილამდე და ივანიშვილის მოსვლის შემდეგ. სიტუაცია ჯერჯერობით ერთნაირია და ვნახოთ, ჯერ ცოტა დროა გასული. თან მისი დაბრუნება ახალი წლის დღეებს დაემთხვა. შესაძლოა თავად ივანიშვილს არც აქვს ჩამოყალიბებული კონკრეტულად ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადადგას. სტრატეგიული ჩანაფიქრი ალბათ აქვს, მაგრამ ამას განხორციელება და ტაქტიკა უნდა და შესაძლოა ამ მხრივ ყველაფერი ჯერ მომზადებული არაა. მაინც მგონია, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე მოხდება ის ძირითადი ცვლელებები, რაც ივანიშვილს აქვს ჩაფიქრებული", - განაცხადა ანალიტიკოსმა.

კითხვაზე, ივანიშვილის დაბრუნება „ოცნების" მხარდამჭერებში ხომ არ აღიქმება, როგორც პარტიაში კრიზისის ნიშანი, რამაც შესაძლოა რეიტინგი შეუმციროს პარტიას, საყვარელიძემ გვითხრა:

„ოცნების" რეიტინგი ცალკე, როგორც ასეთი, თითქმის არ არსებობს, იმ მხრივ, რომ ის მიბმულია „ნაციონალების" რეიტინგზე - „ნაციონალების" მიუღებლობაა ერთ-ერთი მექანიზმი, რითაც „ოცნება" თავის რეიტინგს ინარჩუნებს, გარდა საკუთარი მოღვაწეობისა. ამიტომ ივანიშვილის ფიგურაც შეიძლება არ არის ისეთი მნიშვნელობის, როგორც ის, თუ რა ხდება თავად ოპოზიციაში.

„ნათქვამის ილუსტრაციისთვის შეიძლება მოვიყვანო სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებული საპრეზიდენტო არჩევნები - როცა პორველ ტურში ენმ-ის კანდიდატის შედეგები ზურაბიშვილისას გაუთანაბრდა, მეორე ტურში მოსახლოება მობილიზდა, უფრო აქტიურად ჩაერთო და ზურაბიშვილი გავიდა. მართალია, იმ პროცესებში ივანიშვილიც ჩაერთო, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მის სიტყვაზე უფრო მეტად თვითონ რეალობამ იმოქმედა - რომ შესაძლოა ხელისუფლების ერთერთი შტო „ნაციონალების" ხელში აღმოჩენილიყო. ანალოგიური იქნება ახლაც.

„რასაც „ფეისბუქზე" ვუყურებ, მემგონი ივანიშვილის ტექსტი მისმა მომხრეებმაც გაიზიარეს. კერძოდ ის, რომ მისი მობრუნება იმით კი არაა განპირობებული, რომ „ქართულ ოცნებას" რეიტინგის თვალსაზრისით გაუჭირდა, არამედ პირიქით, პარტიისთვის ახლა რეიტინგი ადვილია და შესაძლოა შემდეგ შიგნით „ოცნებაში" წარმოიშვას სირთულეებიო - ივანიშვილმა თქვა. დაჯგუფებები, დაყოფა და ა.შ. - ყველა ჯგუფშია ეს კანონზომიერება, რომ თუკი მას გარედან არ ერჩიან, შიგნით იწყება დაპირისპირების პროცესები. გარედან, ანუ „ნაციონალების" მხრიდან დაპირისპირება არც ივანიშვილისგან იყო ნახსენები, როგორც საფრთხე და არც მის მხარდამჭერებში აღიქმება საფრთხედ.

„გარდა იმისა, რომ „ოცნების" მხარდამჭერებმა ივანიშვილის პოზიცია გაიზიარეს, ამას ხელს უწყობს თვითონ ენმ-ს ნაბიჯები - განცხადებები, რომლებიც სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებს", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

იგი „გირჩის" დეპუტატ იაგო ხვიჩიას განცხადებასაც გამოეხმაურა, რომ „60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას", როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა და მითუმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია".

„იმ შთაბეჭდილებებიდან გამომდინარე ვამბობ, რაც მოსახლეობის შეფასებებიდან მრჩება - არ მგონია ივანიშვილის შემოსვლა-გასვლაზე იყოს დამოკიდებული „ქართული ოცნების" რეიტინგი. უფრო მეტად მიმაჩნია, რომ მისი რეიტინგი დამოკიდებულია „ნაცმოძრაობაზე" და ზოგადად ოპოზიციაზე. ითქვა კიდეც ადრე იმავე ოპოზიციის და იმავე „გირჩის" მხრიდან, რომ „ოცნებას" ენმ სჭირდებაო. იგივე შინაარსის მოსაზრება გახარიას მხრიდანაც გამოითქვა და თუკი ასეა, ესე იგი „ნაცმოძრაობის" შცდომებზეა დამკიდებული „ოცნების" რეიტინგი. მაშინ რა შუაშია ივანიშვილი შემოვა თუ არა?! ბატონ იაგოს პოზიცია წინააღმდეგობრივია", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×